კა კი კლ კო
კირ

კირაკოს განძაკეცი

სომეხი მემატიანე, მოძღვარი (1200-71). თხზულებაში „სომხეთის ისტორია“ გადმოგვცემს თბილისის ტრაგიკულ თავგადასავალს ჯალალედინისა და მონღოლთა შემოსევების პერიოდში. იგი ადასტურებს ქართ. მატიანის ცნობას იმის შესახებ, რომ ჯალალედინმა თბილისი ქალაქის მაჰმადიანური მოსახლეობის ხელშეწყობით აიღო. იგი წერს: „წავიდა (ჯალალედინი) ქალაქ თბილისს, იქ მყოფმა სპარსელებმა ხელი შეუწყვეს მას. აიღო ქალაქი, მცხოვრებთაგან მრავალი ამოწყვიტა, უფრო მეტი ნაწილი აიძულა უარეყო ქრისტიანობა და მუსლიმანთა ცრუ და მაცდური მოძღვრება მიეღო“. კიდევ უფრო მუქი ფერებით ხატავს მონღოლთა მიერ თბილისის დარბევის სურათს − ვერც მოხუცი და ვერც ახალგაზრდა ვერ გადაურჩა მონღოლთა მახვილსო. კ. გ-ის თქმით, იმდენად მკაცრი იყო მონღოლთა მმართველობა, რომ მეფედ მათივე დასმული დავით გიორგი IV ლაშას ძე იძულებული გახდა თბილისიდან გაქცეულიყო. ავტორის გადმოცემით, მონღოლთა მმართველობის პერიოდში და მათივე ხელშეწყობით თბილისში დამკვიდრდნენ ყარსიდან გადმოსახლებული მდიდარი სომეხი ვაჭრების ოჯახები. შემდგომში მათ დიდი გავლენა მოიპოვეს და მონღოლი ხანების დახმარებით საქართველოს პოლიტ. ასპარეზზეც დაწინაურდნენ. ერთ-ერთი მათგანი − უმეკი თურმე მეფის მამადაც იწოდებოდა. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9