მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მანი

(216-274/277) – ამ ერეტიკოსის სახელის თანამედროვე დაწერილობა ასეთია. ბერძენი საეკლესიო ავტორები ჩვეულებრივ თარგმნიდნენ როგორც ΜάνηЅ“, რაც ხშირად იწვევდა ასოციაციას სიტყვისა μανείЅ“ – „შეპყრობილი“; ზოგჯერ ისინი ამ სახელს გადმოსცემდნენ სიტყვით „მანიქეველი“ (ΜαυιχαιόЅ). „მანიქეოზნი იტყჳან, ვითარმედ საუცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲო“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959;კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) . მანიქეველობა არის ერესი ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც სპარსეთში III ს-ის მეორე ნახევარში გაჩნდა. ამ დროს, როცა პოლიტიკური წყობის ცვლილებებს მოგვთა შორის განხეთქილება მოჰყვა, ასპარეზზე გამოვიდა ერთ-ერთი მოგვი, განსწავლულობით განთქმული მანი, რომელმაც ქრისტიანობისა და ზოროასტრის დუალისტური რელიგიის გაერთიანება მოინდომა. თავიდან მოინათლა და მღვდელიც კი გახდა, მაგრამ თავისი დუალიზმის გამო ეკლესიისგან განკვეთილ იქნა. ამის შემდეგ, მოგვთა მოწინააღმდეგე პარტიის გავლენით, იძულებული შეიქნა ინდოეთში გაქცეულიყო (დაახ. 270 წ.). სადაც მღვიმეში ჩაიკეტა, თავისი სისტემა შექმნა და გადმოსცა თხზულებაში სახელწოდებით ენტერკი-მანი, რომელმაც მისი მიმდევრებისთვის სახარება შეცვალა. სპარსეთში დაბრუნების შემდეგ, ისევ მოგვთა ხრიკებში გაება და მეფე ვარან I-ის მიერ დასჯილ იქნა. მანიქეველთა სისტემა ამგვარია: საუკუნითგან არსებობს დაპირისპირებული ორი სამეფო – სიკეთისა და სინათლის სულიერი სამეფო და ბოროტებისა და წყვდიადის ნივთიერი სამეფო. პირველში მბრძანებლობს კეთილი ღმერთი, მეორეში კი – ბოროტი დემონი. სინათლის მამამ სამეფოს დასაცავად თავისი თავიდან წარმოშვა ეონი – დედა სიცოცხლისა, რომელმაც თავის მხრივ ბნელ სულებთან საბრძოლველად წარმოქმნა ახალი ეონი – პირველი კაცი, რომელსაც მანიქეველები კიდევ უწოდებენ ქრისტეს, იესოს, სიტყვას, ძე ღმერთს. დემონებთან ბრძოლაში მის დასახმარებლად სინათლის მამა წარმოშობს სხვა ეონს – ცხოველმყოფელ სულს. იესო მოდის დედამიწაზე, მაგრამ იღებს მხოლოდ სახეს კაცი-ქრისტესი (დოკეტიზმი), ადამიანებს უცხადებს მათი სულიერი წარმომავლობის შესახებ და ასწავლის, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ მატერიისგან. თუმცა ადამიანებმა დაამახინჯეს ეს სწავლება, მაგრამ ქრისტემ აღუთქვა მათ წარმოგზავნა პარაკლიტისა – ნუგეშინისცემის სულისა, რათა ყოველგვარი მინარევისაგან გაეწმინდა მისი მოძღვრება. მართლაც, პარაკლიტი მოვიდა მანის სახით და მან გახსნა სასუფეველი ცათა. მანის სწავლებით, მატერიისგან გათავისუფლების საშუალება მკაცრი ასკეტიზმია. ამიტომ ის კრძალავდა ქორწინებას, ღვინისა და ხორცის მიღებას, ასევე მცენარეთა ნაყოფის მოკრეფას და ცხოველთა დაკვლას. მსოფლიო ცხოვრების უკანასკნელი აქტი იქნება თავდაპირველი დუალიზმის აღდგენა, როცა ხილული სამყარო დაიწვება და მსოფლიო სული (იესო) დაუბრუნდება თავის წყაროს. სატანა თავისი სამეფოთი უკვე ძალას დაკარგავს. ბრძოლა მატერიალურსა და სულიერ საწყისებს შორის, ღმერთსა და ეშმაკს შორის, მატერიის დაღუპვითა და სულის განთავისუფლებით უნდა დამთავრდეს. მანიქეველთა სექტა უპირატესად გავრცელდა რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში და განსაკუთრებით ძლიერი IV-V სს-ში იყო. მანიქეველთა წინააღმდეგ მკაცრ კანონებს გამოსცემდნენ დიოკლეტიანე (287 წ.) და IV-V სს-ის ქრისტიანი ხელმწიფენი, მაგრამ მათი სექტა არ განადგურდა. იგი დროდადრო იმალებოდა და შემდეგ ისევ ჩნდებოდა, ოღონდ უკვე სხვა სახელწოდებით.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9