მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მეტეხი

მეტეხის სახელწოდება გავრცელდა მე–13 საუკუნის დასასრულს, როდესაც (80–იან წლებში) აქ დიმიტრი თავდადებულმა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია ააშენა.

გადმოცემით, თითქოს პირველი ტაძარი და ციხესიმაგრე ამ ადგილზე ჯერ კიდევ მე–5 საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში. ეს გამოცემა უნდა ჰქონდეს ნაგულისხმევი პლატონ იოსელიანს, როდესაც იგი ამასვე იტყობინებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში დაკრძალულია წმ. შუშანიკი, მაგრამ ეკლესიის არსებობის თაობაზე იმ დროს რაიმე სარწმუნო მოწმობა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა ზოგიერთი მოსაზრებებით აქ ძველი ტაძარი უნდა მდგარიყო.

სიტყვა „მეტეხი“ სასახლის ადგილსამყოფელს, სასახლის მიდამოს ნიშნავს. მეტეხის სახელწოდებით ცნობილი იყო ღვთისმშობლის ეკლესია ქართლშიც, რომელიც ასევე სასახლისეული (კათოლიკოსის) ყოფილა. ცნობილი, რომ დაახლოებით მე–12 საუკუნიდან ისანში ქართველ მეფეთა სასახლე მდებარეობდა.

სასახლე და ეკლესია დაიწვა მონგოლების პირველსავე შემოსევისას 1235 წელს. სასახლე აღუდგენიათ, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ეკლესია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1278–1284 წლებს შუაა აშენებული. სამაბსიდიანი, ოთხი ცალკე მდგომი ბურჯით მეტეხის ტაძარი ამ ადგილზე ადრე მდგარ ეკლესიის გეგმას უნდა იმეორებდეს, რადგან ასეთი კომპოზიცია უჩვეულოა. (იხ. ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. შმერლინგი, თბილისის მეტეხის ტაძარი, თბილისი, 1969, გვ. 9.). დროთა განმავლობაში მეტეხის ტაძარი არაერთხელ აღდგენილა და შეკეთებულა. უკანასკნელის სამშენებლო ფენები მე–18 საუკუნეს და მე–19 საუკუნესაც კი განეკუთვნება. სამხრეთის კედლის ვრცელი ნაწილი ერეკლე მეორის დროს არის აღდგენილი. ბურჯები გუმბათის ყელი, კამარები კი მე–16, მე–17 საუკუნეებშია აგურით ამოყვანილი. თავდაპირველი შენობიდან თლილი ქვის გარე კედლების ფრაგმენტებია შემორჩენილი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხარეზე. მატიანე მიანიშნებს, რომ მეფე როსტომმა (მე–17 ს.) „მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, ვითარცა ციხე მტკიცე ხიდითურთ“. მეტეხის ციხესიმაგრეს დაახლოებით 0,8 ჰექტარი ეკავა და ორ დონეზე იყო განლაგებული. ისტორიკოსები აღნიშნავენ, მეტეხის (როგორც ადრე ისნის) შეუღწევლობას. თურქი გეოგრაფოსი ევლია ჩელები (მე–17 საუკუნის 40–იანი წლები) აღნიშნავდა, რომ მეტეხის მცირე ოთხკუთხა სიმაგრე ყოფილა. ციხის შიგნით მდგარა სამასი სახლი, ეკლესია და სხვა შენობები. მცირე ციხე ქალაქის დიდ ციხეზე უფრო მტკიცე ყოფილა. იგივე ევლია ჩელების ცნობით, მეტეხის სიმაგრეში სამი ათასი მცველი მდგარა.

1819 წელს დაანგრიეს ციხესიმაგრე და მისი ქვებით საპყრობილე ააგეს. ეს საპყრობილე 1938 წელს გააუქმეს, ხოლო სამამულო ომის შემდგომ წლებში იგი მოშალეს. მეტეხის ციხის კედლების უკანასკნელი ფრაგმენტები შთაინთქა 60–იან წლებში საყრდენი კედლის ამოყვანისას. მეტეხის კლდის წარბზე დაიდგა გორგასალის ძეგლი, მოქანდაკე ე. ამაშუკელის, არქიტექტორების თ. კანდელაკის და დ. მორბედაძის პროექტით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9