გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გვა გვე გვი

გველეთი 

დაბა (ქც 4:358,6,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 358,6,7), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 305,9; 309,13,16), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 347,13-16), „გერგეტის სულთა მატიანე“ (გერგეტის ... 1954: 272,1-5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 63), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 63).

ვახუშტი ბაგრატიონი გველეთის შესახებ გადმოგვცემს: „გერეგთს ქვეით, ჩდილოთკენ, დასავლეთიდამ ერთვის ხევი გელათისა, ძუელად ესრეთ წოდებული დაბისა ამის სახელი, ხოლო აწ უწოდებენ გველეთს. ამ გველეთს ქუეით ერთვის არაგუსვე ხევი, სამხრ-აღმოსავლეთიდამ ... გარდავალს ამ ხევიდამ გზა ძურძუკსა და ქისტეთს“ (ქც 4: 358,6-9).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე, ყაზბეგიდან ჩრდილოეთით, 9 კმ-ის დაშორებით, დარიალის ხეობაში, სოფ. გველეთის ტერიტორიაზე.

1297 წ. მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებული მეფე დავით VIII (1292-1311) ციკარაში გამაგრდა. მონღოლებს მეფე გველეთის ციხეში ჰგონებიათ და ხევში გადასულან. სტეფანწმიდაში ისინი დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და უკან გამობრუნებულან (ქც 2: 305,8-14). მონღოლებს გველეთზე შემდგომაც ულაშქრიათ და ამჯერად გარკვეული წარმატებისათვის მიუღწევიათ (ძე 1954: 347,13-16). „გერგეტის სულთა მატიანის“ XV ს-ის საბუთში დასახელებულია გველეთიდან გერგეტის სამებისათვის მისაცემი მძევლები, ვინმე „... ანი და ხარსილა“ (გერგეტის ... 1954: 272,1-5).

1882 წ. გველეთის მიდამოებში გათხრები ჩაუტარებია გ.ხატისოვს. მას აღმოუჩენია გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ნივთები: მუხლზამბარიანი საკინძები, სამაჯურები, მძივები და სხვ. მასალა ინახება ერმიტაჟში (წითლანაძე 1976: 8).

1991 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) ციხის ჩრდილოეთით, დაახ. 1 კმ-ის დაშორებით, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე შეისწავლა ადრეული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 16 ქვის სამარხი, რომელთა გასამართავად გამოყენებულია ფიქალისა და ქვიშაქვის ფილები. გადახურულია ასეთივე ფილებით. ზოგიერთი სამარხის (№№1, 4, 6, 7) ძირი ფიქალითაა მოგებული. სამარხები ინდივიდუალური და საოჯახოა. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით (№№1, 10, 11, 15). ზოგიერთ სამარხში (№№4, 13) მიცვალებული ესვენა ზურგზე გაშოტილი, ქვედა კიდურები გადაჯვარედინებული ჰქონდა მუხლის არეში. დანარჩენ სამარხებში ძვლები ცუდად იყო შემონახული. საოჯახო სამარხებში ადრე დაკრძალული მიცვალებულების ძვლები ერთ ნაწილშია მიხვეტილი.

სამარხეული ინვენტარის უმრავლესობა სამკაულები და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთებია: ბრინჯაოს, რკინისა და ვერცხლის მშვილდსაკინძები, აბზინდები, ბალთები, ქამრები, ფარაკიანი და გემიანი ბეჭდები, ბრინჯაოს გრეხილი და ქედშესქელებული სამაჯურები, საკინძები, ბრინჯაოსა და ვერცხლის საყურეები, ბრინჯაოს დიადემები, საკიდები, ძეწკვი, სარკე და სხვ. სამარხებში გამოვლინდა (804 ც) მინის, მინისებური პასტის, სარდიონის, ქარვის, მთის ბროლის, გიშრის, ქალცედონის სხვადასხვა ფორმისა და ზომის მძივები. საბრძოლო იარაღიდან გვხვდება რკინის 3 შუბისპირი. თიხის ჭურჭელი წარმოდგენილია მოჩალისფროდ, წითლად ან შავად გამომწვარი ხელადებითა და სასმისით.

მრავალრიცხოვანი ინვენტარით გამოირჩევა განათხარი ფართობის სამხრეთ ნაწილში მდებარე №13 სამარხი. მცირეწლოვანი მიცვალებული ესვენა ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. ქვედა კიდურები გადაჯვარედინებული ჰქონდა მუხლის არეში. სამარხის სახურავზე აღმოჩნდა მოჩალისფროდ გამომწვარი მრგვალპირიანი, მაღალყელიანი ხელადა. სამარხში გამოვლინდა: რკინის 3 დანა; ბუდემთლიანი, მუხლსახსრიანი მშვილდსაკინძი; 2 ჭვინტიანი, მუხლსახსრიანი მშვილდსაკინძი; ბრინჯაოს საკიდი მხედრის სტილიზებული გამოსახულებით; თვალბუდიანი ბეჭედი მინისებური პასტის თვლით; 3 ეჟვანი, 2 ზარაკი, აბზინდა; ვერცხლის საყურე; ბეჭედი გრანატის გემით, რომელზეც მცენარის რტოა გამოსახული; ვერცხლის სასანური მონეტა კავადისა (488-531), მოჭრილი ხორასანში 529 წელს; თიხის შავად გამომწვარი ფართოპირიანი, ბიკონუსურტანიანი სასმისი, შემკული რელიეფური და ამოკაწრული ორნამენტით; მოჩალისფროდ გამომწვარი სამტუჩა ხელადა; ბრინჯაოს ოვალურძირიანი ფიალა; სხვადასხვა ფორმისა და ზომის სარდიონის, ქარვის, გიშრის, მინისა და მინისებური პასტის მძივები (192 ც), მათ შორის 4 ინკუსტირებულია. სამარხი თარიღდება VI ს-ის დასასრულითა და VII ს-ის პირველი ნახევრით. სამაროვნის თარიღია VI ს-ის დასასრული – VIII ს-ის დასაწყისი (მინდორაშვილი 1996: 41-43; 1997: 16-22; 1998ა: 34-43; 1998ბ: 18-26; 2000: 87-95; 2000ა: 78-86; 2000ბ: 7-12; 2000გ: 21-28; 2001: 80-91; 2005). განათხარი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.

გველეთის ციხე აშენებულია სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მაღალ კლდეზე, რომლის სამი მხარე მიუვალი ქარაფია. ციხეს ერთადერთი ძნელი მისადგომი აქვს დასავლეთიდან. კლდის ამ მხარეს აქა-იქ შემორჩენილია ზღუდის ნაშთები. კლდის თხემზე ზურგიანი კოშკია, რომლის ბრტყელი კედელი ჩრდილოეთითაა მოქცეული. კოშკის ზომები: ბრტყელი კედლის სიგრძე 5 მ, კოშკის ღერძის სიგრძე 7 მ, შემორჩენილი სიმაღლე 3,5 მ, კედლის სისქე 0,8 მ. ნაშენია დაუმუშავებელი და ნაწილობრივ დამუშავებული ქვიშაქვის დიდი ქვებით, კირხსნარზე. წყობაში გამოყენებულია ფიქალიც. კოშკის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით შემორჩენილია ხუთი ნაგებობის ნაშთი. მათგან ორი კოშკზეა მიშენებული. შენობები გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია ქვიშაქვისა და ფიქალის ქვებით. წყობა მშრალია. 4-5 ნაგებობის ნაშთი კოშკის ჩრდილო-დასავლეთითაა. ციხის ტერიტორია დღეისათვის სალოცავია და მას სემღისაის ხატი ეწოდება. კლდე, რომლის თხემზე ზურგიანი კოშკია, სამხრეთ აღმოსავლეთიდან დაბალი ყელით ებმის მეორე, გაცილებით მაღალსა და ციცაბო კლდეს, რომლის წვერზეც ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი. მოსახლეობა მას ყველაწმინდის ხატად მოიხსენიებს. სემღისაის და ყველაწმინდის ხატების დამაკავშირებელ ყელზე დგას ფიქალისა და ქვიშაქვის ქვებით კირხსნარზე ნაშენი დანგრეული ოთხკუთხა (4X3,2 მ) კოშკი. კედელში დატანებული აქვს ნიში. კოშკის სამხრეთ-დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მიმდებარე აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ნახევრადმიწური აკლდამაა (3,2X2,1X2,5 მ), რომლის კედლები ნაშენია კირხსნარზე, ქვიშაქვისა და ფიქალის ფილებით. დასავლეთი ნაწილი ჩაქცეულია. აღმოსავლეთი მხარე გადახურულია ფიქალის მასიური ფილებით. კოშკსა და აკლდამას შორის მეორე, შედარებით მცირე ზომის აკლდამაა. მისგან აღმოსავლეთით, 1 მ-ის დაშორებით გაძარცული ქვის სამარხია (1,2X0,65X0,5 მ). სამარხები შეინიშნება კოშკის დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მიმდებარე ტერიტორიაზეც. ქვის სამარხები დასტურდება ციხის ჩრდილოეთით, ქარაფის ძირშიც.

ციხის დასავლეთით, შემაღლებული კლდის თხემზე შემორჩენილია წმინდა მარიამის დარბაზული ეკლესიის (4,5X2,7 მ) ნანგრევები. ნაშენია ფიქალის ფილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველთან და სამხრეთ კედელში სარკმლები ჰქონია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა (მაკალათია 1934: 248; დოლიძე, შმერლინგი 1956: 73). მოხატულობის ფრაგმენტები ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ეკლესია გველეთში მცხოვრები ზაგაშვილების სალოცავი ყოფილა და „ზაგეთ სალოცავსაც“ უწოდებენ. ეკლესიის სამხრეთით, 3 მ-ის დაშორებით ფიქალით ნაშენი ნაგებობაა (8X2 მ). წყობა მშრალია. ნაგებობა დაახლოებით შუა ნაწილში გატიხრულია. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჰქონია.

კლდის სამხრეთი კალთის ძირას ნახევრად დანგრეული გვიანდელი შუა საუკუნეების სწორკუთხა გეგმის მქონე კოშკია. ნაგებია ქვიშაქვისა და ფიქალის დაუმუშავებელი და ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით, კირხსნარზე.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 36; გერგეტის ... 1954: 272,1-5; გიულდენშტედტი 1964: 63; დოლიძე, შმერლინგი 1956: 73; ითონიშვილი 1971: 137-139; მაკალათია 1934: 248; მინდორაშვილი 1996: 41-43; 1997: 16-22; 1998ა: 34-43; 1998ბ: 18-26; 2000: 87-95; 2000ა: 78-86; 2000ბ: 7-12; 2000გ: 21-28; 2001: 80-91; 2005; ქც 2: 305,9; 309,13,16; ქც 4:358,6,8; ძე 1954: 347,13-16; წითლანაძე 1976: 8; წითლანაძე, მინდორაშვილი 1997: 607; წოწელია, მინდორაშვილი 1999: 67-69.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9