სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სევ სელ სეპ სერ

სევეროს ანტიოქიელი

(ან სევიროზი, 465-538) მონოფიზიტი. დაიბადა სოზოპოლში (პისიდია), ქრისტიანულ ოჯახში. გრამატიკა და რიტორიკა შეისწავლა ალექსანდრიაში, იურისპრუდენცია – ბეირუთში. აქვე მოინათლა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და მონოფიზიტი ბერების ჯგუფთან ერთად კონსტანტინეპოლში აღმოჩნდა (508 წ.), სადაც იმპერატორი ანასტასის კეთილგანწყობილება მოიპოვა. 512 წ. ანტიოქიის პატრიარქი გახდა, მაგრამ იმპ. იუსტინიანეს გამეფებისთანავე (518 წ.) კათედრიდან განიდევნა. სევეროსმა ეგვიპტეს შეაფარა თავი. დედოფალი თეოდორას ინიციატივით 531-532 წწ. მოწოდებულ იქნა კონსტანტინეპოლში, სადაც მონოფიზიტთა საქმის დაცვას აქტიურად შეუდგა, მაგრამ 536 წ. დედაქალაქიდან განიდევნა და ეგვიპტეში დაბრუნებული იქვე გარდაიცვალა. სევეროსი ბერძნულად წერდა, თუმცა მისი თხზულებები უმეტესწილად სირიული თარგმანებით შემოინახა. იგი ნაყოფიერი მწერალი იყო და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მონოფიზიტი ღმრთისმეტყველი. / მისი ქრისტოლოგიური დოქტრინით: ძის ღმრთეებრივ ბუნებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი, თუმცა ამ უკანასკნელს განხორციელების შემდეგ თავისი სუბსტრატი დაუკარგავს და დარჩენილა მხოლოდ კაცებრივ თვისებათა ერთობლიობა, მაგრამ ეს თვისებები მასში რეალურად არსებობენ. თუ ასეა, მაშინ ქრისტეს სხეული ისევე ხრწნადია, როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი ადამიანისა. ქრისტოლოგიის ამ ძირითად საკითხში სევერიანები, მონოფიზიტურ მიმდინარეობებს შორის, დიოფიზიტებს ყველაზე უფრო უახლოვდებიან (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9