ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩათო

წაბლის წკნელებისგან ან ცაცხვის კანისგან დაწნული შოლტის მაგვარი მსხვილი თოკი. გამოიყენება დიდი ზომის გამოუწვავი ქვევრების ასაწევად და ქურაში ჩასადებად. ჩათოს ერთი ბოლო შოლტის წვერივით არის გაწვრილებული, მეორე ბოლოზე კი ყულფი - ყური აქვს გაკეთებული. ქვევრის აწევას სხვადასხვა სიგრძე-სიგანის ჩათოები სჭირდება. პატარა ჩათოების, ანუ ხელჩათოების რიცხვი ქვევრის სიდიდით ისაზღვრება. ზოგიერთი ქვევრი 10-12 ხელჩათოს დახმარებით აიწევა, ზოგისას კი უფრო მეტი ხელჩათო სჭირდება. ოსტატები გრძელ ჩათოზე პატარა ჩათოებს აასხამენ-ააგებენ და ხელჩათოებით დიდ ჩათოს ქვევრების ძირს შემოუჭირებენ (ქუსლიდან დაახლოებით ერთი არშინის დაშორებით), ირგვლივ შემორტყმული მსხვილი ჩათოს წვერს მის მეორე ბოლოზე გაკეთებულ ყულფში გაუყრიან და მაგრად შეკრავენ. გრძელ ჩათოზე ასხმულ ხელჩათოებს, „როგორც კეცი გაიმართება“, იმ ზომაზე დააყენებენ, ისე რომ ქვევრი აწევის დროს მომუშავეებმა ერთმანეთს არ დაუშალონ: თითოეული თითო ხელჩათოს წვერს დაიკავებს და „ციმციმ“ ასწევენ ქურაში შესატანად.
იმერეთში ჩათოს ბოლოებს, ერთი მეტრის დაშორებით, ერთმანეთის პარალელურად, ხის სახელურებით აკავშირებენ. ჩათოზე „დასვენებული“ ჭური რამდენიმე კაცს შეაქვს ქურაში. ჩათო თავისი ბუნებრივი სირბილის გამო კარგად ეხამება კერამიკული ნაწარმის თანდაყოლილ სიმყიფეს და ზიანს არ აყენებს ნივთს.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, 1949.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9