კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კალა


(ქც 1: 136,13,20; ქც 4: 119,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 136,13,20), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 181,21; 223,12,13; 225,4,8,9), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 373,23; 374,23; 375,8), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 119,9; 146,24; 202,25; 333,28,29; 334,2,4,6,17,19-22,სქ.2; 335,1; 337,2,8,9,14; 338,1; 385,9; 402,18; 406,27; 426,24; 432,15; 434,17,18; 463,20; 465,25), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 328,7,9,11,14,16,18; 323,15-17; 344,3,11,30,31; 345,1; 365,15; 367,10; 374,14,16; 410,24,26; 413,8,9; 449,23,32; 450,6,18,21-23; 462,25,26,29-31; 485,2,4,6), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 92, 95, 96), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 57, 62, 67, 68; 1967: 194, 431; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 86, 91; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512; სიმონ მეფის არზა ... 1980:1 61; დოკ. თბ. ისტ. 1962: 7, 11, 48, 53, 68, 80, 86, 111, 124, 167, 265, 291, 295), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 466), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 627), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 4, 9, 10, 11, 25, 27, 28, 42, 78-81, 83, 84, 88, 94), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 141, 146, 148, 157), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 5, 6, 35-37, 50, 56), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 250, 251), იესე ოსეს ძის „ქორონიკონი“ (იესე ოსეს ძე 1940: 132), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 88); ქართულ-სპარსული ორენოვანი ისტორიული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1984: 34), „სამყაროს საკვირველებანი“ („სამყაროს საკვირველებანი“ 1978: 28), ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარის „უკეთესთაგან უკეთესი (ისტორია)“ (ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 94, 96), სპარსული ისტორიული საბუთები (საქ. მუზეუმის ... 1949: 30, 38, 90; სპარ. ისტ. საბ. 1962: 72, 73; 1965: 4); მუსტაფა ალის (მუსტაფა ალი 1962: 256), იბრაჰიმ ფეჩევის (ფეჩევი 1964: 41), ისქანდერ მუნშის (მუნში 1969: 24, 30, 33, 34, 62, 64, 91, 95, 101, 124-126; 1981: 54, 60), ქათიბ ჩელების (ჩელები 1978: 117, 118, 134, 248, 253), ევლია ჩელების (ჩელები 1971: 292-295, 335), ჩელები ზადეს (ჩელები-ზადე 1973: 327), მოჰამედ თაჰერის (მოჰამედ თაჰერი 1954: 381), მუსტაფა სელიანიქის (სელიანიქი 1960: 263, 268, 269) თხზულებები; თურქული ისტორიული საბუთები (სამი თურქული საბუთი ... 1987: 76, 78, 86, 90-92; ორი თურქული ფირმანი 1993: 260, 261, 263); ამბროზი კონტარინის (კონტარინი 1894: 55), დონიჯო კარლის (დონიჯო კარლი 1951: 170, 173-175), ჯოვანი მარია ანჯოლელოს (ანჯოლელო 1981: 78), ჟან შარდენის (შარდენი 1975: 313, 319, 389, 397), ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის (ტურნეფორი 1988: 65) თხზულებები; იოჰან გულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 87).

ვახუშტი ბაგრატიონი კალას შესახებ გადმოგვცემს: „კალას არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და ჩამოზღუდვილი სალალაკის-ხევი მტკურამდე ... მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლაოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და შუენიერნი“ (ქც 4: 334,17-21). ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომის არშიაზე მინაწერის განმარტებით, კალა იგივე ტფილისის ციხეა, „რომელსა უწოდებენ ნარიყალად“ (ქც 4: 334, სქ. 2).

მდებარეობს თბილისში. მტკვრის მარჯვენა ნაპირის შემაღლებულ კლდეზე, მეტეხის ტაძრის მოპირდაპირედ. წარმოადგენდა თბილისის დედა ციხეს – ციტადელს.

წყაროებში კალა უკვე IV ს-ის პირველი ნახევრის ამბების თხრობისას იხსენიება (მქ 1963: 92, 95, 96; ქც 1: 136,13,20). ის სპარსელებს აუშენებიათ მცხეთის მეტოქედ – შურის ციხედ (ქც 4: 334,6). IV-V სს-ში იქ ირანელთა მოხელე იჯდა. თბილისის დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ კალას მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება (ქც 1: 233,12; ქც 4: 119,9). ირანელთა განდევნის შემდეგ კალა ჯერ ქართლის მეფეების, შემდეგ ქართლის ერისმთავართა რეზიდენცია იყო. 628 წ. ბიზანტიელებმა და მათმა მოკავშირე ხაზარებმა აიღეს (ქც 1: 225,7-9; ქც 4: 334,8,9). არაბთა მიერ ქართლის დაპყრობის შემდეგ კალა არაბებმა დაიკავეს. XI ს-ის შუა ხანებისათვის ბაგრატ IV (1027-1072) მცირე ხნით დაეუფლა „კალა-ტფილისს“ (ქც 4: 146,24). დავით აღმაშენებელმა (1089-1125) 1122 წ. დაიბრუნა თბილისი. 1226 წ. მარტში თბილისი და კალა დაიპყრო ჯალალედინმა (ქც 4: 202,25). თემურ-ლენგმა 1386 წ. სასტიკი ბრძოლების შემდეგ აიღო თბილისის ციხე და დაატყვევა იქ მყოფი ბაგრატ V (1360-1393). 1541 წ. თბილისი და მისი ციხე შაჰ-თამაზმა (1524-1576) დაიპყრო. ქართლის მეფე სვიმონ I (1556-1600) შეეცადა მის დაბრუნებას, მაგრამ ციხე ვერ აიღო (გორგიჯანიძე 1926: 25). ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) კალას ციხის სამეფო სასახლე ყიზილბაშებს დაუთმო, თვითონ კი სასახლე სიონსა და ანჩისხატს შორის აიშენა (ქც 4: 334,21-24). 1748 წ. 10 აგვისტოს ერეკლე II-მ (1744-1798) ნარიყალას ციხე გაათავისუფლა ყიზილბაშებისაგან (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 86). ნარიყალასთან უკანასკნელი ბრძოლა მოხდა 1795 სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. ციხის სახელი კალა, შემდგომ მის მიმდებარე უბანზეც გავრცელდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „ტფილისი არს სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს: კალას უდის ჩრდილოთ-აღმოსავლით, ტფილისს – ჩდილოთ და ისნს – დასავლით და სამხრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი“ (ქც 4: 333,28,29; 334,1-3). კალას ციხე, თბილისის ციტადელი (მოგვიანო ხანის ნარიყალა სპარსულად შიდა ციხე) წყაროებში იხსენიება როგორც შურის ციხე (ქც 4: 334,6), თბილისის ციხე (ქც 4: 385,9).

1954 წ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ტყეშელაშვილი) ნარიყალაზე ჩაატარა მცირე დაზვერვითი სამუშაოები (ტყეშელაშვილი 1966: 17, 18). 1956-1957 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთობლივი ექსპედიცია (ხელმძღ. ი. გძელიშვილი, ო. ტყეშელაშვილი) გათხრებს აწარმოებდა ერეკლე II-ს მოედანზე (გძელიშვილი, ტყეშელაშვილი 1961). ამ მიდამოებში 1975 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა) სწავლობდა გიორგი XII-ის სასახლესა და მასთან მდებარე კარის ეკლესიას (ართილაყვა ... 1978: 85, 86). 1966, 1967, 1969 წწ. ნარიყალაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთობლივი ექსპედიცია (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი) (ლომთათიძე ... 1967: 77-83; ლომთათიძე ... 1969: 38, 39; ლომთათიძე ... 1971: 99-104). ერეკლე II-ეს მოედანზე 1988 წ. გათხრები განაახლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი). იქ გამოვლინდა შუა საუკუნეების სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები და სარკოფაგები (ტყეშელაშვილი 1997: 118-120).

თბილისის ციტადელის (ნარიყალას) ძირითადი ნაწილი ლეღვთა ხევის შესართავთან, სოლოლაკის ვიწრო ქედის კლდოვან კონცხზეა აღმართული. ნაგებობა შედგება ციხე-კოშკებისა და ზღუდეების რთული სისტემისაგან, რომელიც მრავალგზის დანგრეული, აღდგენილი და გადაკეთებულია. კალას ერთი კედელი წავკისის წყლის (ახლანდელი დაბა-ხანის) პარალელურად გადიოდა და მთავრდებოდა სოლოლაკის ქედზე ციტადელით. ციხის მეორე კედელი ეშვებოდა მტკვრის ნაპირამდე. დასავლეთიდან კალას იცავდა ე. წ. „შაჰის ტახტი“, რომელიც ციტადელთან კედლით იყო შეერთებული.

კალას მიდამოებიდან ყველაზე ადრეული ნივთი 1948 წ. შემთხვევით აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის შედგენილტარიანი სატევარია. ტარის თავი წარმოადგენს დაფანჯრულ ნახევარსფეროს. პირი შემკულია რელიეფური ხაზოვანი ორნამენტით. სატევრის სიგრძეა 35,3 სმ (ფიცხელაური 1959: 110). ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ციხის გათხრებისას ქვედა ტერასაზე გამოვლინდა გუმბათიანი ეკლესიის (10,4X17,5 მ) ნანგევები. ეკლესია ნაშენი ყოფილა აგურითა და დაკუთხული ქვებით. იატაკი აგურისა ჰქონია. გარედან კედლები და გუმბათი ღია ფერის ქვათლილებით ყოფილა შემოსილი. გათხრებისას აღმოჩნდა XII-XIII სს-ის ჩუქურთმიანი ქვები. ეკლესიის შიგნით გაიწმინდა აგურის ორი მრგვალი სვეტი, რომელთაგან ერთზე შეიმჩნეოდა შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია. ეკლესიას ეკუთვნის რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა, რომლებიც ციხის ზღუდის გარეთა პერანგშია ჩაშენებული. ეკლესიის დანგრევის შემდეგ მისი ორი კარი აგურით ამოუქოლავთ. საკურთხეველი შუაში გაუჭრიათ და ახალი კარი მოუწყვიათ. ნაგებობის დასავლეთი კედლის ნანგრევებზე მცირე აბანო გაუმართავთ. ეკლესია თარიღდება XIII ს-ის მეორე ნახევრით. ეს უნდა იყოს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მითითებული კალას ტერიტორიაზე აღმართული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ქც 4: 334,17-21). ვახუშტი ბაგრატიონი ეკლესიაზე მსჯელობდა, როგორც ჯერ კიდევ მთელზე. ეკლესია დანგრეულა XVIII ს-ის მეორე ნახევარში, რასაც მისი გადაკეთება მოჰყოლია. დასავლეთი ფასადის წინ აუგიათ აგურის კედელი, ხოლო სივრცე ფასადსა და კლდეს შორის ამოუვსიათ. ამგვარად წარმოქმნილ მოედანზე გაუმართავთ აგურის აბანო, რომლისაგანაც შემორჩენილია საცეცხლური, აბაზანა და საკანალიზაციო სისტემა. პლატონ იოსელიანის ცნობით გენერალ ერმოლოვს სასახლის კარის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია თოფის წამლის საწყობად უქცევია, ხოლო სასახლის ნანგრევები დაურღვევია (იოსელიანი 1866: 251, 252). სხვა ცნობით 1827 წ. საწყობად ქცეულ ეკლესიას მეხი დასცემია და აფეთქებულა (ლომთათიძე ... 1971ა: 27-30). 1997 წ. ეკლესია აღადგინეს და ამჟამად მოქმედია.

ეკლესიის ნანგრევების თხრისას მრავლად ჩნდებოდა მოუჭიქავი და ცისფრად მოჭიქული კრამიტი, მოჭიქული შორენკეცები. ეკლესიის ირგვლივ გაითხარა რამდენიმე ნაგებობა. ერთი მათგანი მდებარეობს ბოტანიკური ბაღის ფლატის პირას. მისი გათხრებისას მიკვლეული კერამიკის უმრავლესობა განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ნაგებობაც ასე დათარიღდა. შენობის გათხრებისას აღმოჩნდა ორნამენტით შემკული ქვის ფრაგმენტი, რომელიც განსხვავდება დიდი ტაძრის ნანგრევებიდან მომდინარე ორნამენტიანი ქვებისაგან. სხვა თხრილში აღმოჩნდა ეკლესიის ტიმპანის რუხი ქვა, რომელზეც ჯვარია გამოსახული. თვით დიდი ეკლესიის ზეძირკვლის ქვემოთ გაიწმინდა რუხის ფერის გათლილი ქვები. შესაძლოა, გუმბათიანი ეკლესია დაფუძნებული იყო უფრო ადრეულ, ალბათ უგუმბათო ეკლესიის ნაშთზე. არაა გამორიცხული, რომ იმ ძველი ნაგებობის ნაშთი იყოს ის დიდი ქვათლილები, რომლებიც შიდა ციხის კარიბჭის კოშკის წახნაგებზეა შემორჩენილი.

კარიბჭესა და ეკლესიას შორის გამოვლინდა 17 მ სიგრძისა და 14 მ სიგანის ნაგებობა, რომლის კედლების სიმაღლე შემორჩენილია საშუალოდ 3 მ-ზე. მათი სისქეა 0,7-0,9 მ. კედლებზე ორი სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ქვედა ნაწილის წყობა მსგავსია ეკლესიის წყობისა (დაკუთხული და აგურით „შემოჩარჩოებული“ ქვები და აგურები). კედლის ზედა ნაწილი მხოლოდ აგურითაა ნაგები. ქვედა ფენა განვითარებული, ხოლო ზედა – გვიანი შუა საუკუნეებისაა. ამას ადასტურებს ნაგებობის გათხრებისას აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალაც, რომელთა ნაწილი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. უმრავლესობა კი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ქვედა ფენას მიეკუთვნება მარანი, რომელიც ციხის ქართველ მფლობელთა საკუთრება იქნებოდა. შენობას სამხრეთიდან მიდგმული აქვს აგურის ნაგებობა და მასთან დაკავშირებული წყალსადენის ნაშთი. აქ აღმოჩენილი მონეტის მიხედვით შენობა XV ს-ით თარიღდება (ლომთათიძე ... 1971ა: 30, 31). ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა თიხის მილებით შედგენილი წყალსადენით, რომელიც სათავეს იღებდა 5 კმ-ის დაშორებით, სოფ. ოქროყანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და პირდაპირ ციტადელში შედიოდა (მინდაძე 1977: 11-15).

ნარიყალას განათხარი მასალის უმრავლესობა კერამიკაა. მათ შორის გამოირჩევა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მოუჭიქავი თუ მოჭიქული მასალა: სამეურნეო და სამზარეულო დანიშნულების ჭურჭელი, ჭრაქები, ჩიბუხები და სხვ. მოჭიქული კერამიკა, რომელშიც IX-XIV და XVII-XVIII სს-ის ნიმუშებია, მეტწილად ადგილობრივია და ისევე, როგორც მოუჭიქავი კერამიკის გარკვეული ნაწილი, ციხის ტერიტორიაზე ჩანს დამზადებული. ფაიანსი და ფაიფური, რომელიც XVII-XVIII და XVI-XVIII სს-ით თარიღდება, იმპორტულია და დამპყრობელ მეციხოვნეთა კუთვნილება იყო. მათი თანადროულია იმპორტული მინის ნაწარმი. განათხარ კერამიკაში წარმოდგენილია ცისფრად მოჭიქული ღარიანი კრამიტები. სხვადასხვა ნივთებიდან აღსანიშნავია გვიანი შუა საუკუნეების ნალები, ლურსმნები და სხვ. მონეტებიდან გვხვდება თამარის სპილენძის ფული, XVII ს-ის თურქული ახჩა, 1784 წ. მოჭრილი ეკატერინე II-ის სპილენძის ფული და სხვ (ლომთათიძე ... 1971: 32).

ციტადელზე აღმოჩენილი მოუჭიქავი კერამიკის დიდი ნაწილი წერნაქით შეღებილი ჭურჭელია, რომლის ერთი ჯგუფი წითელი საღებავითაა მოხატული. სუფრის ჭურჭელი წარმოდგენილია კოკების, დოქების, ხელადების, ჯამების, თეფშების, სურებისა და სხვ. სახით. კოკებში ოთხი ტიპი გამოიყოფა. I ტიპის კოკებისათვის დამახასიათებელია დაბალი ყელი, ვიწრო და მრგვალი პირი, განიერი მხრები. მსგავსი ფორმის უწერნაქო ნიმუშებიც გვხვდება. II ტიპის კოკები მრგვალპირიანია, დაბალი, ცილინდრული ყელით. მათ ფართო პირი და ბრტყელი ბაკო აქვთ. ზოგი მათგანი ზედაპირნაპრიალებია. III ტიპის კოკები ტუჩიანია, ცილინდრულყელიანი. წერნაქიანი ზადაპირი გაპრიალებულია. IV ტიპის კოკები ფართოყელიანია, მაღალტანიანი, მუცელგამობერილი. მხარი შემკულია ამოკაწრული „თევზიფხური“ ორნამენტით. ზედაპირზე დაუყვება პრიალა ზოლები. კოკურები კოკებთან შედარებით მცირე ზომისაა. ჭურჭელს მრგვალი პირი და დაბალი ყელი აქვს. შეღებილების გარდა, მათში გვხვდება მოხატული ნიმუშებიც (არჩვაძე 1974: 174-176). ხელადებში სამი ტიპი გამოიყოფა. I ტიპის ხელადები მაღალყელიანია. ყელზე შემოუყვებათ რელიეფური სარტყელი, რომელზეც დაძერწილია ყური. ისინი XVII ს-ით თარიღდება. II ტიპის ხელადებში ერთიანდება რელიეფური სარტყლით შემკული, მაღალყელიანი, ვიწრომხრებიანი ჭურჭელი, რომელშიც რამდენიმე ქვეტიპი გამოიყოფა. ა) ყელმაღალი ხელადები ორმაგი ყურით. ყელის შუა ნაწილზე შემოუყვება მაღალი ლილვაკი. ყელი ტანისაგან დაბალი ნაწიბურებითაა გამოყოფილი. ხელადა შემკულია „თევზიფხური“ ორნამენტით. ბ) მაღალ და ვიწროყელიან მხრებდაქანებულ ხელადებს ყელზე შემოუყვება წიბო. ისინი ზედაპირ-ნაპრიალებია. III ტიპის ხელადები ტუჩიანია, მაღალყელიანი, მრგვალმუცლიანი. დოქებში სამი ტიპი გამოიყოფა. I ტიპის დოქები ოდნავ პირგადაშლილია, დაბალყელიანი, მრგვალმუცლიანი. II ტიპში ერთიანდება მილნისკარტიანი დოქები. ამ ტიპის უწერნაქო ნიმუშებიცაა აღმოჩენილი. მილნისკარტიანი ჭურჭელი მუსლიმური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ციტადელზე მისი აღმოჩენა იქ ირანელ და თურქ მეციხოვნეთა ხშირ დგომას უკავშირდება (XVI-XVIII სს-ის პირველი ნახევარი). III ტიპის დოქები ვიწროპირიანია, ყელმაღალი, მხრებგანიერი. სუფრის ჭურჭელს შორის საინტერესოა მოყავისფრო წერნაქით დაფარული, ზედაპირნაპრიალები ფრაგმენტები. გამოწვამდე ხაზოვანი ორნამენტია ამოკაწრული. გრავირებულია და მოთეთრო ანგობით ინკრუსტირებული. ორნამენტი კეცთან შედარებით ამაღლებულია. ისინი იმპორტული ნიმუშები უნდა იყოს. სურებისათვის დამახასიათებელია მაღალი, რელიეფურსარტყლიანი ვიწრო ყელი და გამობერილი მუცელი. ყელი ტანისაგან წიბურითაა გამოყოფილი. მუცელზე შემოუყვებათ კონცენტრული ღარი და კანელურები. წერნაქიანი ზედაპირი ხაზებითაა ნაპრიალები (არჩვაძე 1974: 176-181). ჯამებში სამი ტიპი გამოიყოფა. I ტიპს მიეკუთვნება წერნაქით ორმხრივ შეღებილი სწორქიმიანი ჯამები. მათ დაბალი, ამოღარული ქუსლი და დაქანებული კალთები აქვთ. ერთ-ერთი ჯამის ქუსლზე გამოწვამდე დამღაა ამოტვიფრული. ჯამის ერთ ნატეხზე გამოწვის შემდეგ ამოუკაწრავთ რვიანი და ჯვარი. II ტიპის ორმხრივ წერნაქით შეღებილი ჯამებისათვის დამახასიათებელია ძირისაგან მკვეთრად გამოყოფილი ქიმი, ბრტყელი ბაკო და დაქანებული კალთები. III ტიპის ჯამებს ახასიათებს მაღალი კედლები, ვიწრო ძირი და ამოღარული ქუსლი. პირის კიდე თითქმის ყოველთვის შიგნითაა დაქანებული. თეფშებს აქვს ვიწრო, ბრტყელი ძირი, დაქანებული კალთები, გადაშლილი პირი. ორმხრივ დაფარულია წერნაქით. ჭიქები ორი ცალია. მათ ახასიათებს ბრტყელი, ოდნავ გამოყოფილი ძირი და პირისაკენ გაფართოებული კედლები.

სამზარეულო კერამიკა ცოტაა. ქოთნები ვიწროპირიანია, მხრებგანიერი. ერთი ტუჩიანია. სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი წარმოდგენილია ქილების, დერგებისა და ქვევრების ფრაგმენტებით. ნარიყალას წერნაქიანი კერამიკა XVI-XVIII სს-ით თარიღდება. ჭურჭლის უმეტესობა ციტადელზეა დამზადებული, რაზეც მიუთითებს იქ აღმოჩენილი წერნაქიანი წუნდებული ნიმუშები (არჩვაძე 1974: 181-186).

მოუჭიქავ კერამიკაში მრავლადაა XV-XVIII სს-ის საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები. ჭრაქებში ფორმების მიხედვით გამოიყოფა ნიჟარისებური და ვაზისებური ნიმუშები. ნიჟარისებური ჭრაქები თავის მხრივ ორ ქვეტიპად იყოფა. პირველი ქვეტიპის ნიჟარისებური ჭრაქებისათვის დამახასიათებელია სწორი პირი, დაქანებული კალთა, ბრტყელი ძირი და მოგრძო ტუჩი. პირი კალთისაგან მკვეთრი წიბოთია გამოყოფილი. მეორე ქვეტიპის ჭრაქებში პირი კალთისაგან მკვეთრი წიბოთი არაა გამოყოფილი. ვაზისებური ჭრაქებიც ორ ქვეტიპად იყოფა: დაბაფეხიან, ყურიან ჭრაქებად, რომელთაგან ზოგი მოჭიქულიცაა და მაღალფეხიან, უყურო ჭრაქებად. სასანთლეებისათვის დამახასიათებელია მაღალი, ვიწრო ფეხი და ლამბაქისებური ძირი. ფეხს ნაწიბურიანი ლილვაკი შემოუყვება. სანთლის ჩასაქრობები სამი ერთეულია. მათ წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვთ. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ჩიბუხები, რომლებიც გამოირჩევა ორნამენტისა და ფორმათა მრავალგვარობით. მათ შორის გვხვდება წერნაქიანი ნიმუშებიც. ჩიბუხებთან ერთად აღმოჩენილია ყალიონებიც, რომელთაგან ზოგიერთი ცისფრადაა მოჭიქული. გვხვდება ფაიფურისა და ქვისაგან დამზადებული ყალიონებიც. ჩიბუხების უმრავლესობა, როგორც პირადი მოხმარების საგნები, თან უნდა მოეტანათ დამპყრობლებს. ყალიონებიც მუსლიმური სამყაროსათვისაა დამახასიათებელი და ჩვენში ნაკლებადაა გავრცელებული. ნარიყალაზე მათი აღმოჩენა ციტადელში ხანგრძლივი დროით მდგარ ირანელ და თურქ დამპყრობლებს უკავშირდება (არჩვაძე 1978: 111-131).

ნარიყალას გვიანი შუა საუკუნეების მოჭიქულ კერამიკაში გამოიყო ორი ძირითადი ჯგუფი და რამდენიმე ქვეჯგუფი. I, 1. თეთრი ანგობით დაფარული და ფერადი საღებავით მოხატული მოჭიქული კერამიკის უმრავლესობა სუფთად განლექილი მოყვითალო, მოვარდისფრო თიხისაა. ჯამები დაბალია, გაშლილი, გამოყვანილი ქუსლითა და ბრტყელი ძირით. ჭურჭელი ორმხრივ თეთრი ანგობით დაფარული და მოჭიქულია. ორნამენტი გამოყვანილია ჯამის შუა ნაწილზე. კიდე თავისუფალია. პირსა და გარეპირს შემოუყვება ფერადი ხაზები. ორნამენტი გამოყვანილია ერთი (ლურჯი, მწვანე, სოსნისფერი) ან რამდენიმე (ცისფერი და მწვანე, ცისფერი და ყვითელი და სხვ.) ფერის საღებავით. ორნამენტის კონტურები ზოგჯერ შავი საღებავითაა მოხატული. ა) მოჭიქული კერამიკა, რომლის ორნამენტი გამოყვანილია ერთი ფერის საღებავით. მათ შორის აღსანიშნავია ცხოველის სკულპტურული გამოსახულება, დაფარული თეთრი ანგობითა და შემკული ლურჯი ლაქებით. ციხეზე აღმოჩნდა თეთრ ანგობზე მწვანე, სოსნისფერი, მოშავო-მონაცრისფრო საღებავით მოხატული ჭურჭელიც. ბ) მოჭიქული კერამიკა, რომლის ორნამენტი მრავალფერადია. გათხრებისას გამოვლინდა სხვადასხვა ფერის საღებავებით მოხატული ჭურჭელი, რომლებზეც შეიმჩნევა მცენარეული ორნამენტი. ფერებში გამოირჩევა ცისფერი და ყვითელი, ცისფერი და მწვანე, ცისფერი და ყავისფერი საღებავები. ზოგჯერ ორნამენტის კონტურები შავი საღებავითაა გამოყვანილი (მიწიშვილი 1974: 189-193). I, 2. თეთრი ანგობით დაფარული და ერთფერად მოჭიქული ჭურჭელი. ა) შტამპური ორნამენტით შემკული მოჭიქული ხელადების გარეპირი დაფარულია თეთრი ანგობით და გადავლებული აქვს ერთი ფერის (მწვანე, ცისფერი და სხვ.) ჭიქური. ხელადები შემკულია შტამპით შესრულებული წვეროსანი მამაკაცის რელიეფური სახით. ხელოსანს რამდენიმე სხვადასხვა შტამპი ჰქონია. ბ) ფირუზისფრად მოჭიქული ჭურჭელი წარმოდგენილია ჯამებით, დერგებით, ხელადებით, ქილებით, კოჭბებითა და სხვ. ისინი სუფთად განლექილი მოწითალო თიხისაა, დაფარულია თეთრი ანგობით. ჯამები ორმხრივ ანგობირებული და მოხატულია. II. ყვითელი ანგობით დაფარული მოჭიქული ჭურჭლისათვის დამახასიათებელია სუფთად განლექილი მოყვითალო ან მოწითალო კეცი. უმრავლესობა დიდი ზომისაა. მათ ბორბლისებური ქუსლი და ბრტყელი ძირი აქვთ. შიდა და გარეპირის ნაწილი დაფარულია ყვითელი ანგობით. ა) მარმარილოსებური ორნამენტით შემკულ ჭურჭელში გამოყენებულია ყვითელი და მწვანე, წითელი და ყვითელი, მწვანე და ყავისფერი და სხვ. საღებავები. ბ) ყვითელი ანგობით დაფარული და ერთფერად (მწვანედ) მოჭიქული ჭურჭლის უმრავლესობა მცირე ნატეხებითაა წარმოდგენილი. შიდა და გარეპირის ნაწილი დაფარულია ყვითელი ანგობით და მოჭიქულია მწვანედ. გ) მწვანე „ძარღვებით“ შემკული ლანგარი კეცით, ჭიქურით, ყვითელი ანგობით და სხვ. ემსგავსება მწვანედ მოჭიქულ ჭურჭელს. აღწერილი მოჭიქული კერამიკა XVII-XVIII სს-ით თარიღდება (მიწიშვილი 1974: 193-197).

ნარიყალას არქეოლოგიურ მასალაში განვითარებული შუა საუკუნეების ფაიანსის ორი ნატეხია. სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა ირანის სეფიანთა ხანის (1502-1722) ნაწარმი. მცირე რაოდენობით გვხვდება თურქული ფაიანსიც. ირანულ ნაწარმში გამოიყოფა მთელი რიგი ჯგუფები. I. ჭურჭელი დაფარულია კობალტის ან სპილენძის გამჭვირვალე თუ გაუმჭვირვალე ჭიქურით. გვხვდება მოყავისფროდ და მწვანედ მოჭიქული ნატეხებიც. ზოგიერთი ჭურჭლის ჭიქური სელადონის მონაცრისფრო-მომწვანო ფერსაც ჰბაძავს. ნატეხები უფრო მეტად თეფშებისა და თასებისაა. გვხვდება ლანგრის ნატეხებიც, ასევე, დაძერწილი რელიეფური ორნამენტით შემკული და ფერად ჭიქურით დაფარული ჭურჭელი. მათი ზედაპირი შემკულია რელიეფური ორნამენტით, რომელიც დაფარულია ლურჯი ან ფირუზისფერი გაუმჭვირვალე ჭიქურით. ამ ჯგუფის ფაიანსი XVII ს-ით თარიღდება (მამაიაშვილი 1974: 201-204). II. მოხატული და გამჭვირვალე ჭიქურით დაფარული ჭურჭელი დიდი რაოდენობითაა. 1. ლურჯად მოხატული, უფერული ჭიქურით დაფარული ჭურჭელი მრავალრიცხოვანია. წარმოადგენენ თეთრი, ლურჯად მოხატული ჩინური ფაიანსის მინაბაძებს. მათ შორის გამოიყოფა ქ. ეზიდის, ქერმანისა და ქაშანის ნაწარმი. გამოირჩევა ფაიანსის დიდი ჯგუფი, რომლის კეცი მოვარდისფრო-მოყვითალო და ნასვრეტებიანია. ჭურჭელი დაფარულია თეთრი ანგობის სქელი ფენით და გადავლებული აქვს უფერული, გამჭვირვალე ჭიქური, რომელიც დამსკდარია და მეტწილად ირიზებული. ამგვარი კეცი დამახასიათებელია „ყუბაჩური“ ნაწარმისათვის. თეთრ, ლურჯად მოხატულ ირანულ ჭურჭელს შორის გვხვდება ნატეხები, რომელთა წარმოების ცენტრის დადგენა ჭირს. ცალკე გამოიყოფა ამოკაწრული კონტურითა და კობალტით მოხატული უფერული ჭიქურით დაფარული ჭურჭელი. მათი უმეტესობა სხვადასხვა მოყვანილობის თეფშები, ლამბაქები, ღრმა თასები და ჯამებია. მოხატულობაში ვხვდებით ჩინურ მოტივებს. ისინი XVII ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება. 2. მრავალფრად მოხატულ, უფერული ჭიქურით დაფარულ ჭურჭელში გამოიყოფა: ა) თეთრანგობიანი ლურჯი, მომწვანო და მოყავისფრო საღებავით მოხატული XVII ს-ის ჭურჭელი (1 ც). ბ) ნაცირისფერანგობიანი, მწვანე, ყვითელი, წითელი და თეთრი საღებავით მოხატული ჭურჭელი (1 ც). შესაძლოა ის „ყუბაჩური“ ნაწარმი იყოს. გ) კობალტითა და წითელი ანგობით მოხატული ჭურჭელი. ზედაპირი თუ შიდაპირი (ფორმის მიხედვით) მთლიანადაა დაფარული მცენარეული ორნამენტით. დ) ლურჯი, მწვანე საღებავებითა და წითელი ანგობით მოხატული ნიმუში, რომელიც ერთი ერთეულია, თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრით. 3) შავი საღებავით მოხატული და ფირუზისფერი გამჭვირვალე ჭიქურით დაფარული ჭურჭელი. ისინი უანგობოა. კერამიკა მოხატულია შავი, ზოგჯერ მწვანე საღებავით და გადავლებული აქვს გამჭვირვალე ფირუზისფერი ჭიქური. ამ ჯგუფის კერამიკა XVII ს-ის დასაწყისითაა დათარიღებული (მამაიაშვილი 1974: 204-216). III. ლუსტრით მოხატული ფაიანსი კეცით, ლუსტრის ფერით, ორნამენტითა და ჭიქურით სეფიანთა ირანის ნაწარმია და XVII ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება. ჭურჭელი ფაქიზია, თხელკედლიანი და გამჭვირვალე. კეცი თეთრია. დაფარულია გამჭვირვალე, მომწვანო ელფერის ჭიქურით. ამგვარი ნაწარმი წარმოდგენილია თეფშებითა და თასებით. შემკობის ტექნიკის მიხედვით, გვხვდება სადა, ამოკაწრული ორნამენტით შემკული და კობალტით მოხატული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრით. განათხარ მასალაში მცირე რაოდენობით გვხვდება თურქული ფაიანსიც. მათში გამოიყოფა იზნიკისა და ქუთაჰიის ჭურჭლის ნატეხები. პირველი XVI ს-ის მეორე ნახევრით, მეორე კი XVIII ს-ით თარიღდება (მამაიაშვილი 1974: 216-219).

განათხარ მასალაში მინის ჭურჭელი და სარკმლის მინა გვიანი შუა საუკუნეებისაა. სითხის შესანახ დიდი ზომის ჭურჭელში ხუთი ტიპი გამოიყოფა. I-ში ერთიანდება სურები (50 ც). ისინი მაღალყელიანია, ტანგამობერილი, მაღალი კონუსური ძირით. ყელს სარტყელი ამკობს. დამზადებულია მოყვითალო, მომწვანო, მოცისფრო, ლურჯი, შაბიამნისფერი, ზურმუხტისფერი და თაფლისფერი კრიალა მინისაგან. II ტიპის სურები (4 ც) პირგადაშლილია, მაღალყელიანი, დაბალი ტანითა და კონუსურად შედრეკილი ძირით. ყელზე შემოუყვებათ წიბო. ზოგს პირის კიდეზე ლურჯი მინის ძაფი აქვს დადნობილი. ნაკეთებია მომწვანო მინისაგან. III ტიპის ჭურჭელს (6 ც) შედარებით დაბალი და განიერი ყელი აქვს. ძირი მცირედ შედრეკილია. მათ ყელზე შემოუყვება კბილანებიანი სარტყელი. დამზადებულია ცისფერი, მწვანე და მოყვითალო მინისაგან. IV ტიპის ჭურჭელი მაღალყელიანი ბოთლებია (15 ც). ყელი უშუალოდ გადადის მსხლისებურ ტანში. ძირი შედრეკილია. ზოგიერთ მათგანს პირზე ლურჯი მინის ძაფი აქვს დადნობილი. ნაკეთებია თეთრი ან მოყვითალო მინისაგან. V ტიპი ერთი ჭურჭლითაა წარმოდგენილი. მისი სქელი პირი ყელისაგან გამოიყოფა. ტანი მსხლისებურია. ძირი მცირედ შედრეკილი. ნაკეთებია მოცისფრო, სქელკედლიანი მინისაგან (ჩხატარაშვილი 1974: 221-223). ქილისებური ჭურჭელი 12 ერთეულია. ისინი სწორგვერდიანია, პირგადაშლილი, შედრეკილძირიანი. დამზადებულია მომწვანო, თეთრი ან იასამნისფერი მინისაგან. მინის მათარის ტანი ორმხრივ დაბრტყელებულია. ძირი ოვალურია, მცირედ შედრეკილი. მინის ნაწარმში მათარის ძირების 9 ფრაგმენტია გამოვლენილი. ისინი დამზადებულია მომწვანო, მოცისფრო, მოყვითალო მინისაგან. ცალკე ჯგუფად გამოიყოფა თეთრი ან მოყვითალო მინისაგან ნაკეთი ჭურჭელი. ისინი რამდენიმე ტიპად იყოფა. I ტიპს აქვს მცირედ შედრეკილი ძირი, რომელიც გადადის დაბალ ფეხში. ტანი მცირედაა გამობერილი. ყელი მაღალი და ვიწროა, პირი სწორი. ტანი და ყელის ნაწილი მდიდრულადაა შემკული ლურჯი მინის დაკეჭნილი სარტყლებით (5 ც). II ტიპის ჭურჭელი 1 ერთეულია. აქვს მაღალი, ძაბრივით გადაშლილი ყელ-პირი, რომელიც შემკულია წვრილი ლურჯი ძაფებით. III ტიპის ჭურჭლის ფრაგმენტები მაღალია, ცილინდრულყელიანი. პირზე და ყელზე ლურჯი მინის ძაფები და თავისივე ფერის მსხვილი, დაკეჭნილი სარტყელი შემოუყვება. ყელზე ვერტიკალურად დადნობილია ოთხი ზამბარისებური რელიეფური ლურჯი ძაფი, რომელიც დაბრტყელებული ღილაკით ბოლოვდება (2 ც). IV ტიპის ჭურჭელის ცილინდრული ყელი III ტიპისაგან განსხვავებით ჰორიზონტალურადაა შემკული ლურჯი ძაფებითა და დაკეჭნილი სარტყლებით. ცალკე გამოიყოფა დეკორატიული ჭურჭლის ძირ-ქუსლები. ა) ძირ-ქუსლი (8 ც) ფართოა, ორმაგკედლიანი. ქუსლი ტანისაგან გამოყოფილია ამოზიდული „კოპით“. ბ) დაბალი, გამოძერწილი ფუყე ფეხი, რომელიც სრულდება შიგნიდან შედრეკილი ქუსლით. ფეხი ირგვლივ შემკულია ლურჯი მინის ტალღისებური ხვეულებით. გ) დაბალი ფეხი შედგება ერთიმეორეზე გადაბმული ორი დაღარული ბურთულისაგან და სრულდება შედრეკილი ქუსლით. დ) იმეორებს აღწერილ ნიმუშს, ოღონდ დამატებითაა შემკობილი ლურჯი მინის ძაფებით. ჭურჭელი დამზადებულია ჩაბერვით (თავისუფლად და ფორმაში). შესამკობად გამოყენებულია როგორც ცივი, ისე ცხელი დამუშავება. ციტადელზე აღმოჩენილი მინის ჭურჭლის უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. ზოგიერთი იმპორტულია. მინის ჭურჭელი ძირითადად XVII ს-ის მეორე ნახევრითა და XVIII ს-ის პირველი მეოთხედით თარიღდება (ჩხატარაშვილი 1974: 223-229). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიიის მუზეუმი).

კალას ტერიტორიაზე, კერძოდ, ერეკლე II-ის მოედანზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდისა და დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. განათხარ მასალაში წარმოდგენილია ადრე, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მრავალრიცხოვანი თიხის, მინის, ძვლის, ლითონის ნაწარმი. მოუჭიქავი კერამიკიდან გვხვდება: თონეები, ქვევრები, დერგები, ქოთნები, ქვაბქოთნები, ქილები, ხელადები, დოქები, ჯამები, ლანგრები, ხუფები, ჭრაქები, სფეროკონუსები. იქვეა გამოვლენილი სამეთუნეო საქმისათვის განკუთვნილი თიხის სამფეხები. მოჭიქული კერამიკა ძირითადად ერთფრად და მრავალფრად მოჭიქული ჯამებია. მათ გარდა გვხვდება სამარილეები, ჭრაქები. გათხრებისას აღმოჩენილია ფაიანსის ფრაგმენტებიც. მინის ჭურჭლიდან აღსანიშნავია სანელსაცხებლე, ჭიქები, ფიალები და სხვ. მინის სამკაულები სხვადასხვა ფერის სამაჯურებია. ძვლის ნივთებს შორის გამოიყოფა: ტყავის დასამუშავებელი იარაღები, კვირისტავები, ბეჭედი და სხვ. ლითონის სამკაულებიდან აღსანიშნავია ადრე შუა საუკუნეების ბრინჯაოს ორი აბზინდა, თვალბუდიანი ბეჭედი, აქატის ქვის გემით, რომელზეც „შტრიხული მანერით“ შესრულებულია მამაკაცის პორტრეტი (გძელიშვილი, ტყეშელაშვილი 1961: 44-55). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიიის მუზეუმი).

გათხრებისას გამოვლენილი ქართული მონეტებიდან ყველაზე ადრეულია დემეტრე I-ის (1125-1156) ხუთი მონეტა; გიორგი III-ის (1156-1184) ოთხი მონეტა. მათგან ორი თამართან ერთადაა მოჭრილი. იქვეა აღმოჩენილი თამარის (1184-1207) და გიორგი-ლაშას (1207-1222) მონეტები. სამი მათგანი განისაზღვრა როგორც XV ს-ის ფული. ერეკლე II-ის (1744-1798) სახელით სამი მონეტაა მოჭრილი. ოთხი რუსულ-ქართული სპილენძის ფულია. უცხოური მონეტებიდან თორმეტის განსაზღვრა ჭირს. ყველაზე ადრეულია V-VI სს-ის სასანური მონეტა. VIII-IX სს-ის ქუფური ფელსები 24 ერთეულია. ბიზანტიური მონეტა წარმოდგენილია იმპერატორ კონსტანტინე X-ის (1059-1067) სპილენძის ფულით. გათხრებისას აღმოჩენილია XII ს-ის ოთხი შირვანული და დარუბანდის ამირების სპილენძის ორი მონეტა. სამი ცალია XIII ს-ის თბილურ-მონღოლური სპილენძის ფული. იქვეა აღმოჩენილი XIV ს-ის ჰულაგუიდური, აგრეთვე XVII-XVIII სს-ის ირანული, XVIII ს-ის თურქული და რუსული მონეტები (ჯალაღანია 1974: 108-114). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).

ერეკლე II-ის მოედანთან მდგარი „გიორგი XII-ის სასახლის“ კარის ეკლესიის ეზოს გათხრებისას გაირკვა, რომ ეკლესია XVIII ს-ზე ადრეული ძეგლია. მის დასავლეთ კედელზე მიშენებული იყო აგურით ნაგები სამარხები, რომლებშიც გამოვლინდა XIII-XIV სს-ის ნივთები: მწვანედ მოჭიქული ჯამი, მინის სამაჯურები და სხვ.

განათხარ ფართობზე გამოვლინდა ოთხი ფენა. ზედა ორი XVIII-XX სს-შია წარმოქმნილი, მესამე ფენა – XVI-XVII სს-ში. მეოთხეში გამოვლენილია სასახლის ნანგრევები. იმავე ფენაშია აღმოჩენილი განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მოჭიქული კერამიკის ნიმუშები (ართილაყვა ... 1978: 85, 86). შემდგომში, სასახლის ნანგრევების გარდა, იქ აღმოჩნდა აგურით ნაგები, აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 14 სარკოფაგი. თითოეულ მათგანში ესვენა რამდენიმე მიცვალებული. სამარხებში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, სამკაულები და მონეტები. სარკოფაგები თარიღდება IX-XIV სს-ით (ტყეშელაშვილი 1997: 118-120). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).

კალას ტერიტორიიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები. 1904 წ. მაიდანთან ქარვასლის მშენებლობისას აღმოჩნდა 700-800 ცალი სასანური და ბიზანტიური მონეტისაგან შემდგარი განძი. სასანური მონეტები უპირატესად შედგებოდა ხოსრო II-ის (590-628) დრაქმებისაგან. განძში იყო ჰორმიზდ IV-ის (579-590) დრაქმაც. ბიზანტიური მონეტების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჰერაკლე კეისარს (610-641), ნაწილი ირაკლი-კონსტანტინეს (ჯალაღანია 1979: 19, 20).

1953 წ. მეტეხის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, შაჰ ისმაილის მეჩეთის ნანგრევების გაწმენდისას აღმოჩნდა განძი, რომლიდანაც 411 მონეტა მოხვდა ს. ჯანაშიას საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. აქედან ერმიტაჟსა და ს. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა ორ-ორი, მოსკოვის ისტორიულ მუზეუმს – სამი მონეტა. ამავე განძს უნდა ეკუთვნოდეს შემდგომში მუზეუმში შემოსული 6 მონეტა. მათ შემდეგ მიემატა იმავე ადგილას ნაპოვნი 12 მონეტა, რომლებიც ტფილისის ამირა ალი იბნ ჯაფარისაა ( XI ს) (ჯალაღანია 1979: 65, 66).
 
ბიბლიოგრაფია: ანჯოლელო 1981: 78; ართილაყვა ... 1978: 81-86; არჩვაძე 1974: 174-188; 1978: 112, 115, 117, 118, 120, 121, 124, 126, 129, 130; არჩილი 1989: 466; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 88; ბერიძე 1960: 14; გვრიტიშვილი 1958: 7; გიულდენშტედტი 1962: 87; გორგიჯანიძე 1926: 4, 9-11, 25, 27, 28, 42, 78-81, 83, 84, 88, 93; გძელიშვილი, ტყეშელაშვილი 1960: 175-182; 1961; დოკ. თბ. ისტ. 1962: 7, 11, 48, 53, 68, 80, 86, 111, 124, 167, 265, 291, 295; დონიჯი კარლი 1951: 170, 173-175; ელიზბარაშვილი, თუმანიშვილი 1975: 10-13; თბილისის ისტორია 1990: 50, 51; იესე ოსეს ძე 1940: 134; იოსელიანი 1844: 117; 1866: 249-252; კვირკველია 1985: 48-50; კიპაროიძე 1975: 14-21; კონტარინი 1894: 45-61; ლომთათიძე 1960ა: 161, 162, 170; 1968: 42-44; 1977: 100; ლომთათიძე, გძელიშვილი 1956: 21-23; ლომთათიძე ... 1967: 77-83; ლომთათიძე ... 1969: 38-39; ლომთათიძე ... 1971: 99-104; ლომთათიძე ... 1971ა: 27-32; 1971ბ: 236-242; ლორთქიფანიძე 1955; მამაიაშვილი 1974: 201-220; მესხია ... 1958: 166; მინდაძე 1977: 8-15; მიწიშვილი 1974: 189-200; მოჰამედ თაჰერი 1954: 381; მუნში 1969: 24, 30, 33, 34, 62, 64, 91, 95, 101, 124-126; მუნში 1981: 54, 60; მუსტაფა ალი 1962: 256; მქ 1963: 92, 95, 96; სელიანიქი 1960: 263, 268, 269; სამი თურქული საბუთი ... 1987: 76, 78, 86, 90-92; საქ. მუზეუმის ... 1949: 30, 38, 90; სამყაროს საკვირველებანი 1978: 28; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; ორბელიანი 1981: 141, 146, 148, 157; ორი თურქული ფირმანი ... 1993: 260, 261, 263; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 86, 89, 91; სპარ. ისტ. საბ. 1962: 72, 73; 1965: 4; ტურნეფორი 1988: 65; ტფილელი 1989: 627; ტყეშელაშვილი 1966: 13-64; 1997: 118-120; ფეჩევი 1964: 41, 54, 78; ფიცხელაური 1959: 110; ჩელები 1978: 117, 118, 134, 248, 253; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512; ქართულ-სპარსული ... 1984: 34; ქრონიკები 1892: 57, 62, 67, 68; 1967: 194, 431; ქც 1: 136,13,20; 181,21; 223,12,13; 225,4,8,9; 373,23; 374,23; 375,8; ქც 2: 328,7,9,11,14,16,18; 323,15-17; 344,3,11,30,31; 345,1; 365,15; 367,10; 374,14,16; 410,24,26; 413,8,9; 449,23,32; 450,6,18,21-23; 462,25,26,29-31; 485,2,4,6; ქც 4: 119,9; 146,24; 202,25; 333,28,29; 334,2,4,6,17,19-22,სქ.2; 335,1; 337,2,8,9,14; 338,1; 385,9; 402,18; 406,27; 426,24; 432,15; 434,17,18; 463,20; 465,25; შაიშმელაშვილი 1987: 43-59; შარდენი 1975: 313, 319, 389, 397; ჩელები 1971: 292-295, 335; ჩელები 1978: 117, 118, 134, 248, 253; ჩელები ზადე 1973: 327; ჩხატარაშვლი 1974: 221-233; ჩხეიძე 1913: 35-37, 50-56; ჭილაშვილი 1968: 15, 77, 89; 1970: 52, 56, 58; ხერხეულიძე 1913: 250, 251; ხვედელიძე 1981: 92-101; ჯალაღანია 1974: 106-119; 1979; ჯანაშია 1949: 11-13; ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 94, 96.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9