ტრ ტუ
ტურ

ტურნეფორი (Tournefort) ჟოზეფ

ფრანგი ბოტანიკოსი და ექიმი (1656-1708), პარიზის მეცნ. აკად. წევრი (1691). 1700-02 იმოგზაურა დას. ევროპაში, თურქეთში, საქართველოსა და სომხეთში. ტ. პირველი ევრ. მეცნიერია, რ-მაც კავკ. და კერძოდ, საქართველოს ბოტან. შესწავლა დაიწყო. 1701 იყო თბილისში. ტ-ს ეკუთვნის თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო აღწერილობა: „ქალაქი თბილისი გაშენებულია მოშიშვლებული მთის ფერდობზე, ძალზე ვიწრო ხეობაში... საკმაოდ დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. სახლები აქ დაბალია, ცუდად განათებული და ჩვეულებრივ ალიზითა და აგურითაა ნაგები... დღეს თბილისის გალავნის სიმაღლე ჩვენი ბაღების ღობეების სიმაღლეს არ აღემატება, ხოლო ქუჩები უხეიროდ არის მოკირწყლული. ციხე ქალაქის თავზე, მშვენიერ ადგილზე დგას, მაგრამ სანახევროდ დანგრეული გალავანი მხოლოდ და მხოლოდ სუსტი კოშკებითაა დაცული“. ტ-ს ქალაქის სხვა ნაგებობათა შორის მეფის სასახლეც დაუთვალიერებია: „ჩვენ შეგვიყვანეს მომცრო დარბაზში, რომელმაც ჩვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხისაგან არის ნაკეთები. მას ყოველ მხარეს აქვს ფანჯრები, რომლებშიაც ჩასმულია დიდი ზომის შუშები ლურჯი, ყვითელი, მოწითალო-მონაცრისფრო და სხვა ფერისა. არის რამდენიმე ვენეციური სარკე. ჭერი შემკულია მოვარაყებული ტყავით“ (იხ. აგრეთვე სამეფო სასახლეები). თბილისური აბანოების შესახებ ტ. წერს: „აქ სასიამოვნო ცხელი წყლებია ასატანი ტემპერატურისა... ცხელი წყლის გარდა, თბილისის აბანოებში თბილი და ცივი წყალიცაა. აბანოები კარგად არის მოწყობილი და იგი ქალაქელებისათვის სალაღობო ადგილსაც წარმოადგენს“. ტ-ს ეკუთვნის ნახატები: „თბილისის საერთო ხედი“, „თბილისელი ქალები“. ტ-ს თან ახლდა მხატვარი ობრიე, რ-საც ეკუთვნის გრაფიკულად შესრულებული თბილისის სურათი.

თხზ.: მოგზაურობა, თარგმ., გამოკვლევა და კომენტ. მ. მგალობლიშვილისა, თბ., 1988.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9