აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ალა ალე ალი ალო

ალევი 

ეკლესია (ქც 4: 353,20,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,20,23), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 287; ქსნის საერისთ. სტატ. 1951: 28; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 18; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 562; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 195, 217, 239), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 95, 275).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ქსნის მარცხენა შენაკად ალეურას ქვემო წელზე, ახლანდელი სოფლების – ქვემო და შუა ალევის ტერიტორიაზე. ძველი ალევი იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც XIX ს-ში ქვემო და შუა ალევის სოფლებად იქცნენ (ბაქრაძე 1875: 24).

ალევის ეკლესია წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XV ს-ში (ქრონიკები 1897: 287). XVII ს-ში ალევი ეკუთვნოდა წილკნის საეპისკოპოსოს (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 562). 1724 წ. რუსეთში მიმავალი ვახტანგ VI (1716-1724) ალევში შეჩერდა (დონდუა 1967: 146). XVIII ს-ში ალევი შედიოდა ცხრაზმის ხევში, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ქსნის საერისთავოს ძირითადი ნაწილი იყო (თაყაიშვილი 1951: 28; გვრიტიშვილი 1968: 342). 1777 წ. ერეკლე II-ის მიერ დამარცხებული ქსნის ერისთავების ქონება ბატონიშვილებს დაურიგდა. ალევი ერგო იოანე ბატონიშვილს (გვრიტიშვილი 1955: 330). აქ გადიოდა ქსნის ხეობიდან მთიულეთისაკენ მიმავალი გზა (გვასალია 1983: 44).

ალევისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1981 წელს. ქვემო ალევში, სოფლის აღმოსავლეთით, მდ. ალეურას მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „გრძელებზე“ გამოვლინდა სამაროვანი, სადაც 1981-1989 წწ. გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ალევის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვ. ნ. აფხაზავა).

სამაროვანზე გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ერთი ორმოსამარხი, რომელშიც მიცვალებული დაეკრძალათ კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: შავპრიალა თიხის ჭურჭელი (ქოთნები, დერგი, ლანგარი და სხვ.), ბრინჯაოს შუბისპირი და რკინის მახვილი. სამარხი დათარიღდა ძვ. წ. X-VII სს-ით.

სამაროვანზე გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეების 138 სამარხი: ქვის ფილებით ნაგები სამარხები, ორმოსამარხები და ძელებით გადახურული ორმოსამარხები. მიცვალებულები დაუკრძალავთ ზურგზე გაშოტილები, თავით დასავლეთით; ქალების ნაწილი დაკრძალული იყო გვერდზე, კიდურებმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა 36 მონეტა: ფეროზის, კავადის, ვალარშარის და ხოსრო I-ის სასანური დრაქმები; ერთი ჰერაკლე კეისრის ვერცხლის ჰექსაგრამა. სამარხებში გამოვლინდა: მშვილდსაკინძები (ბუდეაბმული, ჭვინტიანი, ბუდემთლიანი); საკინძები (ფიგურულთავიანი, „შენობისებურთავიანი“, მრგვალ-ბრტყელი თავით, ბროწეულის ყვავილისა და ნაყოფის გამოსახულებიანი და სხვ.); აბზინდები, ბალთები, საყურეები (ერთწილადი, ორწილადი და სხვ.); ბრინჯაოს, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები; სამაჯურები (ქედშესქელებული, თავებგახსნილი და სხვ.). სამაროვანი თარიღდება V-VII სს-ით (აფხაზავა 1988: 117-119).

გამოირჩევა სამარხი №10 (ზომები: 2,10X1,17 მ), რომელიც შეკრულია ოთხი და გადახურულია 3 ქვის ფილით. სამარხის ჩრდილო ნაწილში დაუკრძალავთ მამაკაცი, სამხრეთით – ქალი. ორივე ზურგზე გაშოტილი. მათ შორის ესვენა ორი ბავშვი. სამარხში აღმოჩნდა: ბრინჯაოს დაბრტყელებულთავიანი სამაჯური; გემიანი ბეჭედი; ბრინჯაოს რომბული საკიდები; სასანური ვერცხლის მონეტები (2 კავადის, 4 ხოსრო I-ის); რკინის ჯვრისებური მუხლსახსრიანი მშვილსაკინძი; ქარვის მძივით შემკული, ბრინჯაოს ღეროიანი საკინძები (2 ც); რკინის ბეჭდის ნატეხი; მინის მძივები. განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ალევის ეკლესია (ალევის სამება) მდებარეობს ახალგორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უნაგირა მთის ერთ-ერთ მწვერვალზე, რომელიც ლორწომის (ალევის) კლდის სახელით არის ცნობილი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აქვს სწორკუთხა საკურთხეველი. ნაგებია ქვათლილებით. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით აქვს მინაშენები. მთავარ ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. მთავარი ეკლესია თარიღდება VIII-IX სს-ით. მცირე ეკლესია – X ს-ით. ეკლესიას გარს ერტყმის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიდა მხრიდან რამდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. გალავნის გარეთ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთებია (გვასალია 1970: 13, 14). გადმოცემით, ალევის ეკლესია დავით აღმაშენებელს (1089-1125) აუშენებია. ეკლესია იხსენიება წმიდა სამებისა და ღვთისმშობლის სახელით (იოსელიანი 1850: 24; ბაქრაძე 1875: 24). ალევის სამება მდიდარი ყოფილა საეკლესიო განძით, რის გამოც მას „ოქროსკარიანს“ უწოდებდნენ. საეკლესიო განძში წარწერიანი ხატები, ჯვრები და თასებიც ყოფილა. მათ შორის: 1. მთავარანგელოზ გაბრიელის XIV ს-ის ხატი ბერძნული წარწერით, რომელშიც მოხსენიებულია „ერისთავთ ერისთავი ივანე აბესალომის ძე“. ხატი აღუდგენიათ 1772 წელს, რაზეც მეტყველებს მეორე წარწერა: „მეორედ შევაკეთე ერისთავმან დავით ...“ 2. მთავარანგელოზ მიქაელის ხატი რელიგიური შინაარსის 1619 წ-ის ხუცური წარწერით. 3. მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი რელიგიური შინაარსის ხუცური წარწერით და ვერცხლის 6 თასი, რომელთაგან ერთზე მოხსენიებულია „მენურ ოქრომჭედელი“. მეორეზე მხედრული წარწერაა (მონოგრამა), რომელიც არ იკითხება. დანარჩენებზე რელიგიური შინაარსის XVII ს-ის წარწერებია. ნივთები დაკარგულია (თაყაიშვილი 1915: 74-77).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1984: 145; აფხაზავა 1986: 85-96; 1988; აფხაზავა ... 1986: 76-82; ბაგრატიონი 1986: 36; ბაქრაძე 1875: 24; გვასალია 1967: 9-54; 1970: 11-17; 1983; გვრიტიშვილი 1955; 1968: 352; გიულდენშტედტი 1962: 95, 275; დონდუა 1967: 146-189; ქსნის საერისთ. სტატ. 1951: 1-68; თაყაიშვილი 1915: 74-77; იოსელიანი 1850; 1887; მაკალათია 1969; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 18; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 96; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 195, 217, 239; ქც 4: 353,20,25; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 562; ქრონიკები 1897: 287; ხახანოვი 1898: 168.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9