აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა VI მსოფლიო კრებისა

(დიოთელიტური დოგმატი) – „აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, რომელი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა, ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა ბუნებითა კაცობრივითა, ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, მხოლოდშობილი ორითა ბუნებითა შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებლად ცნობილი, რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიჴსნა ერთობითა მით გუამისაჲთა, არამედ უფროჲსღა მტკიცე-იყო თჳთება ორისა ბუნებისა, შეკრებული ერთ პირად და ერთ გუამად. რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა ანუ განეყო ორგუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უფალი იესუ ქრისტჱ ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველითგან წინაწარმეტყუელთა ქადაგეს და თავადმან იესუ ქრისტემან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავლეს, ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა, ხოლო ორთა მათ ბუნებითთა ნებათა არა წინააღმდგომთა. ნუ იყოფინ, ვითარცა ურჩულონი იგი მწვალებელნი იტყჳან, რამეთუ: „შეუდგა კაცობრივი იგი ნებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა და არა წინააღმდგომ იყო, ანუ მბრძოლ, არამედ უფროჲსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლად ძლიერსა ნებასა მისსა“. რამეთუ ჯერ იყო ნებისა მის ჴორცთაჲსა აგებულებაჲ და დამორჩილებაჲ ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყჳს დიდი ათანასე, რამეთუ: „ვითარცა ჴორცნი მისნი ჴორც სიტყჳსა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნებაჲ ჴორცთა მისთაჲ თჳსად სიტყჳსა ღმრთისა ითქუმის და არს“. ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „გარდამოვჴედ ზეცით. არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“. თჳსად ნებად ნებასა მას ჴორცთასა იტყოდა, რამეთუ ჴორცნიცა მისნი იყვნეს; და ვითარცა წმიდანი იგი და უბიწონი ჴორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თჳსსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისაჲთა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროჲსად განემტკიცა, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ გრიგოლი ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „ნებაჲ იგი კაცებისაჲ არა წინააღმდგომ საღმრთოსა ნებასა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ საღმრთოსა ნებასა“. ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა აღვიარებთ, ესე იგი არს საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა, ვითარცა იტყჳს ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ: „თითოეული ბუნებაჲ მისი იქმს წესსა თჳსსა ზიარებითა მეორისაჲთა“. ბუნებაჲ იგი სიტყჳსაჲ იქმს საქმეთა სიტყჳსათა. და ბუნებაჲ ჴორცთაჲ იქმს რაჲ-იგი შეჰგავს ჴორცთა, რამეთუ არა ეგების თქუმად, თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისაჲ და ჴორცთაჲ, რაჲთა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლე იგი და საკჳრველებაჲ საღმრთოჲსა ბუნებისაჲ დაბადებულთა და განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ. ერთისა უფლისა, ერთისა ქრისტესა ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა, არამედ სხუადასხუად სახედ შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთაგან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კჳრილე თქუა“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9