ნა ნე ნო
ნავ ნარ ნაღ ნაძ

ნავთლუღი

„ხოლო ტფილისის–სამხრეთ–აღმოსავლეთით არს ნავთლუღი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების“... ამ ცნობას ვახუშტი ბატონიშვილი იძლევა. ცხადია, რომ ძველი სოფლის და დღეს თბილისის ვრცელი უბნის სახელწოდება ამ ადგილებში ნავთობის არსებობით აიხსნება. „ლუღი“ თურქული სიტყვაა და ადგილს ნიშნავს. აქ ძველთაგანვე წარმოებდა ნავთის მოპოვება ჭების საშუალებით.

დასახლება ნავთუღლის ტერიტორიაზე უძველეს დროს გაჩენილა. აქ აღმოჩენილი მცირერიცხოვანი არქეოლოგიური მასალა მეტად მრავალფეროვანია. სპეციალისტების აზრით, ეს მასალა გვიანბრინჯაოს ხანის შესანიშნავ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს და მოწმობს აქაურ მესაქონლეთა და მიწათმოქმედ მოსახლეობის იარაღის, სამკაულის, კერამიკული ნაწარმის ორიგინალური სახეობის შექმნის უნარზე. (იხ. დ. ქორიძე, თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 1955, გვ. 159.).

ცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქალაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ–ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა „ერეკლეს ციხე“ შეარქვა.1772 წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოან–ანტონი გიულდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

სოფელი თავად სუმბათაშვილების მამულში შედიოდა. დღემდე მოაღწია შუა საუკუნეებში „წმინდა ბარბარეს“ სახელზე აგებულმა მცირე ეკლესიამ, სადაც თავადი სუმბათაშვილები ასვენია.

ნავთლუღის შესამჩნევი განაშენიანება დაიწყო გასული საუკუნის 30–იან წლებში. იმ დროს თბილისიდან ჯერ კიდევ მოწყვეტილ უბანში აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, ჰოსპიტალის მოსამსახურეების და სამხედრო პერსონალის საცხოვრებელი სახლების ინტენსიური მშენებლობა განსაკუთრებით თბილისი–ბაქოს რკინიგზის გაყვანისა და ნავთლუღის სადგურის აგების შემდეგ გაიშალა. აქ აღმოცენდა რკინიგზელების დასახლება. ამ ხანებში ნავთლუღის და დირსიჭალის ტერიტორია ვრცელი ბაღებით იფარება.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ამ რაიონში გაიშალა ფართო სამრეწველო მშენებლობა. ნავთლუღის სადგურის არსებობამ განაპირობა მის მიდამოებში დიდი სასაწყობო მეურნეობის შექმნა. ვითარდება ავეჯის და ქაღალდის წარმოება, შენდება ლითონის კონსტრუქციების, მანქანების, ფეხსაცმლის, ფაიფურის, ქსოვილების საწარმოები. დიდ ფართობს იკავებს სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები, ავტოსატრანსპორტო ბაზები, ხის სახერხი საწარმოები.

ნავთლუღის ტერიტორია ფართო ტერასებით გადის მტკვრის მარცხენა ნაპირისაკენ. აღმოსავლეთიდან ნავთლუღს საზღვრავს პატარა მდინარე ლოჭინისხევი, ჩრდილოეთიდან ქართლის ქედის კალთები, ჩრდილო–აღმოსავლეთის საზღვრები კი უშუალოდ სამგორს მიუახლოვდა. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე აქ გაიშალა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. დასახლებები წარმოიშვა სამრეწველო ობიექტების ირგვლივ.

გაშენდა ვრცელი საცხოვრებელი მასივი კახეთის გზატკეცილის გასწვრივ, რომლისთვისაც 64 ჰექტარი გამოიყო. გრძივი და განივი ქუჩებით მიკრორაიონი თითქმის თანატოლ კვარტლებად არის დაყოფილი. კახეთის შარაგზის მართობულად გაყვანილი 30 მეტრი სიგანის გზა თბილისის ზღვისკენ მიემართება. განივ ქუჩებს მივყავართ ინდივიდუალური სახლებით გაშენებულ უბანსა და ზედა ნავთლუღში. მიკრორაიონი გათვალისწინებულია 17 ათას მოსახლეზე.

70–იანი წლების დასაწყისში ჩატარდა ძირფესვიანი რეკონსტრუქცია კახეთის გზატკეცილის მონაკვეთისა აეროპორტამდე. ვიწრო გზატკეცილი თანამედროვე ოთხზოლიანმა ტრასამ შეცვალა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9