ძა ძე ძუ
ძეგ ძევ

ძევრი

დაბა (ქც 4: 755,6-8,11,21).

ძევრი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 755,6-8,11,21), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 430; ისტ. დოკ. 1958: 70; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 926), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 303).

ვახუშტი ბაგრატიონი ძევრის შესახებ გადმოგვცემს: „აჯამეთის წყალს ზეით ერთვის ძევრის წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული ... ძევრს არს ხიდი ქვიტკირისა ... ხიდს ზეით არიან ქუაბნი დიდ-დიდნი, გამოკუეთილნი, მრავალნი, კლდესა შინა, დასავლით“ (ქც 4: 755,6-13).

მდებარეობს თერჯოლის მუნიც-ში, ახლანდელი სოფ. ძევრის ტერიტორიაზე.

ძევრში მცხოვრები ერთი კომლი იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ (1660-1661) წერეთლებს გადასცა (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 430). 1739 წ. ძევრში ჭიჭინაძეების მამული აგიაშვილებმა მიიტაცეს. ალექსანდრე V-მ (1720-1752) ეს მამული გელათის წმინდა ხახულის ღვთისმშობელს შესწირა და ჭიჭინაძეებს დაუბრუნა (ისტ. დოკ. 1958: 70). XVIII ს-ში ძევრი არგვეთის სოფელია (გიულდენშტედტი 1962: 303).

1951-1952 წწ. სოფ. ძევრში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ძევრის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი). სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. ძევრულასა და შავი წყლის სამმხრივ ჩაკეტილ კარსტული ხეობის შუა წელზე, მდ. ძევრულას კალაპოტიდან 18,5 მ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე გაითხარა მრავალფენიანი ძეგლი – საგვარჯილეს მღვიმე, რომლის სიგანე შესასვლელთან 37 მ, სიგრძე 13 მ. მღვიმეში და მღვიმის წინ გამოვლინდა რამდენიმე ფენა: ზედაპალეოლითური, მეზოლითური, ენეოლითურ-ადრებრინჯაოსი, ადრე შუა საუკუნეების.

ზედაპალეოლითურ ფენაში გამოვლინდა ხუთი დონე, რომლებიც სტერილური შრეებით იყო ერთმანეთისაგან გამოყოფილი. უძველეს V დონეში, 13 მ სიღრმეზე აღმოჩნდა ზედაპალეოლითის ყველაზე ადრინდელი საფეხურისათვის დამახასიათებელი კაჟის იარაღები და მუსტიეური ტექნიკით ნაკეთები იარაღები: სახოკები, წვეტანები, ნუკლეუსები, საჭრისები, საფხეკები, მოგრძო, გვერდდაბლაგვებული ფირფიტები და სხვ. ძვლის იარაღებთან ერთად აღმოჩნდა ცხოველთა ძვლოვანი მასალაც: გარეული თხა, კეთილშობილი ირემი, ბიზონი, ველური ცხენი და სხვ. საგვარჯილეს მღვიმის ზედაპალეოლითის ყველა დონეზე დადასტურდა იმ დროის კერა და მინერალური საღებავების ნაშთები (კილაძე 1953: 5, 6; საქ. არქ. 1991: 157).

მეზოლითურ ფენაში მოპოვებულ იქნა კაჟის ნაწარმი (18480 ერთეული) და პალეონტოლოგიური მასალა. იარაღის საერთო რაოდენობა 1107 ერთეულია, დანარჩენი წარმოების ნაშთებია. ფენაში აღმოჩნდა: ნუკლეუსები (კონუსური, პრიზმული, ბრტყელი და სოლისებური); სხვადასხვა ზომისა და ფორმის ანატკეც-ანამტვრევები; ლამელები (ნაწილობრივრეტუშიანი, გვერდდაბლაგვებული და დაკბილული); საფხეკები, საჭრისები და გრავეტები. აღნიშნული მასალა მეზოლითის საწყისი საფეხურით თარიღდება (საქ. არქ. 1991: 198, 199). საგვარჯილეს მღვიმის კოლექცია დაცულია ნ.ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1971: 76-84).

მღვიმის ზედა ფენებში გამოვლინდა ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ფენა, რომელიც მღვიმის გარეთ, ფერდობზეც ვრცელდებოდა. ენეოლით-ადრებრინჯაოს ფენა 3 ჰორიზონტითაა წარმოდგენილი. V (ზედა) ჰორიზონტის ნაწილი გვიანბრინჯაოს ხანის ჩაშვებული სამარხებითაა დაზიანებული. იატაკზე „საკურთხეველი“ კერაა (დმ 1 მ) გამართული. იატაკზე აღმოჩნდა: ირმის რქის სახვნელი, რქის გახვრეტილი თოხი, ძვლის სახვრეტები, სადგისები, რიყის ქვისა და ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულები, სატეხები, სათლელები, კაჟის ორმხრივ დამუშავებული ისრისპირები, შუბისპირები, საფხეკები და საჭრისები, სერპანტინისა და მერგელისაგან დამზადებული სამაჯურები, ქილის, დერგის, ქოთნისა და სხვა ფორმის თიხის ჭურჭელი. II ჰორიზონტის იატაკზე აღმოჩნდა I ჰორიზონტის მსგავსი ქვის იარაღები, სამაჯურები, ისრისპირი და შუბისპირები, ხელსაფქვავები, რქის თოხები, ტაფისებური, ქილისებური და ქოთნისებური თიხის ჭურჭელი და ერთი ორმო-კერა. გარდა ამისა, აღმოჩნდა: ქვისა და კაჟის საფხეკები, საჭრისები, მიკროსაფხეკები, ლამელები, ნახეხ-ნაპრიალები ცულები, სატევრისებური იარაღები; ძვლის სადგისები, ირმის რქის თოხი; ბრტყელძირიანი (იშვიათად ქუსლიანი) თიხის ჯამები, ტაფისებური და ქილისებური ჭურჭელი.

მღვიმის გარეთ, ფერდობზე, აღმოჩნდა ლითონის ნივთები, ოთხწახნაგა სადგისი, ანკესები და ღერაკები. იქვე გაითხარა ორმოსამარხი, სადაც მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: თიხის ჯამი, სანელსაცხებლის ფორმის ჭურჭელი, ბიკონუსური კვირისტავი და ქვის ცული (საქ. არქ. 1992: 252-254).

საგვარჯილეს მღვიმის დასავლეთით, 40 მ-ის დაშორებით, ზედაპირიდან 0,9 მ სიღრმეზე აღმოჩნდა ჰორიზონტალურად ჩაფლული ქვევრსამარხი (სიმაღლე 1 მ, დმ 0,7 მ), სადაც მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე. სამარხში გამოვლინდა: რკინის სატევარი რკინისავე აბზინდით; შუბისპირი; ორწილადი მშვილდსაკინძი; ვერცხლის ვარდულები; მინის მძივები (მრგვალი, ცილინდრული, ბიკონუსური და სხვ.). სამარხი ახ. წ. I-III სს-ით დათარიღდა (ფუთურიძე 1959: 62).

მღვიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, მდ. ძევრულას მარცხენა ნაპირას, აღმოჩნდა ჰორიზონტალურად დაფლული, პირით დასავლეთისკენ მიმართული ქვევრსამარხი, რომელიც დამწვარ ძვლებს შეიცავდა. სამარხში გამოვლინდა: თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირი, რკინის სამაჯური, ბრინჯაოს საკინძი, ოქროს ფირფიტა, მინისა და პასტის მძივები და სხვ. სამარხი თარიღდება ახ. წ. II ს-ით (ფუთურიძე 1959: 62).

საგვარჯილეს მღვიმეში და მღვიმის წინ, ზედა ფენებში (37X13მ) გაითხარა 90 ორმოსამარხი. 31-ში მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოხრილი, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოსა და რკინის ბუდეაბმული ორწილადი მშვილდსაკინძები, ბრინჯაოს ბეჭდები, ვერცხლის საყურე, რკინის შუბისპირები და სხვ. სამარხები თარიღდება ახ. წ. III-IV სს-ით. 45-ში მიცვალებული დაუკრძალავთ გულაღმა გაშოტილი და გულხელდაკრეფილი. სამარხებში ინვენტარი თითქმის არ აღმოჩენილა. სამარხები შუა საუკუნეებისაა (ცქიტიშვილი 1953: 7, 8).

მღვიმესთან ნაყარ მიწაში აღმოჩნდა ვერცხლის ბეჭედი სარდიონის გემით, რომელზეც გამოსახულია კრატერი (ლორთქიფანიძე 1969: 149). ბეჭედი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ძევრში, მდ. ძევრულას მარჯვენა ნაპირზე, ე. წ. კორტების გორაზე, 1997-1998 წლებში გათხრებს აწარმოებდა შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის აღმოსავლეთ კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ზ. ბრაგვაძე). გათხრების შედეგად აღმოჩნდა ძვ. წ. I ათასწლეულის ორფენიანი ნამოსახლარი და გვიანანტიკური ხანის სამარხები. ნამოსახლარი ორფენიანი ძეგლია. ქვედა ფენა ზედასგან გამიჯნულია 40 სმ-ის სისქის სტერილური შრით. ქვედა ფენის სისქე 80 სმ-ია და იგი შეიცავს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ტიპურ კოლხურ კერამიკულ ნაწარმს. ზედა ფენა სისქეში 120 სმ-ს აღწევს. მასში გამოვლინდა ფლეთილი ქვებით ნაგები შენობის ნაშთები, რკინის თოხი, კოლხური კერამიკისთვის დამახასიათებელი ნიმუშები (ჯამები, სასმისები, დოქები, დერგის ფრაგმენტები) და ატიკური შავლაკიანი კილიკის ყური (ბრაგვაძე 1998; 17-18). კორტების გორაზე სახლის მშენებლობის დროს დაუნგრევიათ ძვ. წ. IV საუკუნის სამახები. გადარჩენილია მხოლოდ 2 წითელი სამკუთხედებით მოხატული დოქი, რომელთაგან ერთი ინახება ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმში, ხოლო მეორე – ადგილობრივი მკვიდრის გ.მეფარიძის ოჯახში. 1996 წელს ძევრის ერთ-ერთი მკვიდრის, ჯ.ფხალაძის ეზოში შემთხვევით აღმოჩნდა ქვევრსამარხი, რომლის ინვენტარი (ბრინჯაოს ზარაკები, ბრინჯაოს საკიდები, ვერცხლის ბეჭდის თვალბუდე, ვერცხლის გიშრისთვლიანი ბეჭედი, ვერცხლის საკერებლები, სარდიონის თვალი, ბრინჯაოს სამაჯური და სეპტიმუს სევერუსის ვერცხლის მონეტა) არქეოლოგმა რ.ისაკაძემ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს (ბრაგვაძე 2003: 89). 1997 და 1998 წლებში ექსპედიციის მიერ კორტების გორაზე გაითხარა 8 სამარხი. მათგან 3 ორმოსამარხია, ხოლო 5 – ქვევრსამარხი. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია:ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, ბრინჯაოს სასფეთქლე რგოლები, ვერცხლისა და ბრინჯაოს საყურეები და საკიდები, საკერებელი ფირფიტები, ვერცხლის თვალბუდიანი ბეჭდები, ინტალიოები, სხვადასხვა სახის მძივები და ყელწიბოიანი, სადა და კოპებით შემკული დოქები. ძევრის სამარხები II-III საუკუნით თარიღდება (ბრაგვაძე 2003: 89-92). კორტების გორის ნამოსახლარისა და სამარხების არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), ხოლო შემთხვევით აღმოჩენილი ოქროს წყვილი მტევნისებური ფორმის საყურე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი ნინო 1964; ბერძენიშვილი, ფხაკაძე 1976; ბრაგვაძე 1998:17-18; ბრაგვაძე 2003:89-92; გიულდენშტედტი 1962: 303; გძელიშვილი 1953: 7; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 430; თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1971: 76-84; ისტ. დოკ. 1958: 70; კილაძე 1953: 561-568; 1953ა: 5, 6; კუფტინი 1950: 198, 199; ლორთქიფანიძე 1969: 149; საქ. არქ. 1959: 38, 45, 48, 58; საქ. არქ. 1991: 155-157; საქ. არქ. 1992: 252-254; ფუთურიძე 1959: 54-94; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 926; ქც 4: 755,6-8,11,21; ცქიტიშვილი 1953: 7, 8.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9