ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთის არსებითი თვისებანი

ღმერთი შეუცვალებელია: „არავინ ჰგონებდეს ბუნებასა ღმრთეებისასა ადგილითი ადგილად შეცვალებისა შემწყნარებელად... სიტყუაჲ მამისა თანა იყო და კაცთა შორის იქცეოდა ჴორცითა თჳსითა განცხადებულად და მამისაგან არა განეშორა“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ღმერთი შეუცნობელია: „რამეთუ არცა თუ ანგელოზთა ენანი, რანიცა-იგი სადმე არიან, არცა მთავარანგელოზთანი, თუმცა შემოკრბეს ყოვლისავე სიტყჳერისა ბუნებისა თანა ერთად და იტყოდეს, შე-მცა-უძლეს მცირესაცა რაჲმე ნაწილსა მისისა ბუნებისასა მიწთომად, არა თუმცა ცნეს იგი სრულიად“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „აწ უკუე ესე გუასწავეს წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა და სწავლათა მათთაგან მეცნიერ ვართ, ვითარმედ: ჭეშმარიტად არს ღმერთი დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, საუკუნითგან და უკუნისამდე, დაუბადებელი, უცვალებელი, უქცეველი, მარტივი, უჴორცოჲ, უხილავი, შეუხებელი, გარეშეუწერელი, მოუგონებელი, მიუწთომელი, სახიერი, მართალი, ყოვლად ძლიერი, ყოველთა დაბადებულთა შემოქმედი, ყოვლისამპყრობელი, ყოველთა მხედველი, ყოველთა განმგებელი, ყოველთა მეუფე, ჴელმწიფე და განმკითხველი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ღმრთის ბუნება მარტივია, ანუ შედგენილი არ არის. ევნომი „უბადრუკი იტყოდა, რამეთუ: „ვიცი ღმერთი ესრეთ, ვითარცა მან თჳთ იცის თავი თჳსიო“. და (გრიგოლი) ღმრთისმეტყუელი წინა-აღუდგებოდა და უჩუენებდა, ვითარმედ შეუძლებელ არს მისისა ბუნებისა ცნობაჲ. ხოლო მან ჰკითხა, ვითარმედ: „ვითარ აღიარებთ ღმერთსა?“ და მოძღუარმან თქუა, ვითარმედ: „მარტივად აღვიარებ ბუნებასა მისსა, გარნა თუ რაჲ არს, არა ვიცი. ესე ვიცი, ვითარმედ რაჲცა არს, მარტივ არს ბუნებაჲ მისი“. ხოლო უკეთური იგი იტყოდა: „ვინაჲთგან მარტივი არს, ანუ სრულიად უცნაურ არს, ანუ ყოვლადვე მისაწთომელ“. ამისთჳს იტყჳს ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „გამოვიძიოთ, თუ რაჲ არს ბუნებაჲ მისი, რომელ მარტივ არს“. რამეთუ პირველად განაღა ჯერ-არს, რაჲთა თქუას, თუ რაჲ არს მისი ბუნებაჲ, რომელ მისწუთების მას ცნობად უკეთური იგი. რამეთუ არა თუ სიმარტივე ბუნებაჲ არს მისი, რამეთუ ცეცხლისა ბუნებაჲ მარტივ არს და ვიცით იგი, და ჰაერისაჲ ეგრეთვე. ხოლო ღმრთისაჲ არა თუ სიმარტივე ბუნებაჲ არს, არამედ სხუაჲ არს რაჲმე ბუნებაჲ მისი. და რაჲცა არს, მარტივი არს და არა შეერთებული ორთაგან. ვითარმედ კაცნი ორთაგან შეერთებულ არიან, სულისა და ჴორცთა, გარნა ღმერთი მარტივი არს. არამედ თუ რაჲ არს ბუნებაჲ მისი, არა უწყით. რამეთუ არა თუ სიმარტივე ბუნება არს მისდა, ვითარცა კაცისაჲ არა თუ შეერთებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ ოდენ არს ბუნებაჲ, არამედ სხუანი მრავალნი ბუნებანი ჰქონან. ეგრეთვე ღმრთისაჲ არა თუ სიმარტივე ბუნება არს და არცა ჯერ-არს, რაჲთამცა ვინაჲთგან მოსეს ცეცხლად ეჩუენა ღმერთი და აბრაჰამს ნათლად და იობს ღრუბლად, ამისთჳსცა ცეცხლად გულისჴმა-ვჰყოფდით მას, ანუ ღრუბლად ნათლისად, ანუ სხუად რადმე ნივთიერად“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) ბუნება ღმრთისა შეუმეცნებელია: „ხედვითა დაბადებულთაჲთა და სმენითა წერილთაჲთა გამოვსახავთ, ვითარმედ არს ღმერთი. ხოლო თუ რაჲ არს, არა უწყით, ანუ ვითარი არს ბუნებაჲ მისი“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9