პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პირველი ცოდვა

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, პირველ ცოდვაში იგულისხმება ის „ხრწნილების თესლი“, ის მემკვიდრეობითი წახდენილობა ბუნებისა და მიდრეკილება ცოდვისაკენ, რომელიც ყოველ ადამიანს ადამისაგან გადაეცემა შობის საშუალებით. „ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50,5), – ღაღადებს დავით წინასწარმეტყველი, ხოლო პავლე მოციქული კაცობრივი ბუნების ცოდვით წახდენას პირდაპირ აკავშირებს პირველ მშობელთა ცოდვასთან: „ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12). მართლმადიდებლობისთვის უცხოა ის წარმოდგენა, რომ ადამის შთამომავლებს პირადი პასუხისმგებლობა ისევე აკისრიათ პირველ მშობელთა ცოდვისათვის, როგორც საკუთარი ცოდვისათვის. კართაგენის კრებამ დაადგინა: „ჩჩჳლნიცა და ჯერეთ ვერარაჲთ ცოდვითა ბიწიან-ყოფისა თავთა თჳსთაჲსა შემძლებელნი მისატევებელად ცოდვათა ჭეშმარიტებით ნათელს-იღებენ, რაჲთა განწმდენ იგინი მეორედ შობისა მის მიერ შეცოდებისა მისგან პირველისა მამისა მიერ მათდა მომართ შთამომავალისა“ (კან. 110). სასჯელი ჩვენც დაგვედო, მაგრამ არა პირადი ცოდვებისთვის, არამედ ადამის დანაშაულის გამო. ამ სასჯელში, პირველ რიგში, იგულისხმება ის, რომ ყოველი ადამიანი, როგორც შობილი შედეგად ქორწინებისა, სიკვდილის კანონს ექვემდებარება. პავლე მოციქული წერს: „სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა“ (რომ. 5,14). ეს ნიშნავს, რომ არა პირადი ცოდვები, არამედ ადამის თავდაპირველი ცოდვა გახდა მიზეზი ყოველი ადამიანის სიკვდილისა. პირველი ცოდვა არის სასჯელი კიდევ იმიტომ, რომ კაცს წახდენილი ბუნებით, რომელსაც იგი შობისას იღებს, ცათა სასუფეველში შესვლა არ შეუძლია (ინ. 3,5). ეს სამწუხარო რეალობა ადამიანს არასამართლიანად რომ არ მოეჩვენოს, წმიდა მამები ბუნების საერთო კანონზე მიგვითითებენ, რომლის თანახმად მსგავსისაგან ყოველთვის მსგავსი წარმოიშობა: ვნებიანი შობს ვნებიანს, ცოდვილი – ცოდვილს; ხოლო ყველაზე ღრმად ამ საკითხს პავლე მოციქული წყვეტს: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი“ (რომ. 5,19). იგი პირდაპირ არ პასუხობს კითხვაზე – სამართლიანია თუ არასამართლიანი ის, რომ უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან ადამის შეცოდების გამო. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქრისტემ თავისი გამომხსნელი ღვაწლით უკმაყოფილების ყოველგვარი საბაბი აღმოფხვრა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9