აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

არსი და ენერგია

ღმრთის არსისა და ენერგიის ცნებათა განსასხვავებლად წარმოვადგენთ წმ. გრიგოლ პალამას სწავლების ძირითად დებულებებს: 1. ღმრთის არსი და არსობრივი ენერგია «განსხვავდებიან გარეშე სხვადასხვაობისა». არსი არსებობს თავისთავად, ხოლო ენერგია – არა. არსი მიზეზია ენერგიისა. არსი უზიარებელია (სხვაგვარად, იგი არაფერთან კავშირში არ შედის), ხოლო ენერგიასთან თანაზიარება (ხილვა, განცდა) დასაშვებია. არსზე საუბარი შეიძლება მარტო მხოლობით რიცხვში, ხოლო ენერგიაზე მრავლობით რიცხვშიც შეიძლება ვისაუბროთ. 2. ენერგია არის «შეუქმნელი და ბუნებითი მადლი და ბრწყინვალება, რომელიც გამოუვალად გამოდის» ღმრთის არსისაგან. 3. ვასხვავებთ რა ღმერთში არსსა და ბუნებრივ ენერგიას, ჩვენ ორღმერთობა არ შემოგვაქვს და ღმრთის მარტივობას არ ვარღვევთ, რადგან კაცის გონებასაც, წმ. გრიგოლ ნოსელის აზრით, არავინ უწოდებს შედგენილს მხოლოდ იმიტომ, რომ მას, გარდა თავისი არსისა, კიდევ სხვადასხვა ქმედება, უნარი და აზრი აქვს. 4. ენერგიის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ სახელი «ღმრთეებისა», ვინაიდან ენერგია ღმრთის არსისაგან განუყოფელია. ერთი და იგივე ღმერთი მყოფობს თვისი მიუწვდომელი არსით და იმავდროულად თავის თავს მთლიანად გამოავლენს (თანაზიარებულჰყოფს) თვისი მადლით. საღმრთო ენერგიები – ეს თვით ღმერთია. ისინი ღმრთის არსის გარეთ მისი (ღმრთის) განსაკუთრებული ყოფიერების სახეს წარმოადგენენ. 5. გარდამოცემის თანახმად, თქმა იმისა, რომ არსი აღმატებულია (უფროჲს არს) ენერგიაზე, დასაშვებია (რადგან ენერგია გამოდის არსისაგან, და არა არსი – ენერგიისაგან). 6. თანაზიარება ღმერთთან არის თანაზიარება მის ენერგიებთან. «როცა ვამბობთ, რომ საღმრთო არსთან ზიარება შესაძლებელია არა თავისთავად, არამედ მისი ენერგიების მეშვეობით, ჩვენ მართლმორწმუნეობის საზღვრებში ვრჩებით». 7. ნათელი ფერისცვალებისა არა შექმნილი, არამედ ღმრთეების მარადიული ბრწყინვალებაა. «ღმერთს ეწოდება ნათელი არა თვისი არსის, არამედ თვისი ენერგიის მიხედვით». საღმრთო ნათელის ხილვა გრძნობიერი თვალითაც და გონებითაც შესაძლებელია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9