აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ანჩ

ანჩისხატი

ასე ეწოდება წმინდა მარიამის (ზარის) ეკლესიას, რომელიც აშენებულია ვახტანგ გორგასალის მემკვიდრის – დაჩი უჯარმელის მეფობის დროს (VI ს.). მემატიანე აღნიშნავს, რომ „ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმინდაი ეკლესიაი აღაშენეს“. ბაზილიკური შენობა აწინდელ შავთელის ქუჩაზე გამოდის. დღევანდელი სახელწოდება, რომელიც ეკლესიამ მე–17 საუკუნეში მიიღო, იმ ხატის პატივისცემაა, რომელიც აქ გადმოიტანეს ანჩის ტაძრიდან (ანჩი მდებარეობდა კლარჯეთში – იმდროინდელი საქართველოს სამხრეთ პროვინციაში). ხატი დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში. განსაკუთრებით გამოირჩევა ხატის მოჩარჩოება, რომელიც ქართული ჭედური ხელოვნების ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევართაგანია. მისი ავტორია განთქმული ქართველი ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი, რასაც მოწმობს მოჩარჩოების ქვედა ნაწილზე მოთავსებული წარწერა.

ანჩისხატის ეკლესია უძველესია თბილისში შემონახულ ძეგლთა შორის. იგი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში მისმა ნაწილებმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე და განსაკუთრებით მე–17 საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას (ამ პერიოდს განეკუთვნებიან აგურის ბოძები და თაღებიც). უძველეს ფრგამენტებს წარმოადგენენ თარაზულნაკერიანი, კვადრებით ამოყვანილი ფასადების ცალკეული ნაწილები, სარკმლები აღმოსავლეთის კედელზე, მთავარი თაღის და საკურთხევლის სარკმლის ნალისებრი მოყვანილობა, აბსიდა... 1958 წელს ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგად გვიანდელი (მე–19 საუკუნის) ფერწერის ქვეშ გამოვლინდა მე–17 საუკუნის კედლის მხატვრობის ნაწილები. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს დასავლეთის შესასვლელის თავზე გამოვლენილი ნალისებრი ფორმის ლუნეტი. ლუნეტის მოხაზულობას და ამავე ფასადზე მოთავსებული ჯვრის გამოსახულებას მედალიონში პარალელები მოეპოვებათ ქართული ადრექრისტიანულ ძეგლებსა, და მათ შორის მე–5 საუკუნის შესანიშნავ ბაზილიკაზე – ბოლნისის სიონზე.

ბაზილიკის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირას დგას აგურის სამრეკლო. იგი ცენტრში გაჭრილია შეისრული თაღით და ქუჩას აკავშირებს დაბალ ბაქანზე მდგარ ტაძართან. კარიბჭის თავზე მოქცეული წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აშენებულია ქართლის კათალიკოსის დომენტის მიერ 1675 წელს. სამრეკლოს არქიტექტურა (აგურის წყობის ხასიათი, შეისრული თაღები) დამახასიათებელია გვიანფეოდალური საქართველოსათვის, როდესაც ირანული გავლენა ხუროთმოძღვრებაშიც იკვლევს გზას.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9