ორ ოქ ოხ
ორბ ორთ

ორთაჭალა

ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!

გრიგოლ ორბელიანი

სანამ სანაპიროები აშენდებოდა და მტკვრის კალაპოტი კედლებში მოექცეოდა, თბილისში და მის შემოგარენში რამდენიმე დიდი თუ მცირე კუნძული არსებობდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო და დიდხანს იარსება კუნძულმა ორთაჭალამ.

ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ორთაჭალა აღნიშნული აქვს ექსპლიკაციაში კრწანისის ბაღის სახელწოდებით. ეს იმით აიხსნება, რომ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა. კუნძული მდებარეობდა ქალაქის აღმოსავლეთით სეიდაბადის (შემდგომში ხარფუხის) ქვევით. იგი მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის იყო მოქცეული მისი მდებარეობით უნდა აიხსნას სახელწოდება – ორთა (წყლის) შორის მდებარე ჭალა.

ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახს და თავადაზნაურობას ჰქონდა გამოყოფილი. მე–19 საუკუნეში ბაღებს კერძო მესაკუთრეები დაეუფლნენ.

ორთაჭალის ბაღებზე მრავალი დაწერილა. ამ ბაღებში გატარებულ დროს არაერთი სტრიქონი მიუძღვნეს თბილისელებმაც და ქალაქის სტუმრებმაც. ი. გრიშაშვილი წერდა: „ძველად ქალაქ გარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისათვის – ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის – მუშტაიდი, ამიტომ ეს დღეობებიც ყარაჩოღელთათვის ერთი იმ გასართობთაგანი იყო, სადაც ჯანსაღ ბუნების წიაღში დაგუბებულ გრძნობას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ და მთელი სამი დღის განმავლობაში ჯიგრიანად ლოთობდნენ“ (ი. გრიშაშვილი, ძველი ტფილისის ბოჰემა, თბილისი, 1927., გვ. 76.). გაზეთი „დროება“ 1869 წლის 19 ივნისს ერთ წერილში, რომელსაც „თბილისში გასეირნება“ ერქვა, ადარებდა რა ორთაჭალის ბაღებს ახალ „ევროპულს“, წერდა: „აბა რა შეედრება ამ პოეტიკურ არეულდარეულობას, უსწორმასწორობას, ვაზის თალარს, მაღალ კაკლის წენგოთი დატვირთული ხის საამურ სუნსა, თვალის შესაქცევარ და პირში წყლის მომგვრელ სხვადასხვა ხილს და ბოლოს ყურის გამაღვიძებელ ჩარზის ხრიალ–ჭრიალისა. ახლა, სიმღერა, ახლა დუდუკი, დაირა, ცივ–ცივი თუთა, ბალი... აბა როგორ შეედრება ამას ზემოთ ხსენებული ბაღები თავის თანასწორეთ გადამარგვლილი ხეებით და დანაყილი აგურით დატკეპილი ხეივნებით, ერთი ხალიჩა რომ გინდოდეთ, ერთი მუთაქა, იქ ვერ იშოვით, რომ ორიოდე წამით წამოწვეთ ან მუხლი მოიკეცოთ“.

ორთაჭალის კუნძული მარჯვენა ნაპირთან ხის სახალფეხო ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც „ვირის ხიდს“ უწოდებდნენ, რადგან ჭირნახული მასზე სახედრებს გადმოჰქონდათ.

ორთაჭალის რომანტიკა დღეს ისტორიაა. ორმოცდაათიან წლებში აშენდა ორთაჭალჰესი, შემდეგ გაიყვანეს სანაპიროები. მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც შეწყვიტა არსებობას.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9