და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დინ დიო

დინამისტები

მონარქიანული, ანუ ანტიტრინიტარული მიმართულების მწვალებლები. წარმოიქმნენ II ს-ში. დინამისტური მონარქიანობის წარმომადგენლები ალექსანდრიიდან იყვნენ: თეოდოტე დაბაღი, თეოდოტე მეკერმე და არტემონი. მონარქიანობის ეს სახე განსაკუთრებით განავითარა პავლე სამოსატელმა, რომელიც დაახ. 260 წელს ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იგი ასწავლიდა, რომ არსებობს ერთადერთი ღმრთეებრივი პირი – მამა. ძე და სულიწმიდა არა დამოუკიდებელი პირები, არამედ მხოლოდ ღმრთის ძალები არიან (აქედანაა სექტის სახელწოდებაც: ბერძ. δύναμιϛ – ძალა). კერძოდ, ძე იგივეა ღმრთისთვის, რაც გონი – კაცისთვის; კაცი ვეღარ იქნება ადამიანი, თუ მას გაშორდება გონება. ასევე ღმერთი ვეღარ იქნება პიროვნება, თუკი მისგან განცალკევდება ლოგოსი. ლოგოსი – ეს არის მარადიული თვითშეგნება ღმერთისა. სწორედ ეს ლოგოსი ჩასახლდა ქრისტეში, მაგრამ უფრო სრულად, ვიდრე სხვა ადამიანებში, და მის მიერ ასწავლიდა და იქმოდა სასწაულებს. ქრისტე მხოლოდ მადლმოსილი ადამიანია; ძე ღმერთი მას მარტო პირობითად შეიძლება ეწოდოს. – პავლეს ამხელდნენ იმ დროის ცნობილი მწყემსები ეკლესიისა: წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ფირმილიანე კაპადოკიელი, წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედი და სხვ. ბოლოს, პავლე და მისი სწავლება 268 წელს ანტიოქიის კრებამ დაგმო.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9