ყა ყვ ყი ყო ყუ
ყამ ყან ყარ ყაყ

ყარაღაჯი

(ქც 4: 524,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 524,3; 540,7; 541,5,6,9,14,20,სქ.1; 599,22; 604,28; 605,3; 606,20; 607,13; 610,15; 611,10; 612,7,20,26; 624,16; 626,28,29), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 434,18; 438,27; 439,9), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 60), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 61 82), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 67, 79), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 7, 42, 43), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 74), ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოს შესახებ (ჩელები 1978: 61), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 25, 259).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. ყარაღაჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით: „ალაზნის დასავლით არს ყარაღაჯი, სასახლე, რომელი ჰყვეს ხანთა, ვითარცა მცირე ქალაქი და შემდგომად ოსმალთა ამ ჟამთა ჰყვეს ციხე და აწ ჯერეთ ოხერ არს“ (ქც 4: 541,5,6).

ყარაღაჯში აღმოჩენილი არშაკიდებისა და სასანიდების დრაქმები მკვლევრებს ამ ადგილას თავის დროზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტის არსებობას ავარაუდებინებს (მესხია 1959: 101). ყარაღაჯი ხორნაბუჯის ერთ-ერთ უბნადაა მიჩნეული (ჭილაშვილი 1968: 63). შაჰ-აბას II-ის (1642-1666) მითითებით, ალავერდი-ხანმა კახეთში სამი ციხე ააგო: ბახტრიონის ციხე, ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთა, ხოლო მესამე ციხე უნდა ყოფილიყო ყარაღაჯის ციხე. 1657-1703 წწ. ის კახეთის მმართველი ყიზილბაში ხანების რეზიდენციაა. 1703 წ. დავით იმამყული-ხანი დაჯდა ყარაღაჯს, მაგრამ გახშირებული ლეკიანობის გამო მალე რეზიდენცია თელავში გადაიტანა (გვასალია 1986: 58-68). 1723 წ. ყარაღაჯში ოსმალები გაბატონდნენ. 1729 წ. მათ აქ ააგეს ციხე, რომელიც 1734 წ. კახელებმა დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია კედლების უსახური ნაშთები და ნაგებობათა საძირკვლები. ყარაღაჯზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც შაქსა და შირვანს, სიღნაღი – თელავი – ახმეტა – თიანეთი – ჟინვალისა და შემდეგ დარიალის ხეობის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა (გვასალია 1986: 59).

1938-1939 წწ. სოფ. ყარაღაჯში ძველი ანაგის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სამარხში აღმოჩენილ იქნა შაპურ I-ისა და არტაბან II-ის დრაქმა (ჯალაღანია 1979: 11).

1940 წ. სოფ. ყარაღაჯში აღმოჩნდა 200-ოდე ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი განძი, რომელიც შეიცავდა ჰულაგუიდ სულეიმანისა (1339-1344) და ანუშირვანის (1344-1355) ერთიან დირჰემებს. განძი უნდა დაეფლათ XIV ს-ის მესამე მეოთხედის დასაწყისში. სავარაუდოდ იმავე განძს უნდა ეკუთვნოდეს 11 ჰულაგუიდური, მონეტა, რომელიც სომხეთის ისტორიულ მუზეუმში ჯერ კიდევ 1938 წ. მოხვედრილა.

1949 წ. ყარაღაჯში კიდევ უპოვიათ ჰულაგუიდური ვერცხლის მონეტების განძი (24ც). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ღვაბერიძე 1986: 90). 1338-1359 წწ. ყარაღაჯში მოქმედებდა ზარაფხანა, რომლის პროდუქციაც მრავლადაა ცნობილი ნუმიზმატიკურ ლიტერატურაში (ღვაბერიძე 1976: 196-208; 1986: 90).

1962 წ. მიწის სამუშაოების დროს ყარაღაჯში ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახ. 1 კმ-ის დაშორებით აღმოჩნდა ფაიანსის მრავალრიცხოვანი მასალა. იქვე, შედარებით მცირე რაოდენობით თავი იჩინა მინის ჭურჭლისა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხებმა. აღნიშნული მასალა შეგროვდა ერთი შენობის ნანგრევებს შიგნით (ფიცხელაური 1963: 25). აქ გამოვლენილი ფაიანსი XVII ს-ის მეორე ნახევრითა და XVIII ს-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ფაიანსის ჭურჭლები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათში გამოირჩევა: იეზდის, მეშჰედის, ქერმანის, ქაშანის საწარმოო ცენტრებში დამზადებული ნიმუშები. მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (სიღნაღის მუზეუმი და შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) (მამაიაშვილი 1965: 52; 1976: 64-82).

ყარაღაჯში მოპოვებულია გვიანი შუა საუკუნეების მინის ნაწარმი. სუფრის ჭურჭელში გამოიყოფა ხუთი ტიპი. გარდა ამისა, იქ აღმოჩენილია დეკორატიული ჭურჭელიც (ჩხატარაშვილი 1978: 4, 49, 50, 52, 53, 59).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 61 82; ბაგრატიონი 1986: 67, 79; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 74; ბაგრატიონი დავით 1941: 7, 42, 43; გვასალია 1986: 58-62; გიულდენშტედტი 1962: 25, 259; კაპანაძე 1959: 509; მამაიაშვილი 1965: 52; 1976: 64-82; მესხია 1959: 101; ორბელიანი 1981:60; ფიცხელაური 1962: 25; ქც 2: 434,18; 438,27; 439,9; ქც 4: 524,3; 540,7; 541,5,6,9,14,20,სქ.1; 599,22; 604,28; 605,3; 606,20; 607,13; 610,15; 611,10; 612,7,20,26; 624,16; 626,28,29; ღვაბერიძე 1976: 196-208; 1986: 90; ჩელები 1978: 61; ჩხატარაშვილი 1978: 4, 49, 50, 52, 53, 59; ჭილაშვილი 1968: 63; ჯალაღანია 1979: 11.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9