მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მუშ მუხ

მუხრანის ხიდის ბორანი

იმ ხაზზე, სადაც დღეს ბარათაშვილის სახ. ხიდია გასულ საუკუნეში ბორანი დადიოდა, რომელსაც „მუხრანის ხიდის ბორანი“ ერქვა. ბორანის უცნაური სახელი იმით აიხსნება, რომ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიდამოებში მუხრანბატონის სახლი იდგა. მის შორიახლოს, ავანანთ ხევზე, ქალაქის გალავნის მუხრანის კარიბჭის ღერძზე გადებული იყო მცირე ხიდი, რომელსაც „მუხრანისას“ უწოდებდნენ. აქედან მოდის ბორანის დასახელებაც. მარცხენა ნაპირზე ბორანის გაჩერებასთან რიყის ქუჩა და ციციანოვის აღმართი (აწინდელი ბარათაშვილის აღმართი) იწყებოდა, მარჯვენა ნაპირზე კი მუხრანის ქუჩა, რომლის მეშვეობითაც გადიოდნენ ე.წ. „სალდათის ბაზარზე (დღევანდელი კოლმეურნეობის მოედნის მიდამოებში). იმდროინდელი ცნობებით, „მუხრანის ხიდის ბორანს“ ერთ საათში უფრო მეტი მგზავრი გადაყავდა, ვიდრე დღე–ღამის განმავლობაში ვერის ხიდზე გადადიოდა. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებდა ამ ადგილას ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც საკმაოდ გვიან (1911 წელს) განხორციელდა კიდეც. ბორანს ხშირად მტკვრის წყალი იტაცებდა, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოყვებოდა. 1902 წლის 18 მაისს წყალმა 13 კაცი მოიტაცა. შემთხვევით როდია, რომ „მუხრანის ხიდის ბორანთან“ მაშველი პუნქტიც კი არსებობდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9