აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-კაზვინი ზაქარია

არაბი კოსმოგრაფი და გეოგრაფი (1203-83), ავტორი ჩვენამდე ორი კარგად ცნობილი ნაშრომისა − „ქმნილებათა საოცრებანი და არსებულთა საკვირველებანი“ და „ქალაქთა ძეგლები და ცნობები ალაჰის მონათა შესახებ“. მეორე თხზულების სპეც. თავში მოგვითხრობს თბილისზე, მოაქვს საინტერესო ისტ.-გეოგრ. შინაარსის მასალა: „თბილისი გამაგრებული ქალაქია. მას ალ-ქურრის მდინარე ყოფს. მისი მცხოვრებლები მუსლიმანები და ქრისტიანები არიან. ალ-ქურრის ერთ-ერთ ნაპირზე ლოცვისაკენ მოუწოდებენ, მეორე ნაპირზე კი ზარს რეკენ“. ავტორი გვაწვდის ცნობას არაბი მხედართმთავრის ბუღა თურქის ლაშქრობის თაობაზე თბილისში 853. ქალაქის საკვირველებად მიიჩნევს მუსლიმანთათვის განკუთვნილ „ძალიან ცხელ აბანოს, რომლისთვისაც წყალს არც აცხელებენ და არც ქაჩავენ“. მოხსენიებული აქვს ქართ. ოქროს მონეტა „ფერფერა“, ჩამოთვლის თბილისის საექსპორტო საქონელს (ვერცხლისწყალი, არყის ხე, ნაბდები, ტანსაცმელი, ფაქიზი ნოხები, ქვეშაგები, თხელი შალი, აბრეშუმი და სხვ.).

პუბლ.: ზაქარია ალ-კაზვინის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. არაბულ ტექსტს შესავალი წაუმძღვარა, ქართ. თარგმ. და შენიშვნები დაურთო ო. ცქიტიშვილმა, თბ., 1975.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9