წა წე წვ წი წნ წო წრ წუ წყ
წრა წრო

წრომი 

მონასტერი (ქც 4: 345,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 345,11), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 117; 1981: 363), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32).

ვახუშტი ბაგრატიონი წრომის შესახებ გადმოგვცემს: „მძორეთის ჩდილოთ, გორას იქით და სამწევრის ზეით, არს მონასტერი ყოვლადწმიდისა წრომს, გუმბათიანი შუენიერი, სოფიის კენჭი ჩაწყობილ-დახატული ...“ (ქც 4: 345,11-14,სქ.4).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან აღმოსავლეთით 15 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. წრომის ტერიტორიაზე.

1731 წ. წრომს თავს დაესხნენ ლეკები, გადაწვეს და ტაძრის გალავანი ააფეთქეს (ჩხეიძე 1913: 43). XVIII ს-ის ბოლოს წრომი შედიოდა ციციშვილების სამფლობელოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 117).

სოფ. წრომის აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით, მდ. წრომულას ნაპირას აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის სამეთუნეო სახელოსნოს ნაშთი – კერამიკის გამოსაწვავი ქურა, ნახშირის გროვები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზვერვებისას მიკვლეულია გვიანი შუა საუკუნეების რამდენიმე ნასახლარი (სძა 1990: 457).

წრომში დგას ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი (25,6X19,85მ). ტაძარი სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილი სტეფანოზ ერისმთავრის წარწერით თარიღდება VII ს-ით (ჩუბინაშვილი 1936: 145-168; 1969: 12). სხვა მოსაზრებით, ტაძარი IX ს-საა (ქართ. წარწ. კორ. 1980: 168, 169). იგი რამდენჯერმე გადაკეთდა: XI-XII სს-ის მიჯნაზე და XVI-XVII სს-ში. 1940 წ. 8 მაისს მიწისძვრის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა. შემდგომში აღადგინეს.

ტაძარი აგებულია ქვიშაქვის კვადრებით. აფსიდა ნახევარწრიულია. მის ჩრდილოეთ და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთ მკლავში, პატრონიკეს ქვეშ ნართექსია. საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით, რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია. გადარჩენილი მცირე ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). საკურთხეველი მოხატულია ღვთისმშობლისა და მოციქულთა ფრესკებით. აღმოსავლეთის ფასადი შემკულია სამნაწილიანი თაღედით, რომელთაგან გვერდითი თაღები სამკუთხა ნიშებია. ტაძარს აქვს 3 მართკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით (ჩუბინაშვილი 1969:12-39).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 264; სძა 1990: 457; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 117; 1981: 363; ქრონიკები 1892: 69, 70; ქართ. წარწ. კორ. 1980: 109, 110, 130-134, 168, 169; ქც 4: 345,11; ჩუბინაშვილი 1936: 145-168; 1969: 12-39; ჩხეიძე 1913: 43.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9