უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
უნა უნჯ

უნაგირი

ცხენის აკაზმულობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. არსებობს ორი სახის უნაგირი: კაცისა და ქალის. ქალის უნაგირს-ტახტა გვერდით აქვს მოქცეული, რადგან ქალი გვერდიდან ჯდება და ფეხებიც ერთ მხარეს აქვს ჩამოშვებული.
უნაგირი რთული აგებულებისაა და მრავალი ნაწილისაგან შედგენა. ესენია: კეხი, ტახტა, ბალიში, მოსართავები, ფრთები, უზანგები და სხვ. უნაგირის ძირითადი ნაწილი - კეხი მზადდება ხისაგან. კეხზე ასხმულია ტყავგადაკრული ფრთები. ფრთებზე მობმულია ე.წ. საძუე, რომელსაც ცხენს კუდის ძირში ამოსდებენ, რომ თავდაღმართში უნაგირი წინ არ წაჩოჩდეს, ფრთაზევეა მობმული ორი გრძელი თასმა: ერთი წინ და ერთიც უკან. მათ მოსართავები ეწოდება. ერთი მუცელზე ეჭირება, მეორე კი კეხზე ბალიშის დასამაგრებლად. თასმებს ბოლოებზე მიბმული აქვთ ბალთა-აბზინდები.
უნაგირის აქეთ-იქით, კეხის ფრთებზე, ჩამოკიდებულია ფეხის შესადგმელი უზანგები. ზოგ უნაგირს სამკერდული და გულავშარაც აქვს. ბალიში ტყავისაა, ტრადიციულად მასში მოთავსებულია ირმისა და აქლემის ბეწვი, ასევე მატყლი, ბუმბული ან ზღვის ბალახი. ბალიშიც ორგვარია - სადა და ნაოჭიანი. ბალიშის ღირსებას მისი ნაოჭების რაოდენობით განსაზღვრავს.
ცხენს პირში ამოდებული აქვს ლაგამი. ლაგამს აღვირსაც ეძახიან. ულაგამო აღვირს ავშარა ჰქვია. ავშარა ცხენის დასაბმელიცაა. უნაგირს უკანა ტახტაზე საწყვეტებიც აქვს მიმაგრებული ხურჯინის ან დაკეცილი ნაბდის დასაკრავად. აღვირი, სამკერდული, უნაგირის ტახტა და მოსართავები ხშირად შევერცხლილია, ისევე როგორც მათრახის ტარი.
ცხენს ასეთი თანმიმდევრობით კაზმავენ: ცხენს შიშველი ზურგი რომ არ დაუშავდეს, ჯერ სარბილოს (რაიმე რბილს) დაადებენ, რომელსაც საოფლე ეწოდება, შემდეგ - თოქალთოს (ტყავგადაკრული ნაბდის ნაჭერი). თოქალთოს ზემოდან დაედგმება კეხი, კეხს ბალიში და გადაეჭირება მოსართავები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მრავალი უნაგირი, რომლებიც კავკასიაში გავრცელებული უნაგირების ჯგუფს განეკუთვნება. დღეისათვის ასეთ უნაგირებს იშვიათად ამზადებენ. ძველად მეუნაგრობა ხელოსნობის ცალკე დარგი იყო და მას გამორჩეული ოსტატებიც ჰყავდა. უნაგირის ოსტატს სარაჯი ერქვა.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9