აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა ღირ. მაქსიმე აღმსარებელისა

„მრწამს ერთი ღმერთი მამაჲ უშობელი, და ერთი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი, და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხჳთა და თჳთებითა მით გუამოვნებისაჲთა და განუყოფელი ღმრთეებითა, რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად; ამისთჳსცა ვიტყჳთ სამგუამოვანებასა და ერთარსებასა, და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი; ხოლო თჳსი თითოეულისაჲ: მამისაჲ მამობაჲ უშობელი, და ძისაჲ ძეობაჲ შობილი, და სულისა წმიდისა გამოსლვაჲ, რამეთუ არცა მამაჲ შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძჱ მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ მამად ანუ ძედ, რამეთუ თჳთებანი შეუცვალებელ არიან. ღმერთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, სრული ღმერთი არს ძჱ, სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ, არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ ღმრთეებაჲ, სამითა გუამითა თანაარსითა; არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით, რამეთუ სადაცა არს მამაჲ, მუნცა ძჱ და სული წმიდაჲ, და სადაცა ძე, მუნ მამაჲცა და სული წმიდაჲ, და სადაცა სული წმიდაჲ, მუნ მამაჲცა და ძჱ. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა სამებით, ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა, თანადაუსაბამოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკუდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღჳსა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმან დაჰბადნა პირველად ზეცისა ძალნი და მჴედრობანი ბევრეულნი აურაცხელნი, სიტყჳთ დაჰბადნა და სულითა წმიდითა სრულ ყვნა. მერმე თქუა: და იქმნეს ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი რაჲ არს მას შინა; უკუანაჲსკნელ დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მსგავსად, ესე იგი არს თჳთმფლობელად, და თჳსითა ნებითა მიმოვლად, და გამომრჩეველად გინა თუ კეთილისა გინა თუ ბოროტისა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას ფუფუნებისასა; ხოლო შურითა ეშმაკისაჲთა სცთა და მოცემულსა მას მცნებასა ღმრთისასა ნებსით გარდაჰხდა, და გამოვარდა დიდებისა მისგან და საშუებელისა სამოთხისა, და თანამდებ სიკუდილისა იქმნა, და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა. არამედ არა უგულებელს ყო იგი დამბადებელმან, ამისთჳს ჯერ-იჩინა და ინება მხოლოდ-შობილმან მან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან გამოუთქმელითა მით კაცთ-მოყუარებითა, ნებითა მამისა და სულისაჲთა, ძიებაჲ დაბადებულთა თჳსთაჲ, გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა, ვინაჲ იგი არასადა განეშორა და დაიმკჳდრა საშოჲ ყოვლადწმიდისა მის ქალწულისაჲ სულისა მიერ წმიდისა, და მიიხუნა მისგან ჴორცნი სულითურთ პირმეტყუელით, და იშვა ღმერთი განჴორციელებული, იშვა გამოუთქუმელად, და ქალწულებაჲ იგი დედისაჲ დაიცვა განუხრწნელად, არა თავს-იდვა შერევნაჲ, ანუ შეცვალებაჲ, არამედ რაჲ იგი იყო, ეგო და რაჲ არა იყო, იქმნა; შეიმოსა ხატი მონისაჲ ჭეშმარიტად, არა უცნებით და ყოვლითურთ გუემსგავსნა ჩუენ თჳნიერ ცოდვისა. რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ, და ჟამიერად დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკუდავად და მოკუდავად; იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე პირველ განჴორციელებისა და შემდგომად განჴორციელებისა; ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა, და ორითა საქმითა ერთგუამად შეერთებულითა უცვალებელად და შეურევნელად; იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა საღმრთოთა საქმეთა ვითარცა ღმერთი, და იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა ვითარცა კაცი, რამეთუ ბუნებაჲ უნებელი და უსაქმოჲ არა არს. არა იძულებით დამორჩილებულ იყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშურა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯვარს-ეცვა, ნებსით მოკუდა, ჭეშმარიტად და არა უცნებით. ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ წესი კაცებისაჲ თავს-იდვა; მერმე ჯუარს-ეცუა, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა უცოდველმან, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ჴორცთა მისთა ხრწნილებაჲ არა იხილეს, და თანა აღადგინა ბუნებაჲ კაცობრივი, ამაღლდა ზეცად ბუნებითა მით კაცობრივითა, და დაჯდა მარჯუენით მამისა; და კუალად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რაჲთა მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, ოდეს იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავარანგელოზმან საყჳრსა, და აღდგენ მკუდარნი და გამოვიდენ სამარეთაგან, მაშინ რომელთა დაიმარხეს მართალი ესე სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი მართლისა სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ. ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა წყლისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა, სულისა და ჴორცთა. ვეზიარები უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ჴორცი და სისხლი ჩუენთჳს განჴორციელებულისა სიტყჳსა ღმრთისაჲ, რომელმან მოგუცა ჴორცი და სისხლი თჳსი მოსატევებელად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველთა წესთა ეკლესიისათა, დაწესებულთა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა. თაყუანის ვსცემ და ამბორს უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახჱ არს განჴორციელებისა მისისაჲ. თაყუანის ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა: წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა და რაჲცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთჳს ჴელით-ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებაჲ. თაყუანის ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა სიყუარულისათჳს მხოლოჲსა ღმრთისა, და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეობ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ. თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი სიწმიდისაჲ. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩუენებ. შევიწყნარებ და პატივს ვსცემ წმიდათა კრებათა ნიკიასა სამას ათვრამეტთა წმიდათა მამათა, და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოც და ათთა წმიდათა მამათა, ეფესოჲსა პირველთა ორასთა წმიდათა მამათა, ქალკიდონისა ექუსას ოც და ათთა წმიდათა მამათა, კოსტანტინეპოლისა კუალად ას სამეოც და ოთხთა წმიდათა მამათა და სხუანიცა სადა რომელ იქმნნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა, და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს, და რომელნი მათ შეაჩუენეს, შევაჩუენებ, და ვადიდებ და უგალობ და თაყუანის ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტჱს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა; რომელი იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა, ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთათჳს და ჩუენისა ცხორებისათვის განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა, ბუნებითა მით კაცობრივითა; ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, მხოლოდ-შობილი ორითა ბუნებითა, შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებელად ცნობილი, რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიჴსნა ერთობითა მით გუამისაჲთა, არამედ უფროჲსღა მტკიცე იყო თჳთებაჲ ორისავე ბუნებისაჲ, შეკრებულ ერთ პირად და ერთ გუამად, რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა ანუ განეყო ორ გუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უფალი იესუ ქრისტჱ ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველითგან წინაწარმეტყველთა ქადაგეს, და თავადმან იესუ ქრისტჱმან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს, და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავეს, ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა, და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა, და ორთა ბუნებითთა ნებათა – არა წინააღმდგომთა, ნუ იყოფინ, ვითარცა უშჯულონი მწვალებელნი იტყჳან, რამეთუ შეუდგა კაცობრივი იგი ნებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა, და არა წინააღმდგომ იყო ანუ მებრძოლ, არამედ უფროჲსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლადძლიერსა ნებასა მისსა, რამეთუ ჯერ იყო ნებისა მის ჴორცთაჲსა აგებულებაჲ და დამორჩილებაჲ ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყჳს დიდი ათანასე, რამეთუ ვითარცა ჴორცნი მისნი ჴორც სიტყჳსა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნებაჲ ჴორცთა მისთაჲ თჳსად სიტყჳსა ღმრთისა ითქუმის და არს, ვითარცა თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. თჳსად ნებად ნებასა მას ჴორცთასა იტყოდა, რამეთუ ჴორცნიცა მისნი იყვნეს, და ვითარცა წმიდანი იგი უბიწონი ჴორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თჳსსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისაჲთა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროჲსად განემტკიცა, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთის-მეტყუელი, ვითარმედ: ნებაჲ იგი მაცხოვრისაჲ არა წინააღმდგომ საღმრთოჲსა ნებისა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ ნებასა საღმრთოსა; ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა აღვიარებთ, ესე იგი არს – საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა, ვითარცა იტყჳს ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ: თითოეული ბუნებაჲ მისი იქმს წესსა თჳსსა ზიარებითა მეორისაჲთა, ბუნებაჲ იგი სიტყჳსაჲ იქმს საქმეთა სიტყჳსათა და ბუნებაჲ ჴორცთაჲ იქმს, რაჲ იგი შეჰგავს ჴორცთა; რამეთუ არა ეგების თქუმად თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისაჲ და ჴორცთაჲ, რაჲთა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლჱ იგი და საკჳრველებაჲ საღმრთოჲსა ბუნებისაჲ დაბადებულთა და განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ. ერთისა უფლისა, ერთისა ქრისტესი ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა, არამედ სხუად და სხუად სახედ შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთაგან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კჳრილე თქუა. აწ უკუე ყოვლით-კერძო შეურევნელად და განუყოფელად საიდუმლოსა მას ვქადაგებთ და მოკლითა სიტყჳთა ყოველსა განვაცხადებთ. და გურწამს ერთი წმიდისა სამებისაგანი უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ღმერთი ჭეშმარიტი, შემდგომად განკაცებისა ორითა ბუნებითა, რომელნი იგი ერთსა მას გუამსა მისსა შინა ბრწყინვიდეს, რომლითა სასწაულნიცა და ვნებანი ჟამთა მათ განგებულებისა მისისათა არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით აჩუენნა, და განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ ერთსა მას გუამსა შინა იცნობებოდა, რაჟამს იგი ზიარებითა მეორისაჲთა თითოეული ბუნებაჲ განუყოფელად და შეურევნელად თჳსსა საქმესა ინებებდა და იქმოდა. ამით სახითა ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა უფლისათა ვქადაგებთ საცხორებელად კაცთა შეკრებილთა. ესე ყოველი მრავლითა კრძალულებითა და ჭეშმარიტებითა გურწამს და აღვიარებთ და ვქადაგებთ და ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა ამიერითგან ამის სარწმუნოებისა გარეშე სხუაჲ სარწმუნოებაჲ ვერვინ იკადროს თქუმად ანუ აღწერად ანუ სწავლად. უკუეთუ კულა იპოოს ვინ სხუად სახედ შემცვალებელი ამის მართლისა აღსარებისა და ასწაოს, ანუ წარმოთქუას, ანუ აღწეროს სხუაჲ რაჲმე განდრეკილი სარწმუნოებაჲ, შეჩუენებულმცა არს და განკუეთილ. უკუეთუ მღდელობაჲ აქუნდეს, უცხო იყავნ პატივისა მისგან. უკეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი იყოს, წყევასა ქუეშე იყავნ“ (კეკელიძე კორნელი, კიმენი, I, თბ., 1918.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9