ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხილ

ხილიაზმი

ცრუ სწავლება დედამიწაზე ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების დადგომის შესახებ. ხილიაზმი არა მარტო ებიონიტთა და მონტანისტთა ერეტიკული სისტემების შემადგენელი ნაწილი იყო, მას ეკლესიის ზოგიერთი მამაცა და მასწავლებელიც აღიარებდა (მაგ., პაპიუს იერაპოლელი, იუსტინე ფილოსოფოსი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი და სხვ.). ხილიაზმი სათავეს ქრისტიანობის წინა დროიდან იღებს. როგორც ცნობილია, იუდეველთა უმეტესობა აღთქმულ მესიაში არა ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან გამომხსნელს, არამედ მიწიერ მეფეს ხედავდა, რომელიც თავის სამეფოს დედამიწაზე მოაწყობდა და იუდეველ ხალხს განადიდებდა. ეს შეხედულებები მოქცეულმა ებრაელებმა ეკლესიაშიც შემოიტანეს. ხილიასტები ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს გრძნობიერი აზრით განმარტავდნენ, მათ შორის, განსაკუთრებით აპოკალიფსისას, რომელშიც ნათქვამია, რომ სატანა შეკრული იქნება ათასი წელი და აღმდგარი ქრისტეს მოწამენი მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს (გამც. 20,2-7). ხილიაზმი II ს-ში უფრო გავრცელებული იყო მცირე აზიისა და ფრიგიის ეკლესიებში, ხოლო III ს-ში ეგვიპტეშიც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ხილიაზმის გულმოდგინე მამხილებლები იყვნენ: რომაელი ხუცესი გაიუსი (+დაახ. 217 წ.), რომელმაც მთავარი რომაელი მონტანისტის პროკლეს წინააღმდეგ თხზულება დაწერა, და ცნობილი დიონისე ალექსანდრიელი, რომელმაც მიწიერი სიამოვნებით სავსე ათასწლოვანი სამეფოს სამხილებლად დაწერა თხზულება „აღთქმათა შესახებ“. მას შემდეგ, რაც IV ს-ში ქრისტიანთა დევნა შეწყდა და ეკლესიას მეტ-ნაკლებად მშვიდი დრო დაუდგა, ხილიასტური ოცნებები თავისთავად გაუჩინარდა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9