კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიკ კიმ

კიკანათ-ბერი

ციხე (ქც 4: 343,21; 433,21; 435,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 343,21, 433,21, 435,8), 1652 წ. მამულის ბოძების სიგელი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124).

ვახუშტი ბაგრატიონი კიკანათბერის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ბობნავს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ციხე კიკანათ-ბერი, კლდით მოზღუდვილი, და წყარო შიგ გადმომდინარე, და ფრიად მაგარი“ (ქც 4: 343,20-22).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფ. ბობნავს ზემოთ, ტანას ხეობასა და რაზმათის მთას შორის.

კიკანათბერი სამეფო აზანაურების – სააკაძეთა რეზიდენცია იყო. ტანას ხეობის ზემო წელში, სოფელ ფელთან ერთად, მათ აქ ჰქონდათ ციხეები, სასახლე და ეკლესია (ჯამბურია 1964: 20, 21, 28). 1624 წ. გიორგი სააკაძე ამაგრებს ციხეებს: ალს, სურამს, კეხვსა და კიკანათბერს (ქც 4: 433,21,22). მან ამ ციხეში გამოამწყვდია ხოსია ბარათაშვილი (ქც 4: 435,8). გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ (1625) კიკანათბერის ციხე სახასოა. 1652 წ. სიგელით ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) გიორგი სააკაძის შვილიშვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა კიკანათბერის ციხე სოფ. ღვედრეთთან ერთად (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124).

ტანას ხეობაში მდებარე სხვა ციხეებთან ერთად კიკანათბერი წარმოადგენდა ხეობაზე გამავალი გზის მაკონტროლებელსა და დამცავ ნაგებობას (ბერძენიშვილი 1966: 47). კიკანათბერის ციხისაგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 47; გვასალია 1983: 147; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124; ქც 4: 343,21; 433,21; 435,8; ჯამბურია 1964: 20-33.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9