ყა ყო
ყაბ ყაი ყას

ყაბახი

„მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,
მაისის ღამე მიბუნდვილი, გრილი და ამო...“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ყაბახი ერქვა მაღალ სვეტს, რომელზედაც იდგმებოდა თასი ან სხვა საგანი, რომელიც ისრით უნდა ჩამოეგდოთ ცხენზე ამხედრებულ მოასპარეზეთ. ამ სახის შეჯიბრი ძველთაგანვე იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყაბახი არსებობდა თბილისშიც, ტერიტორიაზე, რომელიც დღეს კომუნარების ბაღის ქვედა ნაწილს უკავია. მოედანზე სხვა შეჯიბრებებიც ეწყობოდა.

თბილისის ყაბახის გრაფიკულ გამოსახულებას პირველად ქალაქის ტურნეფორისეულ 1701 წლის ჩანახატზე ვხვდებით. ნახატის წინა პლანზე მდინარის პირას, გამოსახულია ვრცელი მოედანი, რომლის ცენტრში საფეხურების მსგავსი განშტოებების მქონე სვეტი - ყაბახია აღმართული. თვით მოედანს, რომელზედაც ყაბახი იდგა, ვახუშტი ბატონიშვილი ასპარეზს უწოდებს - „მეიდანი ანუ ასპარეზი“. ამასთან, გეგმაზე ყაბახი ირიბანებით გამაგრებული მაღალი სვეტის სახით არის გამოსახული. „ყაბახის მოედნის“ სახელით ეს ადგილი თბილისის 1800 წლის გეგმაზეც გვხვდება. მე-19 საუკუნეში მოედანს ყაბახს უწოდებდნენ, სანამ აქ ჯერ სამხედრო პლაცს მოაწყობდნენ და შემდგომში ბაღს გააშენებდნენ. იხ. ასპარეზი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9