მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოწყალე სამარიტელი

(ლკ. 10,30-35) – „ვინ-მე იყო კაცი იგი ერთი, რომელი გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ? ესე კაცი ადამი იყო, რომელი დამკჳდრებულ იყო სამოთხესა შინა, რამეთუ იერუსალჱმი სამოთხედ გამოისახვის. ესე ადამი სამოთხესა შინა ვიდოდა, იმოთხვიდა და იშუებდა და იხარებდა. აჰა, ავაზაკნი დაესხნეს მას, რომელთაცა განძარცუეს იგი და წყლულებაჲ დიდი დასდვეს მას ზედა და სიკუდიდ მიაწიეს იგი და წარვიდეს.

ხოლო ავაზაკნი იგი ეშმაკნი არიან. მოვიდა ეშმაკი სამოთხედ და პოვა ადამი, სამოთხესა შინა, შემკული და შემოსილი მადლითა მით სულიერითა. მუნქუესვე შეიპყრა იგი, განძარცუა შურითა მით გესლიანითა და აცთუნა და მოწყლა იგი წყლულებითა დიდითა და მო-ცა-აკუდინა იგი სიკუდილითა მით საუკუნოჲთა, განკიცხა, განაქიქა და განბასრა და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და წარვიდა. იდვა ადამი განძურცილი და განშიშულებული, წყლული და მომკუდარი. ეძიებდა შემწესა და არავის ჰპოებდა. მას ჟამსა იხილა უფალი, მომავალი სამოთხედ, და დაემალა ადამი შიშულოებისა მისგან და სულითა წყლულ იყო იგი... და გამოხადა უფალმან ადამი სამოთხისა მისგან. მოვიდა ეშმაკი და კუალად ჰპოვა ადამი მარტოდ გარეშე სამოთხესა მას, ვითარცა ცხოვარი გარეშჱ ბაკსა. რამეთუ რაჟამს განეყენის მადლი ღმრთისაჲ კაცთაგან, მაშინ მარტოჲ დარჩის იგი. ვითარცა იხილა ეშმაკმან, რამეთუ მარტოჲ იყო ადამი, შეიპყრა იგი, ვითარცა მჴეცმან ბოროტმან, და სრულიად მოაკუდინა იგი, წარიტაცა და შეავლნა მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მუნ დააგდო იგი გზასა ზედა ქუესკნელისასა და წარვიდა.

„მღდელი ვინმე მოვიდოდა მასვე გზასა. მიემთხჳა ადამს, იხილა იგი და თანა-წარჰჴდა“... ესე მღდელი აჰრონ იყო, რომელი უძღოდა მოსეს თანა ერსა მას ისრაჱლისასა. ესე აჰრონცა მო-ვე-კუდა და შევლნა მან ბჭენი ჯოჯოხეთისანი და იხილა ადამი გზასა ზედა დაცემული და თანა-წარჰჴდა. და ეგრევე სახედ ლევიტელი ვინმე მივიდოდა მასვე გზასა. ესე ლევიტელი მოსე იყო შჯულისმდებელი, რომელი მოკუდა. მანცა შევლნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, მიემთხჳა, იხილა ადამი გზასა ზედა დაცემული და იგიცა თანა-წარჰჴდა. „სამარიტელი ვინმე მგზავრ მოვიდოდა და მიემთხჳა იგი მას, იხილა და შეეწყალა იგი“... არა თუ სამარიტელი, არამედ მარიამისგან შობილი (არს ესე), რომელი სამარიტელად იწოდა ჰურიათა მიერ... „მოვიდა და შეუხჳა წყლულებაჲ იგი მისი“.

რაჲ-მე არს სახუეველი იგი წყლულებისა მის ჩუენისაჲ? ესე არს, რამეთუ შეცოდებათათჳს ყოვლისა სოფლისათა იწყლა იგი და ჩუენ წყლულებითა მისითა განვიკურნენით. „და დაასხა მას ზედა ზეთი და ღჳნოჲ“. ზეთი იგი, რომელ დაასხა, ესე არს დიდი იგი მოწყალებაჲ მისი, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რომელ არს ესე წყლითა ნათლისღებაჲ და ზეთითა, და ცხებითა მით ზეთისაჲთა მივემთხუევით მოსლვასა სულისა წმიდისასა ჩუენ ზედა. ხოლო ღჳნოჲ იგი, რომელ დაასხა, ესე არს წმიდაჲ და პატიოსანი უჴრწნელი სისხლი მისი, რომელი დასთხია და მოგუცა ჩუენ, რაჲთა მოვიღოთ მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა. „და აღსუა იგი კაჰრაულსა თჳსსა ზედა“. ესე არს, რამეთუ კარაული იგი სიმდაბლედ და ჯუარად გამოისახვის, რამეთუ დიდსა მას სიმდაბლესა მისსა და პატიოსანსა ჯუარსა მოკიდებულ არს სასოებაჲ ჩუენი. „და შეიყვანა იგი პანდუქიონსა“. ხოლო პანდოქიონი გამოითარგმანების – ყოველთა შემწყნარებელი... რომელ არს ეკლესიაჲ. ამისთჳს ეტყჳს წმიდასა ეკლესიასა: აჰა ესერა, მიგცემ შენ ორსა დრაჰკანსა, რომელ არს წმიდაჲ ჴორცი ჩემი და პატიოსანი სისხლი ჩემი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9