წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წილ წინ წირ წიფ წიწ

წიწამური


(ქც 4: 433,8; 588,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 433,8; 588,7), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 400,17; 409,17), XIII-XVI სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 166, 167), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 64), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 59).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. არაგვის მარცხენა მხარეს, საგურამოს ქედის დასავლეთ კალთაზე, თანამედროვე სოფ. წიწამურისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე.

ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული ქალაქი სევსამორა გაიგივებულია თანამედროვე წიწამურთან (ყაუხჩიშვილი 1957: 129; აფაქიძე 1958: 119). 1615 წ. კახეთის აჯანყების ჩასახშობად შაჰ-აბასმა 15 ათასიანი ჯარი გამოაგზავნა ალი ყული-ხანის სარდლობით, რომელიც წიწამურთან გამაგრდა. თეიმურაზ I-მა (1606-1648) არაგვი გადალახა და ირანელები დაამარცხა (ქც 2: 400,17, 409,17; ქც 4:433,8, 588,7). 1625 წ. მარტყოფის ბრძოლის შემდეგ, ირანელთა ერთ რაზმს წიწამურთან გიორგი სააკაძემ ბრძოლა გაუმართა (ქც 2: 409,17, ქც 4: 433,8). XVI-XVIII სს-ში წიწამური კახეთის სამეფოში შედიოდა და სამეფო დომენს წარმოადგენდა (ბაგრატიონი 1986: 64). გურამიშვილთა სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელი წიწამური გურამიშვილთა კუთვნილებაშია.

წიწამური „დიდი მცხეთის“ ნაწილს შეადგენდა და შესაძლოა, იგი ხიდით იყო დაკავშირებული მცხეთასთან. თუმცა, წიწამურს თავისი მისასვლელი გზა ჰქონდა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან (ბერძენიშვილი 1966: 165).

სოფ. წიწამურის მახლობლად, არაგვის მარცხენა ნაპირზე, „პირდაპირების“ მინდორზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 1924 წ. ჩატარდა (ხელმძღ. გ.ჩიტაია, ს.იორდანიშვილი). იქ გაითხარა რიყის ბრტყელი ქვით გადახურული სამარხი და ქვაყრილიანი სამარხი, სადაც დაკრძალული იყო კიდურებმოხრილი მიცვალებული და ცხენი. სამარხში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (ხელადა, ორყურა ტოლჩა), იარაღი (შუბისპირი, ისრისპირი) და ბრინჯაოს სამკაული (გველის სტილიზებულთავიანი სამაჯურები, ძეწკვი). სამარხები თარიღდება: ძვ. წ. VII ს-ით (რამიშვილი 1959: 6); ძვ. წ. VI ს-ით (კუფტინი 1941: 47). 1926 წ. სოფ. წიწამურის მიდამოებში, მდ. მტკვრისა და არაგვის შესართავიდან 1,6 კმ-ის დაშორებით, აღმოჩნდა 5 ქვის სამარხი (გათხრების ხელმძღ. გ.ნიორაძე). სამარხებში აღმოჩნდა: 3 ბრინჯაოს საკინძი, მინის სანელსაცხებლე, რკინის ლურსმანი, ობსიდიანის ნატეხი. მასალა ახ. წ. I ს-ით დათარიღდა (რამიშვილი 1959: 7); 1953 წ. ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.აფაქიძე) მიაკვლია ძველი ციხე-ქალაქის, „სევსამორას“ ნაშთებს. სოფლის ქვემოთ, არაგვის მარცხენა ნაპირის გასწვრივ კი აღმოჩნდა ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. I ათასწლეულის სამაროვნები (კამარახევის სამაროვანი); აქვე გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმოსამარხი. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1968 წ. იმავე ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.კალანდაძე) მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, წიწამურის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილ მუხიმიწაზე გათხარა გვიანბრინჯაოს ხანის ორმოსამარხები და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენაში ჩადგმული ქვიშაქვის ლოდებით შედგენილი ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები (სძა 1990: 347). მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ბებრისციხის პირდაპირ, ხელოვნური თხრილით გამოყოფილ ნაბაღრების გორაზე აღმოჩნდა უხეში ქვათლილებითა და რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლები და კრამიტის ნატეხები. ნამოსახლარი IV-VII სს-ით თარიღდება.

მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, წიწამურის ველზე, ადგილ ნაბაღრებში გაითხარა საწნახლები. საწნახელი XVII-XVIII სს-ით თარიღდება (სძა 1990: 346). 1976-1977 წწ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) გააგრძელა 1953 წ. დაწყებული გათხრები სოფ. წიწამურთან, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირას, კამარახევის სამაროვანზე. 1985-1987 წწ. წიწამურის მახლობლად, არაგვის მარჯვენა ნაპირზე მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) გამოვლინდა მრავალფენიანი ძეგლი – წიწამური III.

სოფ. წიწამურის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ბებრისციხის აღმოსავლეთით, წიწამურის გორაზე გაითხარა ნაქალაქარის ნაშთები – ქვიშაქვის თლილი ქვით ნაგები მრგვალი ნაგებობა. წყობა მშრალია. ქვათლილები ერთმანეთზე სამაგრებით – ხის სოლების „უწყვეტელობით“ თარაზულად და შვეულად იყო გადაბმული. შვეულად დაყენებული სამაგრი ერთიმეორესთან ამაგრებდა 3 ქვათლილს, ჰორიზონტალური – ორს. შვეული „უწყვეტები“ გამოყენებულია წიწამურის უძველესი ფენის (წიწამური I) მრგვალი შენობის ცოკოლისა და მასზე დაწყობილი პირველი მწკრივის ქვათლილთა გადასაბმელად. წიწამურის გორაზე გამოვლინდა აგრეთვე დუღაბზე ნაგები შენობის (წიწამური II) ფრაგმენტები. წიწამურის გორაზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარისებური ქიმიანი კრამიტი (აფაქიძე 1958ა: 119-140; 1963: 182-199).

სტრაბონისეულ „სისამორა“-წიწამურის მიდამოებში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედის დასავლეთი კალთის დასასრულს დადასტურდა ხუთფენიანი ძეგლი – წიწამური III. I ფენა – ადრებრინჯაოს ხანის წრიული ორმოებია, სადაც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები; II ფენა შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხია (№13) და მისი სინქრონული კატაკომბური სამარხი – კენოტაფი №16; გორასამარხის დასაკრძალავი კამერა (დმ 6 მ) გადახურული იყო ხის ძელებითა და რიყის ქვებით. მიცვალებული, კიდურებმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე შეწირულ ცხვრის ძვლებზე დაუსვენებიათ; სამარხის სამხრეთ და აღმოსავლეთ კუთხეში ნიშებია, სადაც ხარის თავფეხი დაულაგებიათ. სამხრეთ კედელში გამოღარულ თაროზე კერამიკა და აღაპის ნაშთი იდო. სამარხში აღმოჩნდა: ხელით ნაძერწი, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, ამოღარული და რელიეფური ორნამენტებით შემკული (ქოთნები, ქილები და სხვ.); ბრინჯაოს ფოთლისებური სატევარი; ბრინჯაოს ლურსმნისებურთავიანი საკინძები; ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისწვერი; ოქროს ბურთულა მძივები; ეგვიპტური ფაიანსის და სარდიონის მძივები. სამარხი ძვ. წ. 1800 წ. თარიღდება (ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1995: 59; სადრაძე 1993: 55-58, 66). იქვე გაითხარა მისი თანადროული კატაკომბური სამარხი-კენოტაფი (№16), სადაც აღმოჩნდა: 6 მოწაბლისფროდ გამომწვარი, ნაპრიალები თიხის ჭურჭელი (ქოთანი, ქილა, ჯამი და სხვ.) და ობსიდიანის ანატკეცები (სადრაძე 1993: 55-58). III ფენა – ძვ. წ. I ს-ის მარანია, სადაც დადასტურდა ერთი ტიპის ქვევრების ჯგუფი, აგრეთვე მოწითალო-მოყავისფროდ შეღებილი და მოხატული კერამიკა; ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები; IV ფენაში – სამეურნეო ორმოებია (დმ 1-1,2 მ), სადაც წითლად შეღებილი, თხელკეციანი კერამიკა და წითლად შეღებილი ტერაკოტული ქანდაკება აღმოჩნდა. მასალა ახ. წ. I ს-ით თარღდება; V ფენა სამაროვანია ორმოსამარხებითა და ქვევრსამარხებით, სადაც აღმოჩნდა მონეტები: 13 პართული და 3 ავგუსტუსის სახელზე მოჭრილი; მოხატული თიხის ჭურჭელი, მინის გემიანი ბეჭედი; მინის მინიატურული სანელსაცხებლე და სხვ. სამაროვანი ახ. წ. I ს-ის შუა ხანებით – ახ. წ. II ს-ის დასაწყისით ან შუა ხანებით თარიღდება; VI ფენა – ახ. წ. II-III სს-ის მარნის ნაშთებია (ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1995: 58-96). წიწამური III-ის მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზასა და მდ. პატარა კამარახევს შორის, ე. წ. პირდაპირების მინდორზე აღმოჩნდა სამაროვანი, რომელიც კამარახევის სამაროვნის სახელითაა ცნობილი. სამაროვანზე გამოვლინდა მიწაყრილიანი, ქვაყრილიანი და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვის ფილებით ან ქვის ფილებითა და რიყის ქვებით ნაგები ქვის სამარხები. სამარხები ინდივიდუალურია (მხოლოდ ორი შემთხვევაა წყვილი და საოჯახო დაკრძალვისა). მიცვალებულები დაუკრძალავთ ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე. მიცვალებულებს თავქვეშ რიყის ქვა – „სასთუმალი“ ედოთ, ფეხებთან – აღაპის ნაშთი. იატაკზე ზოგჯერ შეიმჩნეოდა საფენის კვალი. სამარხებში აღმოჩნდა: ლეგად ან წითლად გამომწვარი, ანგობიანი ან წერნაქით მოხატული თიხის ჭურჭელი (ჯამები, ტუჩიანი ჯამები, სამფეხა ჯამები, ტოლჩები, ქოთნები, კოჭბები, ხელადები, დოქები და სხვ.); სამკაული: ბრინჯაოს სამაჯურები (ზოომორფული სახეებით შემკული), საკინძები, ძეწკვი, მძივები, ილარი და სხვ. რკინის სამაჯურები, საკინძები; იარაღი: რკინის მახვილები, მოხრილი დანები, შუბისპირები. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით (რამიშვილი 1959: 5-53; ჯღარკავა 1982: 139-190). მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე 1958ა: 119-140; 1963; აფაქიძე ... 1981: 119-152; აფაქიძე ... 1980: 130-146; აფაქიძე 1987 ... 1987: 47-51; აფაქიძე ... 1991: 79-84; აფაქიძე ... 1995: 83-89; აფაქიძე 1997: 65-70; ბაგრატიონი 1986: 64; ბერძენიშვილი 1960: 141-185; ბერძენიშვილი 1966: 165; გიულდენშტედტი 1962: 59; კალანდაძე ... 1979: 149-162; კუფტინი 1941: 47; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 261; ნიკოლაიშვილი, ნარიმანაშვილი 1995: 58-96; ნიორაძე 1940: 57-81; რამიშვილი 1959: 5-53; 1960: 36, 37; სადრაძე 1993; სძა 1990: 346, 347; ქც 2: 400,17; 409,17; ქც 4: 433,8; 588,7; ყაუხჩიშვილი 1957: 129; ჯღარკავა 1982: 139-190.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9