ძა ძე ძუ
ძეგ ძევ

ძეგვი

ძეგუ (ქც 4: 575,24).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 575,24), XII, XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191, 264, 504, 505, 540; 1972: 252, 264, 265, 441; 1985: 635; ქრონიკები 1897: 195, 320, 324; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 256; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 56, 185, 197; 1953: 206; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 81), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 108), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 55).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდ. მტკვრისა და ხეკორძის შესართავთან, სოფ. ძეგვის ტერიტორიაზე.

ძეგვი XII ს-ში საკათალიკოსო სოფელია (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74). 1447 წ. გიორგი მეფემ (1446-1476), ხოლო 1559 წ. სვიმონ მეფემ (1556-1569; 1578-1600) სვეტიცხოველს განუახლეს ძეგვის შეწირულობა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 191; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 256). 1561 წ. ლევან კახთა მეფის (1520-1574) ძე გიორგი სოფ. ძეგვთან ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაიღუპა (ქც 4: 575,24). 1640 წ. ძეგვის მოურაობა ქართლის კათოლიკოსმა ქრისტეფორემ დავით გედევანიშვილს უბოძა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 505; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 256). 1687 წ. ნიკოლოზ კათოლიკოსმა ძეგვის თავს ეკლესია ააშენა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 256). 1720 წ. ძეგვიდან 50 გლეხი-მეთოფე გამოდიოდა (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 185). 1744 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) ძეგვთან დაამარცხა ლეკები (ორბელიანი 1981: 108). 1783 წ. კათოლიკოსმა ანტონ I-მა ძეგვის მოურაობა იოანე გედეონის ძეს უბოძა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 945). ძეგვზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც აკავშირებდა ქვემო ქართლს ზემო ქართლთან, ბარს მთასთან. ამავე დროს, ძეგვი „დიდ მცხეთაში“ შესასვლელ სამეთვალყურო და საბაჟო პუნქტს წარმოადგენდა. მონღოლთა ბატონობის დროს აქ იამი (საგზაო სადგური) იყო (ბერძენიშვილი 1960: 169). ძეგვზე გადიოდა სასოფლო გზებიც: ქვათახევ-კავთისხევში და ქვათახევ-ნიჩბის-ძეგვში (ბერძენიშვილი 1964: 141). შიდა ქართლიდან მანგლისისკენ გზები ძეგვის ხევით გადიოდა (ბერძენიშვილი 1966: 51).

საკუთრივ სოფ. ძეგვი არქეოლოგიურად შესწავლილი არაა. ძეგვის მიდამოებში კი მრავალი არქეოლოგიური ძეგლია გათხრილი.

სოფლის ცენტრში დგას ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკი მარნით, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ და თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა (შმერლინგი ... 1960: 38).

შუა სოფელში, შემაღლებულ ადგილზე, მთავარი გზის პირას დგას გვიანი შუა საუკუნეების კარის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (13,5X6,25 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშია. დასავლეთ კედელში ერთი, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია (სძა 1990: 334).

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით, მდ. ძეგვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს ბორას (ბოძის) დარბაზული ეკლესია (7,5X4,5 მ), ნაგები ქვიშაქვის მოზრდილი ფილებით. შესასვლელი სამხრეთითაა. კარის აღმოსავლეთით ერთი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სამკვეთლო და სადიაკვნეა. ეკლესიაში შემორჩენილია XI-XII სს-ის მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან შემორჩენილია ლავგარდნის ფრაგმენტი. ნაწილობრივ შემორჩენილია ეკლესიის რიყის ქვით ნაგები გალავანი. ეკლესია თარიღდება X ს-ით (შმერლინგი ... 1960: 35; სძა 1990: 333, 334).

სოფლის სასაფლაოს აღმოსავლეთით, ბორცვზე დგას გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (4,34X3,28 მ), ნაგები ფლეთილი და რიყის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სარკმელია (სძა 1990: 334).

სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ბორცვის ფერდზე, წმინდა გიორგის ხევის მარცხენა ნაპირზე დგას დარბაზული ეკლესია (6,5X4,25 მ) ყველაწმინდა. ნაგებია ფლეთილი, რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია და ნიშები. სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშიც თითო სარკმელია. კამარა ნახევარწრიულია. შიგნიდან ეკლესია შელესილი იყო. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის ზემოთ, ფილაზე მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვითაც ეკლესია აუგია კათოლიკოს-პატრიარქს დომენტის 1716 წელს (სძა 1990: 334).

სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე დგას სამების გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (12,2X6,7 მ) ეკლესია, ნაგები თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ღრმა საკურთხეველია; აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელი და ნიშებია. საკუთრხეველში სწორკუთხა სატრაპეზო ქვაა. დარბაზი გადახურულია კამარით. ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარცხნივ, შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია კათოლიკოსი ნიკოლოზ ამილახვარი, რომელმაც ეს ეკლესია ააგო. შემორჩენილია აგურით ნაგები გვიანდელი ხანის სამრეკლოს ნაწილი (სძა 1990: 336).

ძეგვის სამხრეთით, სასაფლაოზე, დგას ფლეთილი ქვით ნაგები და თლილი ქვით მოპირკეთებული, ღვთისმშობლის დარბაზული (10,37X6,8 მ) ეკლესია. შესასვლელი ჩრდილოეთით და სამხრეთითაა, აფსიდა ნახევარწრიულია; აფსიდაში ერთი პროფილირებულსაპირიანი სარკმელი და ნიშებია. ფასადი შელესილია. ფასადზე ყოფილა ფილა მხედრული სამშენებლო წარწერით, რომლის მიხედვით ეკლესია აუგიათ ნადირ მჭედლიძესა და მის შვილს პეტრეს, ნიკოლოზ ამილახვარის კათოლიკოსად ყოფნის (1676-1700) დროს (შმერლინგი ... 1960: 38).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; ბერძენიშვილი 1960: 169; 1964: 141; 1966: 51; გიულდენშტედტი 1962: 55; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 56, 185, 197; 1953: 206; ორბელიანი 1981: 108; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 81; სძა 1990: 333-336; ქრონიკები 1897: 195, 320, 324; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191, 264, 504, 505, 540; 1970ა: 532; 1972: 252, 264, 265, 441; 1985: 635; ქც 4: 575,24; შმერლინგი ... 1960: 35-38; ხარაძე 1992: 39, 40.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9