ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხოდ ხოვ ხონ ხოჟ ხორ ხოტ ხოფ

ხოვლე

(ქც 4:342,9,10), იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 301,11), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 342,9,10), 1260 წ. დაწერილი კახა თორელისა რკონის ღმრთისმშობლისადმი (ქრონიკები 1879: 133-145; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 57-67; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 146-160), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 38, 57, 281, 496, 573; 1981: 87, 570; 1985: 37, 838; ქართულ-სპარსული ... 1955: 126, 127, 174; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 275; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 179; 1953: 63, 136, 142, 143, 151, 175, 179; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 106), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31).

ვახუშტი ბაგრატიონი ხოვლეს შესახებ გადმოგვცემს: „თეზმის დასავლით არს ხევი ხოვლესი, გამოსდის რაზმითის მთას, მოდის ჩდილოდამ, ერთვის მტკუარს სამხრიდამ“ (ქც 4: 342,9,10). იოანე ბაგრატიონი ხოვლეს ხევში ჩამოთვლის შემდეგ სოფლებს: „მდუღრის ხევი აწ ხოვლის ხევად წოდებული: ხოვლე, გრაკალი, დოესი, აგარა...“ (ბაგრატიონი 1986: 31).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ზე, მდ. ხეხმელას (მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ხოვლეს ტერიტორიაზე.

ხოვლე წყაროებში იხსენიება XI ს-დან. აქ ერთმანეთს შეხვდნენ მეფე ბაგრატ IV (1027-1072) და კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში (ქც 1: 301,11). XIII ს-ის პირველ ნახევარში სოფელი შეისყიდა მეჭურჭლეთუხუცესმა კახა თორელმა და რკონის მონასტერს შესწირა (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 57, 58). გვიან შუა საუკუნეებში ხოვლე ჯავახიშვილების საკუთრება იყო (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 38, 57, 281, 496, 573; 1981: 87, 570; 1985: 838, 37).

სოფ. ხოვლეს ტერიტორიაზე 1954-1961 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) გათხარა გვიანი ბრინჯაო – ანტიკური ხანით დათარიღებული ნამოსახლარი გორა, სახელოსნო უბანი, სამაროვანი, საკულტო ნაგებობა. 1976 წ. „ზესურის“ ველზე მიწის დამუშავების დროს დაზიანდა სამაროვანი. კასპის მუნიც-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ცქიტიშვილი) გათხარა გვიანანტიკური ხანით დათარიღებული რამდენიმე სამარხი.

ნამოსახლარი „ხოვლეგორა“ მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კმ-ზე, სანიორე ქედის დასასრულს, მდ. ხეხმელას მარცხენა ნაპირზე. დადასტურდა 8 სტრატიგრაფიული ჰორიზონტი: VIII-VII ჰორიზონტი თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით; VI – ძვ. წ. XIII ს-ით; V – ძვ. წ. XII-X სს-ით; IV – ძვ. წ. IX-VII სს-ით; III – ძვ. წ. VI ს-ით; II – ძვ. წ. V ს-ით. I – ძვ. წ. IV ს-ით. პირველ მაცხოვრებლებს სამოსახლოსათვის ირგვლივ თხრილი და კედელი შემოუვლიათ. ძვ. წ. XV-VII სს-ის (VIII-IV ჰორიზონტები) საცხოვრებელი სახლები გეგმით სწორკუთხაა, ერთოთახიანი; საძირკველი ქვითა და თიხითაა აგებული, კედლები ძელურია – ორმხრივ თიხით შელესილი, იატაკი თიხატკეპნილია, გადახურვა ბანური ჰქონდა. ყოველ სახლში უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმელი იყო მოწყობილი, მარჯვენა კუთხეში – საკურთხეველი, რომელიც შემკული იყო თიხით ნაძერწი ვერძის თავებით. ამ პერიოდის ნამოსახლარზე აღმოჩნდა მორგვზე დამზადებული ლეგა-მოშავოდ, იშვიათად მოწაბლისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომელიც შემკულია ამოღარული და რელიეფური ორნამენტებით. გარდა თიხის ჭურჭლისა აღმოჩნდა ნამგლის კაჟის ჩასართები, კევრი, მარცვლეულის შესანახი ორმოები, ხორბალი, საწყაო კოდები, ვერძის თავის ქანდაკებები, მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ ცხოველთა ძვლები. ძვ. წ. XII-X სს-დან (V ჰორიზონტი) ხოვლეგორას ჩრდილოეთით დასახლება ჩნდება. აქ სახლები სიგრძივ ღერძზე ორადაა გაყოფილი. ერთი ნახევარი ბოსლადაა გადაქცეული – ქვის ფილებით მოწყობილია ზღვე თავისი სანერწყულით. ძვ. წ. IX-VII სს-ში (IV ჰორიზონტი) ჩრდილოეთის დასახლება წყვეტს არსებობას და სამხრეთისაკენ ინაცვლებს. ამ პერიოდში გორის მაცხოვრებლებს ერთი საერთო ბოსელი ჰქონდათ მიშენებული გორის ფუძის ირგვლივ შემოვლებულ გალავანზე. ბოსელი ნაგებია ფლეთილი ქვით. 3 კედლის გასწვრივ ქვის ფილებით მოწყობილია 2 მ-ის სიგანის ზღვე, ხოლო ხის ძელებით – ბაგა. ბოსელში და მასზე მიშენებულ სათავსოში აღმოჩნდა 4 კევრი. IV ჰორიზონტის ბოლო პერიოდიდან გორაზე და ნასოფლარზე ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა. ძვ. წ. VI ს-ში (III ჰორიზონტი) ნამოსახლარი გასცდა გორის ბუნებრივ საზღვრებს. მას შემოავლეს ღრმა თხრილი და ქვის განიერი კედელი. უფრო ვრცლად და მჭიდროდ დასახლდა სოფელი გორაზე და სოფელში სახლები უკვე რამდენიმე ოთახისაგან შედგება. შენობები ნაგებია ფლეთილი ქვით თიხის ხსნარზე დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე, შემდეგ კი, ალიზის აგურით. ოთახის კუთხეში დარჩა ღუმელი, ჩნდება ინტერიერის ახალი ელემენტები – შუა ცეცხლი, ღუმელთან ახლოს ქვის მაგიდა, კედლის გასწვრივ სკამი. ერთ სათავსოში დადასტურდა კედლებისა და იატაკის ჭილოფით მოგების ფაქტი. ამ ჰორიზონტში წითლად და შავად გამომწვარი ჭურჭელი თანაარსებობს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. შავლეგად გამომწვარი კერამიკა ინარჩუნებს ძველ ფორმებსა და ორნამენტაციას, ხოლო წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი უმთავრესად სადაა და ახალ ფორმებს იძენს. ჩნდება მილიანი და სამტუჩა დოქები, გრძელტანიანი ქილები. გაჩნდა კერამიკის შემკობის ახალი წესი – ჭურჭლის შეღებვა წითელი საღებავით. ამავე ფენაში აღმოჩნდა სამეთუნეო მორგვი, რომელიც თიხისგანაა დამზადებული. II და I ჰორიზონტში (ძვ. წ. V-IV სს) წითლად გამომწვარი კერამიკა აშკარად ჭარბობს.

ხოვლეგორის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე მდებარეობს ხელოსანთა უბანი. აქ შესწავლილი იქნა სამი, ერთმანეთის მომდევნო პერიოდის (ძვ. წ. IX-VIII, VII-VI და V-IV სს) სახელოსნოები. თითოეული სახელოსნო შედგება თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურის, ხელოსნის სამუშაო მაგიდისა და სამეთუნეო მორგვის, თიხის შესანახი (გასაფუებელი) ორმოების, წყლის შესანახი დერგებისა და ხელოსნის საცხოვრებელი სახლისაგან. აქ აღმოჩენილი ქურები ერთმანეთთან გენეტიკურადაა დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული კონსტრუქციისაა.

ხოვლეგორას სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კმ-ზე ადგილ დუბეში მდებარეობს სამაროვანი, რომელსაც დაახლოებით 1 ჰა უკავია. სამაროვანზე ჩატარდა დაზვერვითი ხასიათის გათხრები. თარიღდება ძვ. წ. XIV-VI სს-ით. სამარხები კოლექტიურია. მათში აღმოჩენილი ინვენტარი ერთფეროვანია. მოპოვებული მასალის ერთი ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი), მეორე ნაწილი – კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალში, ხოვლეს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახლ-მუზეუმში (მუსხელიშვილი 1977: 40-45, 65-72; 1978: 5-97; მელითაური 1979: 63-65).

ხოვლეგორას სახელოსნო უბნის სამხრეთით 100 მ-ზე აღმოჩნდა საკულტო ნაგებობის ნაშთი, თარიღდება ძვ. წ. II – ახ. წ. I სს-ით. თიხით შელესილი ძელური ნაგებობის დამწვარ-დანახშირებულ ფენაში აღმოჩნდა უწესრიგოდ არეული ნივთები: ოქროსა და ვერცხლის თხელი ფირფიტები, ხარის თავისა და კიდურების, ადამიანის ხელისა და ფეხის სტილიზებული გამოსახულებით; ბრინჯაოს ზარაკები (32 ც), ვერცხლისა და ბრინჯაოს საკიდები; მძივები და მძივსაკიდები (305 ც). აღმოჩენილი ნივთები უნდა უკავშირდებოდეს შტანდარტს (გვასალია 1972ა: 42-50).

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა ყორღანი. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით. ყორღანის (დმ 22 მ, სიმაღლე 1,5 მ) ცენტრალურ ნაწილში, ქვაყრილის ქვეშ აღმოჩნდა გეგმით მართკუთხა ფორმის ორმოსამარხი (3,8X2,4X1,2 მ), რომელიც გადახურული იყო ხის ძელებით. სამარხში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი. სამარხი უინვენტაროა. ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთის თავზე 2 ჩაშვებული სამარხი აღმოჩნდა; №1 სამარხი ქვაყრილის ზედაპირიდან 0,60 მ-ის სიღრმეზე მდებარეობდა, №2 სამარხი კი, 1 მ-ის სიღრმეზე. №2 სამარხში აღმოჩნდა ბედენური ტიპის კერამიკა – შავპრიალა ქოთნები და სასმისები შემკული „მარგალიტისებური“ და წვრილად ნაკაწრი ორნამნეტით; კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები, სალესი ქვა და სხვ. №1 სამარხში აღმოჩნდა გვიანი მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ვიწროძირიანი ტოლჩა ჩაღარულ-ამოღარული ორნამენტით, ბრტყელი ფართოყუნწიანი სატევრის პირი (გრიგოლია 1958: 41; ჯაფარიძე 1998: 148-150).

სოფლის სამხრეთით, ადგილ ზუსურზე მიწის პლანტაჟის დროს დაზიანდა სამაროვანი (2 ჰა). თარიღდება გვიანბრინჯაო – ადრე შუა საუკუნეებით. გაითხარა გვიანანტიკური ხანის 4 სამარხი: ერთი აგებულია თიხის ფილებით, დანარჩენი – ქვებით (ცქიტიშვილი ... 1979: 122).

სოფლის მახლობლად, მდ. ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია. თარიღდება VI-VII სს-ით. ეკლესია (7,8X7,7 მ) დარბაზულია, ნაგებია მოწითალო ფერის თლილი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს ეგვტერი. ეკლესიას 2 შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და ეგვტერიდან. ეკლესიისა და ეგვტერის აფსიდები და კონქის თაღები ნალისებურია. ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც 2 სხვადასხვა ხანის (XI-XII სს, XIV ს) ფრაგმენტებისაგან შედგება. ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდაში შემორჩენილია მოხატულობის (XII ს) ფრაგმენტები (სძა 1990: 223).

ხოვლეს ტერიტორიაზე მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული რამდენიმე დარბაზული ეკლესია (ისიდორიანთ საყდარი, კვართის წმინდა გიორგის ეკლესია, ნაბელიანთ საყდარი, წმინდა თევდორეს ეკლესია, წითელი საყდარი) და კოშკი.

სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვახიდას“ უწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 მ, სიგანე 1,1 მ, სიმაღლე 9 მ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1992: 51-53; ბაგრატიონი 1986: 31; გვასალია 1972ა: 42-50; გრიგოლია 1958: 41; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 179; 1953: 63, 136, 142, 143, 151, 175, 179; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 106; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 275; მელითაური 1979: 63-65; მუსხელიშვილი 1977: 40-45, 65-72; 1978: 5-97; სძა 1990: 223; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 146-160; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 57-67; 1972: 38, 57, 281, 496, 573; 1981: 87, 570; 1985: 37, 838; ქართულ-სპარსული ... 1955: 126, 127, 174; ქრონიკები 1879: 133-145; ქც 1: 301,11; ქც 4: 342,9,10; ცქიტიშილი ... 1979: 122; ჯაფარიძე 1998: 148-150.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9