მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოდალისტები

(II ს.) – მონარქიანული, ანუ ანტიტრინიტარული მიმართულების მწვალებლები. მოდალისტთა ერესის ფუძემდებლები იყვნენ პრაქსეი და ნოეტი, ხოლო მთავარი წარმომადგენელი – საბელიოს პტოლომაიდელი, ყოფილი რომაელი ხუცესი, ცხოვრობდა III ს-ის შუა ხანებში. არსი მისი სწავლებისა ასეთია: ღმერთი არის უცილობელი ერთი, განუყოფელი, თავის თავში ჩაკეტილი და უპირო (უჰიპოსტასო) მონადა. საუკუნითგან იგი იმყოფებოდა უმოქმედო და მდუმარე მდგომარეობაში, მაგრამ შემდეგ ღმრთეება გაიხსნა, წარმოთქვა თავისი სიტყვა (ლოგოსი) და დაიწყო მოქმედება. მისი მოქმედება პირველად ქვეყნიერების შექმნით გამოვლინდა, ხოლო შემდეგ მას მოჰყვა სხვა ქმედებანი. ძველ აღთქმაში ღმერთი ცხადდებოდა როგორც სჯულმდებელი – მამა ღმერთი, ხოლო ახალ აღთქმაში როგორც მხსნელი – ძე ღმერთი, ხოლო მეერგასე დღის შემდეგ როგორც განმწმედელი – სულიწმიდა. სულიწმიდის ერაც დასრულდება და მონადა კვლავ დაუბრუნდება თავდაპირველ მყუდროების მდგომარეობას. – აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ერთი ღმრთიური არსების მიერ გამოცხადებული „სამება“ და არა სამება ჰიპოსტასებისა. მამა, ძე და სულიწმიდა მარტო დროებითი სახეები, ანუ მოდუსებია (სექტის სახელწოდებაც აქედან წარმოსდგება), რომლითაც დროდადრო ინიღბება თავისთავად უპირო მონადა ღმრთეებისა. საბელიოსობა დიდად იყო გავრცელებული ალექსანდრიის ეკლესიაში, განსაკუთრებით ლიბიაში III ს-ის 60-იან წლებში. ამ ცრუ სწავლების შეუპოვარი მოწინააღმდეგე იყო წმ. დიონისე ალექსანდრიელი, რომელმაც საბელიოსი ალექსანდრიის 261 წლის კრებაზე დაგმო. ერთი წლის შემდეგ რომის ეპისკოპოსმა დიონისემ ადგილობრივ კრებაზე დაადასტურა ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილება და საბელიოსის წინააღმდეგ რამდენიმე ეპისტოლე გამოსცა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9