აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აპო

აპოფატიკური ღმრთისმეტყველება

ღმერთი სამყაროს მიმართ ერთდროულად ტრანსცენდენტურიც (მიღმური) არის და იმანენტურიც (შინაგანი), ამიტომ არსებობს ურთიერთდაკავშირებული ორი გზა ღმრთისმეტყველებისა: აპოფატიკური (გზა უარყოფისა) და კატაფატიკური (გზა მტკიცებისა). ღმერთი თვისი არსით მიუწვდომელია. მასზე არ შეიძლება ითქვას, თუ როგორი არის იგი. არეოპაგელი წერს, რომ ღმერთი ყველა სახელსა და განსაზღვრებაზე მაღლა დგას. იგი, ჩვენთვის ცნობილი აზრით, არ არის არც გონება, არც სიტყვა, არც აზრი, არც რიცხვი, არც სიდიდე, არც ძალა, არც ნათელი, არც ცხოვრება, არც არსი, არც დრო, არც მარადიულობა, არც ჭეშმარიტება, არც მეუფება, არც სიბრძნე, არც ღმრთეება, არც სიკეთე და არც სული. იგი შეუძლებელია მოიცვას აზრმა ან აღწეროს სიტყვამ, და ამ გაგებით ღმერთი შემეცნების საგანი არ არის. ამიტომ ღმრთისაკენ აღსვლის დროს მართებულია გზა აპოფატიკისა. ეს არის უარყოფის გზა ღმრთის ყველა შესაძლო თვისებისა, რომელიც ქმნილებას ახასიათებს, უარყოფა ყველაფრისა, რაც თუნდაც ნაწილობრივ შესაძლოა გონებრივად იქნეს შეცნობილი და სიტყვიერად ახსნილი. აპოფატიკური უარყოფა გამოიყენება შექმნილ სამყაროზე ღმრთის უსაზღვრო აღმატებულობის დასასაბუთებლად და ღმრთის ყოფიერების ათეისტურ უარყოფასთან მისი აღრევა დაუშვებელია. აპოფატიკური შემეცნების გზა ასკეტურია, რომელიც განწმენდისა და ექსტაზის ეტაპებს მოიცავს: პირველი უვნებობის, «ისიხიის» მდგომარეობით მიიღწევა – რაც არის მყუდროება გონებისა და გრძნობებისა, რომელნიც ლოცვის საშუალებით ერთად არიან შემოკრებილნი; ხოლო მეორე ეტაპი სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებას გულისხმობს, რომლითაც მადლშემოსილი მოღვაწე ღმრთეებას გამოუთქმელად უერთდება. ამ დროს ღმერთი შეიცნობა არა ცალკეულ ქმედებათა, ან ენერგიათა მიხედვით, არამედ არსებითად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსი ღმრთისა რაციონალურად შეიცნობა (მსგავსად ევნომიოსის სწავლებისა); პირიქით, არსის შემეცნება ღმრთის გამოუთქმელობაზე, უსაზღვროობასა და მიუწვდომლობაზე დაიყვანება.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9