მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მონტანიზმი

II-III სს-ის მწვალებლობათა შორის მონტანიზმი განსაკუთრებული სახის მოვლენას წარმოადგენს. ანტიტრინიტარიზმის საპირისპიროდ, მისი ამოსავალი პუნქტი ის იყო, რომ სარწმუნოებრივ საქმეში გონების მონაწილეობას უარყოფდა. მისი დამაარსებელი იყო სრულიად განუსწავლელი კაცი, ვინმე მონტანი (II ს., II ნახ.). ქრისტიანობაზე მოქცევიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ იგი ფრიგიის პეპუზაში თავისი სწავლებით გამოვიდა (ამიტომ ეწოდებათ მონტანისტებს კიდევ პეპუზელები და ფრიგიელები). მონტანი ფანატიზმამდე მისული მკაცრი კეთილმსახურების დამცველი იყო, რაც გარეგნული წესების აღსრულებით გამოიხატებოდა. მას საეკლესიო დისციპლინის გამკაცრების სურვილს ასევე უძლიერებდა ცრურწმენა მესიის ათასწლოვანი მეუფების დადგომის შესახებ, რომლისთვისაც მომზადება იყო საჭირო. წარმოიდგინა რა თავი ღმრთივშთაგონებულ წინასწარმეტყველად, ანუ პარაკლიტად (ნუგეშინისმცემლად), მან ეგზალტაციის მდგომარეობაში დაიწყო ქადაგება თავის დანიშნულებაზე, კერძოდ, რომ ეკლესია გრძნობადი მინარევებისგან უნდა გაეწმინდა და მისი წევრები სრულყოფილებამდე მიეყვანა. ამისთვის კი მონტანისტები მოითხოვდნენ უმკაცრეს ასკეტიზმს, კრძალავდნენ ქორწინებას, დამატებით აწესებდნენ განსაკუთრებულ მარხვებს; დევნის შემთხვევაში, მორწმუნეს ყველა ღონე უნდა ეხმარა მოწამის გვირგვინის მისაღებად; თუ ვინმე რაიმე მიზეზით განეშორებოდა ეკლესიას, უკვე მისი დაბრუნება ეკლესიაში გამოირიცხებოდა; ასევე ეკლესიაში მიღება ეკრძალებოდათ მძიმედ შემცოდეთ, თუნდაც მათ მოენანიებინათ; ქალებს ყოველთვის სამგლოვიარო ფერის სამოსი უნდა ცმოდათ; მათი უკიდურესობა საერთოდ ხელოვნებისა და მეცნიერების უარყოფამდეც მივიდა. მონტანისტები თავიანთ წინასწარმეტყველებს ეპისკოპოსებზე მაღლა აყენებდნენ და ამით, ფაქტობრივად, უარყოფდნენ საეკლესიო იერარქიის მნიშვნელობას. მონტანიზმი განსაკუთრებით დასავლეთში იყო გავრცელებული. II ს-ში რომის ეპისკოპოსები, ელეფთერი და ვიქტორიც იყვნენ გატაცებულნი მონტანისტური იდეებით. კართაგენის ეკლესიამ ძლიერ შეითვისა მონტანის შეხედულებები; ხუცესმა ტერტულიანემ მონტანისტური სწავლების სისტემაც კი შექმნა. პეპუზაში დამკვიდრებული პატრიარქის მმართველობით მონტანისტებმა VI ს-ის შემდეგაც იარსებეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9