ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბიბ

ბიბლიის კანონიკური წიგნები

თეოდორე აბუკურას მიხედვით, ძველი აღთქმის წიგნები ასე ჯგუფდებიან: თხრობითნი, წინაჲსწარმეტყუელებითნი, მასწავლელობითნი და საგალობელად ოდენ შექმნილნი. თხრობითნი წიგნნი:

I. დაბადებაჲ. კაცის შექმნიდან იოსების სიკვდილამდე.

II. გამოსლვაჲ. ეგვიპტიდან გამოსვლის დროიდან სჯულის მიღებამდე.

III. რიცხუთა. ისრაიტელთა ტომთა და მთავართა აღრიცხვა.

IV. ლევიტელთა. ლევიტელ მღვდელთა მსახურების წესები.

V. მეორე სჯულისა. შემოკლებული მონათხრობი გამოსვლიდან სინამდე; ვრცლად აღწერილი სჯული. (აქამდე ჩამოთვლილი ხუთწიგნეული მოსესია).

VI. ისო ნავესი. უდაბნოდან აღთქმულ ქვეყანაში ისრაიტელთა შეყვანა.

VII. მსაჯულთა. მსაჯულთა დადგინება.

VIII. რუთისი. მოაბელი დედაკაცის, დავითის პაპის დედის, რუთის ამბავი.

IX-X. მეფეთა. ორ წიგნში შეკრებილია ოთხი თავი ისრაელისა და იუდეას მეფობის ისტორიისა, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის მოოხრებამდე.

XI. ნეშტთა. მეფობის დროის შემავსებელი თხრობანი.

XII. ეზრასი. იუდეანთა ტყვეობის შემდგომი ამბებიდან კვიროს სპარსის მოსვლამდე.

საწინასწარმეტყველონი წიგნნი: I. ესაიასი. II. იერემიასი. III. ეზეკიელისა. IV. დანიელისა. V. ათორმეტი (მცირე) წინასწარმეტყველისა [ოსესი, იოველისა, ამოსისი, აბდიასი, იონასი, მიქიასი, ნაუმისი, ამბაკუმისი, სოფონიასი, ანგიასი, ზაქარიასი, მალაქიასი].

სწავლითნი წიგნნი: I. იობისა. II. იგავნი. III. ეკლესიასტე. IV. ქებაჲ ქებათაჲ (ბოლო სამი წიგნი სოლომონისია).

საგალობელი: ფსალმუნნი. „ესე უკუე არიან ოცდაორნი წიგნნი ძუელისა წერილისანი. ხოლო ახლისანი არიან ექუსნი, რომელთაგანთა ორთა შინა არიან ოთხნი მახარებელნი, რამეთუ ერთსა მას შინა წერილ არიან მათე და მარკოზ, ხოლო მეორესა – ლუკა და იოანე. და მესამე არს საქმენი მოციქულთანი, მეოთხე – კათოლიკენი ეპისტოლენი შჳდნი: პირველი – იაკობისი, მეორე და მესამე –პეტრესნი, მეოთხე და მეხუთე და მეექვსე – იოანესნი, ხოლო მეშჳდე – იუდაჲსი, რომელნი კათოლიკედ იწოდებიან ამისთჳს, რამეთუ არა ერთისა ნათესავისა მიმართ მიწერილ არიან, ვითარ-იგი ეპისტოლენი პავლესნი, არამედ – საზოგადოდ ყოველთა მიმართ. და მეხუთე წიგნი – ათოთხმეტთა პავლეს ეპისტოლეთაჲ, ხოლო მეექუსე – გამოცხადებაჲ იოანე ღმრთის-მეტყუელისაჲ. და ესე არიან განკანონებულნი წიგნნი ეკლესიასა შინა, ძუელნი და ახალნი“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) ბიბლიური წიგნების აღრიცხვა იხ. აგრეთვე: წმ. ეპიფანე კვიპრელისა (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და წმ. ამფილოქე იკონიელისა (დიდი სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.) , წმ. ათანასე დიდისა (დიდი სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.)

Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9