ლი ლო ლუ
ლილ ლის

ლისის ტბა

საბურთალოდან ჩრდილო-დასავლეთით 630 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან მდებარეობს 1000 მეტრი სიგრძისა და 600 მეტრი სიგანის ლისის ტბა. ბოლო წლებში აქ გაშენდა პარკი პარტიზანების ხსოვნის აღსანიშნავად. ტბა იკვებება მიწისქვეშა და ატმოსფერული წყლებით.

სახელწოდების წარმოშობას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ „ლისი“ სილის და ქვიშის აღმნიშვნელი სიტყვაა. იმერული და რაჭული წარმოშობის ასევე სილისა და ქვიშის მნიშვნელობით განმარტავს „ლისის“ ვუკოლ ბერიძე. სხვა მოსაზრებებით (ი. მაისურაძე) „ლისი“ სიტყვა „ლი“ ან „ლია“-დან უნდა მოდიოდეს. სულხან-საბა ორბელიანი მას ასეთ განმარტებას აძლევს: „ლია - საფლობი ტალახი“, რაც ზემოთ მოყვანილ აზრს უახლოვდება. ზოგიერთის განმარტებით ტბის სახელი ტბებისა და ჭაობების მცენარეულის დასახელებით - „ლისით“უნდა აიხსნას.

ლისის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრის მანძილზე განლაგებულია სოფელი თხინვალი. სოფლის სიახლოვეს ნაკადულის მარცხენა კლდოვან ნაპირზე დგას წმ. გიორგის უგუმბათო ეკლესია. ამ ადგილს საგაბაშვილოს უწოდებენ. ეკლესია აგებულია ლამაზი ფაქტურის ღია ფერის აგურით, განიერი ნაკერებით. კარნიზი ქვისაა. სამხრეთ კედელში ჩატანილია ქვის ფილა, რომელზედაც მზის საათია გამოსახული, ასევე ქვაზეა ამოჭრილი ჯვრის გამოსახულება აღმოსავლეთის ფასადზე. ეს ორი ქვის ფილა შეადგენს ეკლესიის გარე მორთულობას. გვიანფეოდალურ ხანას ეკუთვნის შეისრული თაღებით გაჭრილი აგურით ამოყვანილი პორტიკი. დაშლილია მეორე პორტიკი სამხრეთის მხრიდან და ჩრდილოეთიდან მიკედლებული ეკვდერი. ეკლესიის მაღალი მოცულობა გადახურულია ისრული მოხაზულობის კამარით. ღრმა საკურთხევლის გვერდებზე მოთავსებულია კამარით გადახურული სამკვეთლო და სადიაკვნე. ჩრდილოეთის კედელში ჩამალულია ასასვლელი კამარის ზედა ნაწილი.

ლისის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ის მანძილზე განლაგებულია ორი სოფელი: ქვემო ლისი და ზემო ლისი, რომლებიც ბოლო ხანს ფაქტიურად გაერთიანდნენ. ქვემო ლისის ჩრდილო ნაპირას განლაგებულ პატარა სასაფლაოზე დგას მე-13 - მე-14 საუკუნეების ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. ასევე ნახევრად დანგრეულია ზემო ლისის წმ. გიორგის პატარა ეკლესია.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9