ოთ ორ ოს ოქ
ორი ორმ ორო

ორიგენე

იგი, გარდა იმისა, რომ სამების პირთა შორის სუბორდინაციის შეტანით „უკნინესად იტყოდა ძესა მამისად“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) სულთა პირველმყოფობასა და სატანჯველთა დასრულებადობასაც, ანუ საღმრთისმეტყველო მეცნიერებაში გავრცელებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, აპოკატასტასისსაც აღიარებდა: „პირველ-მყოფობისათჳს ვიდრემე იტყოდა ესრეთ, ვითარმედ: „პირველ საუკუნეთა იყვნეს კაცნი ყოველნი წმიდანი, და ეშმაკნი, და სულნი, და ანგელოზნი, მსახურნი ღმრთისანი და მყოფელნი მცნებათა მისთანი. ხოლო ერთი მათგანი იყო სატანა, რომელსა, ვინაჲთგან თჳთ-მფლობელობაჲ აქუნდა, განიზრახა წინა-აღდგომაჲ ღმრთისა და განჴადა იგი ღმერთმან, რომლისა თანა განდგეს სხუანიცა ყოველნი ძალნი და ყოვლითურთ მცოდველნი, ვიდრემე ეშმაკ იქმნნეს, ხოლო უდარესადრე შემცოდენი – ანგელოზ და ესრეთ შემდგომითი-შემდგომად თითოეულმან თჳსისაებრ ცოდვისა მიიღო მისაგებელი. ამათგან დაშთეს სულნი რაჲმე, რომელნი არცა ესოდენ მცოდველ იყვნეს, რაჲთა ეშმაკ იქმნენ, არცა კუალად – ესოდენ სუბუქ, რაჲთა ანგელოზ იყვნენ. ამისთჳს შექმნა აქა ესე სოფელი და სული თანა-შეაკრა ჴორცთა, რაჲთა იტანჯებოდის მათ მიერ. რამეთუ „არა არსო, – იტყჳს, – თუალ-ღებაჲ ღმრთისა თანა, რაჲთამცა ერთისა ბუნებისაგანნი ესე ყოველნი, რამეთუ ყოველნი სიტყჳერ არიან და უკუდავ, რომელნიმე – ანგელოზად. არამედ ცხად არს, ვითარმედ თითოეული, შემსგავსებულად მცოდველობისა თჳსისა ტანჯული, რომელიმე ეშმაკად შექმნა, და რომელიმე – სულად და რომელიმე – ანგელოზად. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ესე და არა პირველ იყვნეს სულნი, რაჲსათჳს რომელთამე ახლად შობილთა ვპოებთ ბრმად, ჯერეთ არარაჲს მცოდველთა, ხოლო რომელთამე – ყოვლითურთ უნაკლულოდ შობილთა. არამედ ცხად არს, ვითარმედ პირველვე იყვნეს ცოდვანი რაჲმე სულთანი, რომელთა ძლით თითოეული ღირსებისაებრ მიიღებს“. ხოლო კუალად-გებისათჳს ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „იქმნების აღდგომაჲ მკუდართაჲ და იქმნების დაშჯაჲ, არამედ არა დაუსრულებელად, რამეთუ იტანჯებოდიან რაჲ ჴორცნი, მცირედ-მცირედ განწმდების სული. და ესრეთ კუალად-ეგების პირველსავე წესსა თჳსსა“. ხოლო ეშმაკთასაცა და ანგელოზთასა იტყჳს კუალად-გებასა, გარნა ამათ ყოველთა დავარჰღუევთ ჩუენ. და პირველად უკუე სულთა პირველ-მყოფობისა აღსაარებასა, რამეთუ, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „არა არს თუალ-ღებაჲ ღმრთისა თანა, რაჲთამცა სიტყჳერნი და უკუდავნი სულნი, ვითარ-იგი არიან ანგელოზნი, რომელნიმეცა ჴორცთა თანა შეაკრნა, ხოლო რომელნიმე ცათა შინა თანა-მოქალაქობად თჳსსა უტევნა“.

შესწავებაჲ საჴმარ არს, ვითარმედ უკუდავობისა და სიტყჳერობისა სახელი თანა-მოსახელე არს, რამეთუ სხუაჲ არს უკუდავობაჲ და სიტყჳერობაჲ ანგელოზთაჲ, აღმატებული კაცობრივისა მეცნიერებისაჲ, და სხუაჲ – ჩუენი. ვინაჲთგან ღმერთსაცა ვიტყჳთ სიტყჳერად და უკუდავად, ხოლო არა ვიტყჳთ მას ჩუენისა ბუნებისაგანად. ხოლო ამისდა მიმართ, ვითარმედ, ვითარ რომელნიმე ბრმანი, ხოლო რომელნიმე არარაჲს მიწისა მქონებელნი იშვებიან, ვიტყჳთ, ვითარმედ: ეგე საშჯელნი არიან ღმრთისანი და არა გჳჴმს ჩუენ გამოძიებაჲ მაგათი. მერმე ნაცვალად ვჰკითხავთ მათ და ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲსათჳს ცხენნი, ერთისა ბუნებისაგანნი ყოველნი, რომელნიმე მტჳრთეობითა და სხჳთა მრავლითა ჭირითა ისაჯებიან, ხოლო რომელნიმე შუებულად ცოცხალ არიან დიდთა და წარჩინებულთა კაცთანი, რომელთა სულებისასა არა აღიარებენ პირველ-ყოფილობასა, ხოლო პლატონიკელთა, კითხვისა ამისგან შეიწრებულთა, პირუტყუთაცა სულნი პირველ-მყოფად თქუნეს. ხოლო დასრულებადობისათჳს სატანჯველთაჲსა, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ სახელი საუკუნოჲსა განსაზღვრებულისა ჟამისა ზედა მოიღებვის და რაჟამს თქუას წერილმან, თუ – „საუკუნე არს სატანჯველი“, არარას სხუას იტყჳს, არამედ გარე-შესაზღვრებულსა ჟამსა. უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ სახელი საუკუნოჲსა გარეშეთაგანცა და წერილისაცა მიერ მრავალგზის განსაზღვრებულსა ჟამსა ზედა მოიღებვის. გარნა სატანჯველისა ზედა არა შესაძლებელ არს მოღებაჲ ესრეთ, რამეთუ თჳთ ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „წარვიდენ, რომელნიმე ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო რომელნიმე – სატანჯველად საუკუნოდ“. და ანუ ცხორებისაცა სახელი გარე-შესაზღვრებულსა ჟამსა ზედა მოვიღოთ, რომელ-ესე უწესო არს, ანუ ორნივე დაუსრულებელობისა ზედა?“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) „ესე არს მამაჲ ყოველთა მწვალებელთაჲ“(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9