ყა ყვ ყი ყო ყუ
ყამ ყან ყარ ყაყ

ყანჩაეთი


(ქც 4: 359,16,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,16,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 444,5), „ძეგლი ერისთავთა“ (ქრონიკები 1897: 6, 13, 172; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 112), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 273; 1967: 10, 11; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 126).

ვახუშტი ბაგრატიონი ყანჩაეთის შესახებ გადმოგვცემს: „წირქუალს ზეით, ჩდილოთ, არს მონასტერი კაბენი, გუმბათიანი, ყანჩიეთს, კეთილად ნაშენი, შუენიერს ადგილს და აწ ხუცის სამარ“ (ქც 4: 359,16,17).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, ახალგორიდან 6 კმ-ის დაშორებით, მდ. ყანჩაურას ხევის ნაპირებზე, თანამედროვე სოფ. ყანჩაეთის მიდამოებში.

IX ს-ში ყანჩაეთი საერისთავოს ცენტრია. მისი მფლობელები იყვნენ ერისთავთ-ერისთავები ბაკურ და იოანე ყანჩაელები. X ს-ში ყანჩაეთმა საერისთავოს ცენტრის ფუნქცია დაკარგა (გვასალია 1983: 25). XIV ს-ის დასაწყისში მეფე ვახტანგ III-მ (1302-1308) ყანჩაეთი ქსნის ერისთავ შალვა ქვენიფნეველს უწყალობა (გვასალია 1983: 68). XV ს-ში აქ ყმა-მამული ჰქონია სამთავისის მონასტერსაც (ქრონიკები 1897: 273). ყანჩაეთის კაბენში საძვალე ჰქონდათ ქსნის ერისთავთა განაყოფ აზნაურ რატიშვილებს (გვასალია 1983: 74). ისინი ფლობდნენ ამ სოფელს XVIII ს-შიც (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 126). სოფელზე გადიოდა ქსნისა და ლეხურის ხეობების შემაერთებელი უძველესი გზა (გაგოშიძე 1964: 7).

1960 წ. სოფლის მახლობლად, ადგილ „ნიშივაკეზე“, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც აღნუსხა კულტურის სამინისტროს მიერ მივლინებულმა ექსპედიციამ (ო.ტყეშელაშვილი, გ. მიქაძე). 1977 წ. ადგილ „ოთარაანთ მიწებზე“ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე) გამოავლინა ადრე შუა საუკუნეების ეკლესია და სამაროვანი. 1979 წ. ამავე ექსპედიციამ იქვე მიაკვლია ანტიკური ხანის სამაროვანსა და შუა საუკუნეების ნასახლარს.

მდ. ყანჩაურასა და დაკიდული ხევის შესართავში, სოფ. ყანჩაეთის ზემოთ, ადგილ „ნიშივაკეზე“ აღმოჩენილი სამარხი დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მიცვალებულის ძვლები დაშლილი იყო. ინვენტარის გადარჩენილი ნაწილი 38 დასახელების 79 ნივთისაგან შედგება. აქედან ვერცხლისაა 33, ბრინჯაოსი 31 და რკინის 13 ნივთი. სამარხში აღმოჩნდა: თიხის რუხი ფერის კოჭბისა და წითლად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები; მიცვალებულის ტუჩებსა და თვალებზე დასაფარებელი ფირფიტები (3 ც); ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 ზურგშეზნექილი სამაჯური; ვერცხლის ოვალურფარაკიანი საბეჭდავი ბეჭდები (3 ც); ბრინჯაოს ჭვირული შტანდარტი; ნამგალა მთვარისებური ჭვირული ფირფიტა; ცხვრის ქანდაკება; ზარაკები; რკინის ცალპირა მახვილი; ლურსმანი; ბრინჯაოს 3 ლაგამი; ცხენის ავშარის შესამკობი ვერცხლის ფირფიტები; ვერცხლისავე პირგადაშლილი თასი; ბრინჯაოს სურა და სხვ. (გაგოშიძე 1964: 12-68). სამარხი ძვ. წ. V ს-ით დათარიღდა (გაგოშიძე 1964:77). სხვა მოსაზრებით, მისი თარიღი ძვ. წ. IV ს-ის შუა ხანების შემდგომი პერიოდითაა განსაზღვრული (ლორთქიფანიძე 1985: 161).

ადგილ „ოთარაანთ მიწებზე“ მიკვლეულია ანტიკური ხანის სამაროვანი (ბოხოჩაძე ... 1982: 106). აგრეთვე ადრე შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის გარშემოც კირხსნარითა და ფლეთილი ქვებით ნაგები აკლდამები იყო. ზოგიერთ მათგანში დაკრძალული იყო ათზე მეტი მიცვალებული. ეკლესიის მიდამოებში ადრე შუა საუკუნეების ნასახლარია (ბოხოჩაძე ... 1980: 209).
 
ბიბლიოგრაფია: ბოხოჩაძე ... 1980: 209; ბოხოჩაძე ... 1982: 106; გაგოშიძე 1964; გვასალია 1967: 9-54; 1983: 13, 26, 51, 66, 68, 71, 74, 77, 78; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 126; ლორთქიფანიძე 1985: 141-162; მაკალათია 1968; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 112; ქრონიკები 1897: 6, 13, 172, 273; 1967: 10, 11; ქც 2: 444,5; ქც 4: 359,16; 514,20.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9