ნა ნე ნი
ნებ ნეო ნერ ნეს ნეტ

ნეოპლატონიზმი

წარმართული ფილოსოფიურ-მისტიკური სწავლება, რომელიც ჩამოყალიბდა III ს-ის შუა წლებში. ნეოპლატონური, ისევე როგორც თანამედროვე ინდუისტური, სწავლებით ღმერთთან შეერთება ნიშნავს უპირო (უჰიპოსტასო) ღმრთეებრივი აბსოლუტის ოკეანეში განზავებას. ბერძნულმა ფილოსოფიამ ის იყო წარმართულ რელიგიებს საფუძველი შეურყია და მათი ჩანაცვლება განიზრახა, როცა ნეოპლატონიზმმა მიზნად დაისახა ფილოსოფიისა და რელიგიის გაერთიანება და ამით საზოგადოების რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ნეოპლატონური სკოლის ფილოსოფოსები თავიანთ სისტემას ბერძნული ფილოსოფიის (განსაკუთრებით პლატონის, პითაგორას, არისტოტელეს) დებულებებზე აგებდნენ და თავიანთ მსოფლმხედველობაში წარმართულ შეხედულებებსაც რთავდნენ. ადრინდელისგან განსხვავებით, ახალი ფილოსოფია უკვე აღარ უარყოფდა წარმართულ მითებსა და კულტებს, ოღონდ მათში ფილოსოფიურ და სულიერ შინაარსს დებდა. მაგალითად, წარმართული ღმერთები აღარ იყვნენ ნამდვილი არსებები, როგორც ეს წარმართებს სწამდათ, არამედ გასულიერებული იდეები უმაღლესი არსებისა, რის შესახებაც სწავლება პლატონს ჰქონდა ჩამოყალიბებული. მეორე მხრივ, წარმართნი ბრძენნი არა მარტო საკაცობრიო ფილოსოფიური აზრის წარმომადგენლებად, არამედ კეთილმსახურ მოღვაწეებად, სასწაულმოქმედებად და საღმრთო იდეათა წინასწარმაუწყებლებად იყვნენ მიჩნეულნი. რაც შეეხება ქრისტიანობას, ნეოპლატონიკოსებს თავიანთი მსოფლმხედველობიდან არც იგი გამოურიცხავთ. იესო ქრისტე მათთვის, ძველი დროის სხვა ბრძენთა მსგავსად, დიდი და წმინდა მოღვაწე იყო. ამიტომ მაცხოვრის სწავლებიდან მათ სისტემაში ბევრი რამ იქნა შეტანილი. ნეოპლატონური ფილოსოფიის საბოლოო მიზანი რელიგიური ჭვრეტის მიღწევა იყო და, როგორც პლოტინისნაირ ზოგიერთ ფილოსოფოსს მიაჩნდა, ისინი თვით ღმრთეებას ჭვრეტდნენ. ნეოპლატონიკოსთა ცნობილი წარმომადგენლებია: ამონიოს საკა (II-III სს.), პლოტინი (III ს.), პორფირი (გარდ. 304 წ.) და სხვ.; ქართველთაგან – იოანე პეტრიწი (XI ს.).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9