ფა ფე ფო ფრ ფუ
ფუნ

ფუნიკულიორი

ზოგჯერ თბილისელებისაგან გაიგებთ „ფუნიკულიორზე“ ვიყავით დასასვენებლად და გულისხმობენ მთაწმინდის პლატოს. სინამდვილეში კი „ფუნიკულიორი“ სალიანდაგო-საბაგირო გზის ამსახველი ტერმინია, რომელიც ბაგირის ლათინური სახელწოდებიდან (funicus) არის წარმოქმნილი. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. იგი ააგო ბელგიურმა აქციონერულმა საზოგადოებამ. მისი სიგრძე 501 მეტრს უდრის, გზის შუაწელზე 80-მეტრიანი ვიადუკია აშენებული.

მთაწმინდის პლატოს ათვისების იდეა გასული საუკუნის ბოლოს ჩაისახა. პირველად წინადადება წამოაყენეს სააგარაკო მშენებლობის თაობაზე, ხოლო შემდგომში წარმოიშვა აზრი აქ „ახალი ქალაქის“ დაარსების შესახებ. პლატოს ტერიტორია დაყვეს კიდეც ნაკვეთებად და დაიწყო მიწით სპეკულაცია. „ახალი ქალაქის“ მშენებლობის იდეა არ განხორციელებულა, თუმცა ფუნიკულიორის მშენებლობა ბოლომდე იქნა მიყვანილი. პლატოზე დიდხანს მხოლოდ ზედა სადგურის შენობა და რამდენიმე დუქანი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 30-იან წლებში გადაწყდა პლატოზე პარკის მშენებლობა. იგი ოფიციალურად 1938 წელს გაიხსნა, ამავე წელს დამთავრდა ზედა სადგურის ახალი შენობის მშენებლობაც (არქიტექტორები ზ. ქურდიანი, ნ. ქურდიანი, ა. ვოლობუევის მონაწილეობით).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9