და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დუა

დუალიზმი

L. dualis – ორობა
ეს არის ფილოსოფიური სწავლება, რომელიც მიიჩნევს, რომ ყოველივეს საფუძველი თანასწორუფლებიანი, ერთმანეთზე დაუყვანელი ორი დასაბამია: იდეალური და მატერიალური. დუალიზმის ტიპური წარმომადგენელია ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი (V-IV სს. ქ-მდე). მისი სწავლებით, არსებობს უმაღლესი და უცვალებელი სამყარო საღმრთო იდეებისა. იდეათა სამყაროს დაბლა იმყოფება დემიურგი (ბერძ. δημιούργοϛ“ – ხელოსანი, შემოქმედი). ეს არის შემოქმედი და მამა ჩვენი ქვეყნიერებისა, შემქმნელი ქვემდგომი ღმერთებისა, მსოფლიო სულისა და ადამიანთა სულების უკვდავი ნაწილისა. იგი ქმნის კოსმოსს მისი თანამარადიული მატერიისგან (რაღაც უფორმო მასისგან), რომელიც მუდმივი უწესრიგო მოძრაობით იყო დანაწევრებული. დემიურგი მარადიულ პირველსახეთა მიხედვით, რომლებიც ღმრთეებრივ იდეებში არის მოცემული, გადაამუშავებს პირველმატერიას (პრამატერიას). დემიურგი პირდაპირი მნიშვნელობით არ არის შემოქმედი, რადგან არც პირველსახე და არც პრამატერია მასზე დამოკიდებულნი არ არიან. უფრო მეტიც, იგი არც ყოვლადძლიერია, ვინაიდან მის მისწრაფებას – ყველაფერი მოაწყოს, რაც შეიძლება კარგად – ეწინააღმდეგება მატერია. ფილონ ალექსანდრიელმა (I ს. ქ-მდე) პლატონისეული დემიურგი გააიგივა ლოგოსთან (ბერძ. λόγοϛ“ – აზრი, იდეა, სიტყვა), რომელსაც იგი ღმრთის უმაღლეს ქმნილებად თვლიდა. ლოგოსის საშუალებით ღმერთი ქმნის სულიერ და ნივთიერ სამყაროს. გნოსტიკოსები (I-III სს.), მიიჩნევდნენ რა მატერიას აბსოლუტურ ბოროტებად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დემიურგი წყაროა მსოფლიო ბოროტებისა. მათი სწავლებით, არსებული სამყარო ანტიპოდი, სრული წინააღმდეგობაა ღმერთისა. ამოსავალი პუნქტი გნოსტიკოსთა დიდი ნაწილის მსოფლმხედველობისა დუალიზმი იყო. ყოფიერებისა და სიცოცხლის ძირითად საწყისებად ისინი მიიჩნევდნენ, ერთი მხრივ, უზენაეს არსებას, ანუ უმაღლეს სულს, ხოლო მეორე მხრივ – მატერიას. მათი აზრით, უზენაესი არსება იყო დამოუკიდებელი საწყისი ნათელისა და სიკეთისა, წყარო სულიერი სიცოცხლისა; ხოლო მატერია, პირიქით, გრძნობიერი, მატერიალური სიცოცხლისა და ბოროტების დამოუკიდებელ საწყისს წარმოადგენდა. მთელი მსოფლიოს არსებობის განმავლობაში გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას, სულიერ და მატერიალურ საწყისთა შორის; ამასთან, სული მატერიის ბორკილებისგან გათავისუფლებისკენ ისწრაფვის, ხოლო მატერია მის შეკავებას ცდილობს. ყველა გნოსტიკოსის საერთო წარმოდგენით, მსოფლიო ცხოვრების ბოლო აქტი უნდა ყოფილიყო ყველაფრის აღდგენა, ანუ აღდგენა პირველყოფილი დუალიზმისა; როცა სულიერი ელემენტი შეერწყმებოდა თავის წყაროს, ხოლო მატერია ისევ დაუბრუნდებოდა ქაოსურ მდგომარეობას, საიდანაც იყო გამოხმობილი. დუალიზმი მანიქეველობისთვისაც (III-XI სს.) დამახასიათებელი იყო.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9