აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აკა

აკაურთა


(ქც 4: 316,12). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 316,12), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 18, 19; 1974: 62, 63).

მდებარეობს ქ. ბოლნისიდან 7 კმ-ის დაშორებით, მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. აკაურთას ადგილას.

აკაურთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აკაურთას დარბაზული ეკლესია (15,5X10მ) აგებულია სოფლის შუაში, კლდოვანი მთის კალთაზე. ნაშენია დიდი ქვათლილებით. დასავლეთ ფასადის ღია მწვანე ქვის ახალი წყობა მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლეთის მასიური ქვის წყობისაგან (მუსხელიშვილი 1938: 323). ეკლესიის სწორკუთხა ნავი შვერილი აფსიდით მთავრდება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია. შიგნით აფსიდი ნავზე ორჯერ უფრო ვიწროა. თაღებს ნალისებრი მოყვანილობა აქვთ. თავდაპირველი წყობისაგან გადარჩენილია აღმოსავლეთ ფასადი საკურთხევლიანად (კედლის სისქე აღწევს 121 სმ). დასავლეთი კედელი ახალია. ეკლესია შემკულია ჩუქურთმებით. სამხრეთის კარის არქიტრავზე გამოსახულია ყურძნის მტევნები, ტოლმკლავა ჯვრები; სამხრეთის ფასადის სარკმელთან მოთავსებულია რელიეფური მედალიონი ფარშევანგის გამოსახულებით. ძეგლი დათარიღებულია V-VI სს-ის მიჯნით (რჩეულიშვილი 1948: 27-38; ბერიძე 1974: 96, 97). ეკლესია აღუდგენიათ XX ს-ის დასაწყისში. 1974 წ. აკაურთას ეკლესიაზე ჩატარდა მცირე მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე).

სოფ. აკაურთადან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს „გიორგი ბატონის“ დარბაზული ტიპის რიყის ქვით ნაგები ეკლესია (7,60X5,10 მ), რომელსაც აქვს მართკუთხა ფორმის აფსიდა. ნაგებობა გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში.
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1974: 96, 97; მუსხელიშვილი 1938: 311-382; რჩეულიშვილი 1948: 27-38; ქც 4: 316,12; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 18, 19; 1974: 62, 63.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9