ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯამი სპილენძის

იჭედებოდა სპილენძის ერთი, იშვიათად ორი ფირფიტისაგან ცივად კვერვის წესით; მასში გამოყენებულია გადაკერების სხვადასხვა ხერხი. სპილენძის ჯამი უმეტესად ქუსლიანია. აქვს დაბალი ან მაღალი, სწორი ან გადგმული ქუსლი, რომელიც მორჩილულ-მიმაგრებულია ჯამის ტანთან. ფორმის მიხედვით ჯამი არის დიდი, პატარა, ღრმა, პირგადაშლილი, პირმოხვეული, ფარფლიანი, შიპიანი, მრგვალპირიანი, მუცელგამობერილი სადა-უორნამენტოც და ორნამენტებით (გეომეტრიული, ყვავილოვანი, ცხოველების სქემატური გამოსახულებებით) შემკული. ქართულწარწერიანი და ა.შ. წარწერები შესრულებულია ლამაზი მხედრულით, ამოღარვა-ამოკაწვრის წესით, რომლებიც გვამცნობენ პატრონის ან გამკეთებლის ვინაობას, საქმიანობას, გაკეთების თარიღს, სურვილებს და ა.შ. წარწერა ჯამზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა და ხშირად ორნამენტის მოვალეობას ასრულებს.
ჯამის ფუნქციური დანიშნულებაა: საღვინე, საწყლე, საწვნე-საშეჭამანდე, სარიტუალო, სამზითვო და ა.შ. სუფრის ჭურჭლეულიდან საქართველოში ყველაზე მეტად ხმარებაში იყო საღვინე ჯამი. როგორც ცნობილია, სპილენძის გარდა ჯამი მზადდებოდა ოქროს, ვერცხლის, თიხის, ბროლის და „შეშის“, ანუ ხისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ცალკეა მოხსენებული „მეჯამეთუხუცესის“ საქმიანობა.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ჯამი ქართულ წერილობით წყაროებში უკვე XI ს-ში იხსენიება, როგორც საღვინე და საკერძე ჭურჭელის სახეობა. გარკვეულ ეპოქაში ჯამი საწყაოსაც წარმოადგენდა.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მსმკი, 1964.
ც.კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9