ბა ბე ბზ ბნ ბო
ბეთ ბერ ბეჰ

ბეთლემი

ბეთლემის ეკლესია დღეს ფეთხაინის ეკლესიად ცნობილი ტაძრის პირვანდელი სახელწოდებაა. საქართველოში ქრისტიანულ სამლოცველოებს ხშირად ე.წ. „წმინდა ადგილების“ სახელებს არქმევდნენ. ებრაულად „ბეთ“ სახლს ნიშნავს, „ილი“ – ღვთისას. ამგვარად „ბეთილი“, „ბეთლემი“ ღვთის სახლს ეწოდება. ბეით–ლეჰმი ან ბეთლეჰემი თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში (დღევანდელ იორდანიაში) და ბიბლიის მიხედვით დავითის სამშობლოა. სახარების მიხედვით აქ იოსე ქრისტე დაიბადა.

გადმოცემით, თბილისის ბეთლემის ეკლესიას ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მრავალი გადაკეთებით (განსაკუთრებით ინტერიერში) მოღწეული ეკლესია აუგია თავად გივი ამილახვარს 1740 წელს. ეს ის გივი ამილახვარია, რომლის თაობითაც 1742 წელს ააშენეს ქაშვეთის აგურის ახალი ეკლესია (დღევანდელის წინამორბედი). გივი ამილახვარი ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემოქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი ყოფილა. მას არაერთი ციხე და ეკლესია აღუდგენია. ბეთლემს სომხური ეკლესია დაეპატრონა და მას ფეთხაინი ეწოდა, თუმცა ეკლესიას, როგორც ქართველთათვის უძველეს „წმინდა ადგილზე“ აგებულს, ქართველი მრევლიც ჰყავდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9