სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სვი

სვიმონის სასახლე

ასე უწოდებენ ხშირად ორსართულიან სახლს დღევანდელ ერეკლეს მოედანზე, სადაც ახლა თეატრალური მუზეუმია განთავსებული. სინამდვილეში ამ სახლს სვიმონის სასახლესთან არაფერი აქვს საერთო.

გადმოცემით სვიმონს, დაახლოებით ამ ადგილზე, როცა მან ჯერ კიდევ მეფე როსტომის ზეობის ხანაში დაწყებული სასახლისეული წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობა (1719 წ.) დაამთავრა, აუგია მცირე სასახლე. ეკლესიამ ჩვენამდე საკმაოდ გადაკეთებული სახით მოაღწია. როგორც ჩანს, სასახლე შემდგომში დაუნგრევიათ. თბილისის 1800 წლის გეგმაზე, რომელიც საკმაოდ ზუსტია, ამ სახლის ადგილას მოედანია. ამ ვითარებას ეთანხმება პლატონ იოსელიანის მიერ მოთხრობილი ამბავი იმის თაობაზე, რომ 1764 წელს სასახლისეულ ეკლესიას ამ მცირე მოედნის მხრიდან შენობა არა ჰქონია აფარებული და რომ ციხიდან ნასროლი ყუმბარა ეკლესიის სამხრეთ კედელს მოხვედრია. (Пл. Иоселиани. Описание древностей города Тифлиса. Тифлис, 1866. стр. 251.) აქ გიორგი XII ძველ ნასახლარზე თავისი ერთ–ერთი დროებითი ადგილსამყოფელი აუგია, სადაც მეფის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს უცხოვრია მის მეუღლეს დედოფალ მარიამს, სანამ რუსეთში გაემგზავრებოდა. სახლს შემდგომში რუსი ოფიცერი დაპატრონებია, ხოლო 1840 წელს ხაზინას ეს ადგილი კერძო პირისათვის, ვინმე სალამბეგოვისათვის მიუყიდნია. მან ააშენა ეს ორსართულიანი სახლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

1975 წელს აღადგინეს სახლის პირვანდელი გარე სახე, ხოლო შიდა დაგეგმარება გადაკეთდა შენობაში თეატრალური მუზეუმის განსათავსებლად. რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებია გ. ჯაფარიძე და ვ. ორბელაძე.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9