ვა ვე
ველ ვერ ვეჭ ვეჯ

ვეჯინი

ვეჟინი (ქც 4: 133,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:133,25; 155,10; 544, სქ. 2; 545,3, სქ. 1; 546,8; 557,8; 559,13; 561,18; 563,3; 618,23), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 264,11), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 308,28; 321,22; 322,2), 906 წ. ერედვის ეკლესიის წარწერა (ქართ. წარწ. კორ. 1980: 170, 171), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 57), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 91; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 290, 402; 1953: 280; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1974: 246, 410, 732; 1981: 43; 1985: 145, 323; სიგელები ... 1891: 101, 102; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 102; ქრონიკები 1897: 301; 1967: 244; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 122, 149, 157), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 227, 261, 273).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „ალაზნის დასავლით, ცივის მთის ძირს არს ვეჯინი“ (ქც 4: 545,2,3).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, ცივ-გომბორის მთის ძირში, თანამედროვე სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად X ს-ში იხსენიება აფხაზთა მეფე კონსტანტინეს (893-922) ჰერეთში ჩასვლასთან დაკავშირებით (ქც 1: 264,11). X ს-ში ჰერეთის, ხოლო XI ს-ში კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ცენტრია (მუსხელიშვილი 1967: 116). XI ს-ის 80-იან წლებში გიორგი II-მ (1072-1089) სცადა ვეჯინის ციხის აღება, მაგრამ ვერ შეძლო (პაპუაშვილი 1970: 233). 1455 წ. გიორგი VIII-მ (1446-1466) ვეჯინი და ვეჯინის პირის სოფლების წყალობა განუახლა ასა ვაჩნაძეს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 91). XVII ს-ში ვეჯინის ციხის მფლობელები ენდრონიკაშვილები (ანდრონიკაშვილები) არიან (მჭედლიშვილი 1985: 68). 1757 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) ვეჯინი ბოდბელ მიტროპოლიტს უბოძა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; მჭედლიშვილი 1985: 69). 1776 წ. ვეჯინში ბატონიშვილმა გიორგიმ ჯვარი დაიწერა ქეთევან ანდრონიკაშვილზე (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 122). 1782 წ. 5 თებერვალს იქ გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი (ქრონიკები 1967: 244). 1784 წ. ვეჯინში იქორწინა ბატონიშვილმა ვახტანგმა მარიამ ანდრონიკაშვილზე (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 157).

ვეჯინი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1960 წ. ვეჯინთან ახლოს, ბაქსის ხეობაში აღმოჩნდა გომბეშოს ქვის ქანდაკება, რომელიც გადმოვარდნილია თავდაპირველი ადგილიდან, დაახ. 100 მ სიმაღლიდან. ქანდაკება აღმოჩენის ადგილზეა (მჭედლიშვილი 1985: 61).

1923 წ. მიწის სამუშაოებისას ვეჯინში აღმოჩნდა სპილენძის ქართული მონეტების განძი, რომელიც შედგება თამარისა (1184-1207) და დავით სოსლანის 2759 მონეტისაგან. აქედან 2556 თარიღდება 1200 წლით. 103 მონეტა უთარიღოა. მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).(ლომოური 1936: 281-289; პახომოვი 1938: 32). 1980 წ. ვეჯინში გზის მშენებლობისას აღმოჩნდა რუსუდანის (1223-1245) სპილენძის მონეტა (აბრამიშვილი 1984:50).

ვეჯინში რამდენიმე ეკლესიაა. ყველაწმინდა მდებარეობს ვეჯინის ქედზე, აშენებულია რიყის ქვითა და აგურით. XVII ს-ში გადაკეთებულია ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობად. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ჩუბინაშვილი 1959: 467, 468). ამაღლების ეკლესია მდებარეობს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. აშენებულია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილია XVI-XVII სს-ის ასომთავრული წარწერისა და მოხატულობის ფრაგმენტები, რომელთა ქვეშ XIV-XVII სს-ის რელიგიური შინაარსის ბერძნული წარწერებია (გორდეევი 1919: 9; ყაუხჩიშვილი 1951: 187, 188). ეკლესიის დასავლეთით რიყის ქვითა და აგურით აგებული, XV ს-ის ორსართულიანი სამრეკლოა. მასზე ჩრდილოეთი მხრიდან მიშენებულია აღდგომის მცირე ზომის ეკლესია, რომლის კედელზე XIX ს-ის სამრეკლოს მეორე სართულამდე გაუკეთებიათ კიბე. სამრეკლოს გვერდით წმინდა მარიამის ეკლესიაა (ჩუბინაშვილი 1959: 492, 493; მჭედლიშვილი 1985: 81). მოციქულის ეკლესია მდებარეობს ციხისაკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით. ის მცირე ზომისაა. აშენებულია რიყის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთითა და დასავლეთითაა. XVI ს-ში გადაუკეთებიათ. მის მოპირდაპირე მხარეს წმინდა გიორგის ეკლესიაა (მჭედლიშვილი 1985: 81).

ვეჯინის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით. სავარაუდოდ, თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (მუსხელიშვილი 1980: 109). ციხე-სიმაგრის მთელ კომპლექსს „ამაღლებას“ უწოდებენ (მჭედლიშვილი 1985: 81).

სოფ. გლდანთან (თბილისის ახლოს) არსებობს ამავე სახელწოდების ხევი, რომელიც მდიდარია არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლებით (სძა 1990: 272-274).
 
ბიბლიოგრაფია: აბარამიშვილი 1984: 50; აქტები ... 1868: 81; ბაგრატიონი 1986: 68; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 51; ბარნაველი 1959: 46; ბერძენიშვილი 1964: 336; გიულდენშტედტი 1962: 29, 227, 261, 273; გორდეევი 1919: 9; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 290, 402; 1953: 280; თაყაიშვილი 1924: 77; თოდრია 1982: 77; ლომოური 1936: 281-289; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 91; მეფისაშვილი 1944: 1043-1045; 1955: 101-138; მუსხელიშვილი 1967: 95, 115, 116; მჭედლიშვილი 1985: 61-81; პაპუაშვილი 1970; პახომოვი 1938: 32; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 102; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 122, 149, 157; სძა 1990: 272-274; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1974: 246, 410, 732; 1981: 43; 1985: 145, 323; ქართ. წარწ. კორ. 1980: 170, 171; ქრონიკები 1897: 301; 1967: 244, 373; ქც 1: 264,11; 308,28; 321,22; 322,2; ქც 4: 133,25; 155,10; 544, სქ. 2; 545,3, სქ. 1; 546,8; 557,8; 559,13; 561,18; 563,3; 618,23; ყაუხჩიშვილი 1951: 187, 188; ჩუბინაშვილი 1959: 492-494.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9