ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზედ

ზედა თმოგვი


(ქც 2: 518,27,28). იხენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 518,28), უცნობი ავტორის „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 46), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 17, 246).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ციხე-ქალაქ თმოგვსა და ვარძიის მონასტერს შორის აღმართულ მთებში, ციხე-ქალაქიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით.

1576 წ. ზედა თმოგვში დაბანაკებულმა ყვარყვარე, მანუჩარ და ერეკლე ჯაყელებმა გაილაშქრეს ციხე-ქალაქ თმოგვზე და ისევ ზედა თმოგვში ამოსულან (ქც 2: 518,26-28; ცხოვრება ... 1980: 46). ოსმალების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ სოფ. ზედა თმოგვი შედიოდა ნიალისყურის ნაჰიეში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 17).

ზედა თმოგვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის სამხრეთით, დაახ. 600 მ დაშორებით მდებარეობს სამოსახლო გორა, რომელსაც „კენჭი ყარას“ უწოდებენ. გორაზე ზედაპირულად იკრიფება ადრე ბრინჯაოს ხანის ვარდისფერსარჩულიანი, შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ობსიდიანის ანატკეცები, რომელთაგან ზოგიერთს ეტყობა დამუშავების კვალი.

სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს „გუგუნიჯვარის“ სახელით ცნობილი ბორცვი. მის თავზე შემორჩენილია ფლეთილი ქვებისაგან შედგენილი წრეები, რომელთა დმ 6-7,5 მ-ია. წრეთა შიგნით აღმოსავლეთ-დასავლეთისაკენ დამხრობილი სათავსოების ნაშთებია. სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით, 500 მ დაშორებით მდებარეობს „ალიათაღის“ სერი, რომელზეც 23 დარანის ნაშთია შემორჩენილი. აქვეა „საჩეხი თავის“ ბორცვი. ამ ბორცვსა და „ალიათაღს“ შორის დარანის ნანგრევია. თვით „საჩეხი თავის“ ბორცვის თხემზეც ოთხი დარანის ნაშთია. „საჩეხი თავის“ დასავლეთით, ადგილ „ვარძიის თავზე“ ხუთი დარანი აღმოჩნდა (ტატიშვილი 1970: 21).

ზედა თმოგვში მდებარეობს ნაცრისფერი ბაზალტის კვადრებისაგან ნაგები სამნავიანი ბაზილიკა. მისი მთავარი ნავი უფრო განიერი და მაღალია, ვიდრე ორი დანარჩენი. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი ნიში და სამი ორნამენტირებული სარკმელი. სამხრეთის შესასვლელს წარწერებითა და ორნამენტით შემკული პორტალი აქვს. ეკლესია მრავალჯერაა გადაკეთებული. ეკლესიაზე ასომთავრულით შესრულებული ცხრა წარწერაა, თუ არ ჩავთვლით მზის საათთან გამოსახულ ასოებსა და პატარა ქვას, რომელზეც ამოჭრილია სიტყვები „ქრისტე შეიწყალე“. იგი რომელიღაც წარწერის დასაწყისი უნდა იყოს (გვერდწითელი 1947: 237). წარწერათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი, მესამე და მეოთხე. პირველი მოთავსებულია სამხრეთი ფასადის შესასვლელზე: „ქრისტე იესო, მეუფეო დიდებისაო, ადიდე ბაგრატ და მარიამ დედოფალი“. წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ IV და მისი დედა მარიამი. მესამე წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე სული ფარსმან ერისთავთ-ერისთავისაი იოანეს ძისაი ჭიმჭიმელისაი“. წარწერაში მოხსენიებულია ფარსმან თმოგველი, რომელიც ბაგრატ IV-ის თანამედროვე იყო. სამხრეთ ფასადზევეა წარმოდგენილი მეოთხე წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე სული გიორგი აფხაზისა“. მასში მოხსენიებული გიორგი შესაძლოა იყოს ბაგრატ IV-ის ძე გიორგი II, მეფე აფხაზთა და ქართველთა (ბოჭორიძე 1992: 215-218; გვერდწითელი 1947: 237-249).
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 215-218, 221, 224, 246, 247, 264; გვერდწითელი 1947: 237-249; გურჯისტანის ვილაიეთის... 1941: 17, 246; ტატიშვილი1970: 18-22; ქც 2,518,28; ცხოვრება... 1980: 46.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9