ღა ღე ღო ღრ ღუ
ღებ

ღები


(ქც 4: 370,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 370,5; 649,5; 650,11,15; 651,2; 747,2; 769,1,სქ.1; 770,4), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 60), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 143), XV, XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (კაკაბაძე 1914: 126-131; მაკალათია 1987: 16-22; ბურჯანაძე 1959: 186, 196; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 243), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 105, 107, 125, 289, 291; 1964: 29, 31, 189, 217, 259).

ვახუშტი ბაგრატიონი ღების შესახებ გადმოგვცემს: „გლოლის ხევის შესართავს ზეით რიონის სამხრით არს ჭიორა, დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი. ამას ზეით, ჩდილოთ კერძოდ დაბა არს ღები, ეგრეთვე ნაშენი“ (ქც 4: 768,19,20, 769,1,2).

მდებარეობს ონის მუნიც-ში, ონიდან 35 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის სათავეებთან, მის მარცხენა მხარეს.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს-ში მეფე ალექსანდრე I დიდის (1412-1442) სიგელში (კაკაბაძე 1914: 126-131; გაბლიანი 1927: 12-18; მაკალათია 1987: 16-22). რიონის სათავეებიდან კავკასიონის მთავარ ქედზე ღებ-გლოლადან გზა გადადიოდა არდონის ხეობაში. ღებიდან და გლოლა-ჭიორიდან საცალფეხო ბილიკები გადადის დიგორში (მაკალათია 1987: 12).

ღებსა და მის მიდამოებში ადრიდანვე იქცევდა ყურადღებას შემთხვევითი მონაპოვრები. ღების ახლოს, ბრილში, ხვნის დროს მოსახლე ოყა ლობჟანიძეს რამდენჯერმე გაუხსნია ქვის სამარხები. ერთი ასეთი სამარხიდან ამოუკრეფია თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები, მცირე ქანდაკებები და მძივები. ნივთების უმეტესობა კავკავში გაუყიდია. ამ ნივთებიდან საქართველოს სახ. მუზეუმში მოხვედრილია ბრინჯაოს სამაჯური და მძივები (მაკალათია 1987: 14, საინვ. №18-26-1). 1928 წ. ღების მცხოვრებ ვასილ გობეჯიშვილს ადგილ „შოშეთში“ უპოვია ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია. ბალთა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) დაცული (ინვ. №13-28-1). ღებში შემთხვევით მოპოვებული ანალოგიური ბალთები შეუძენია პ.უვაროვას (უვაროვა 1900: 349-355).

ღებსა და მის მიდამოებში სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებია გამოვლენილი. 1936-1938 წწ. ღების ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით, ადგილ „შოშეთში“ გაითხარა ძვ. წ. III-I სს-ის სამაროვანი, 19 სამარხი. სამარხებში გამოვლინდა: კერამიკული ნაკეთობანი; ხარის ვერცხლის ქანდაკება, ბრინჯაოს ბალთები ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებით, ოქროს ბეჭდები, საყურე, სარდიონის, მინისა და პასტის მძივები, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტის მინაბაძი და სხვ.

ღების ჩრდილოეთით 10-ოდე კმ-ის დაშორებით მდებარეობს ბრილის ნასოფლარი, სადაც 1939-1961 წწ. (შიგადაშიგ შესვენებით) არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის რაჭის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.გობეჯიშვილი). იქ გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარი და სამაროვანი. აგრეთვე მეტალურგიული წარმოების ნაშთები.

შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი – ძვ. წ. III ს) გამოვლინდა შემდეგი ტიპის სამარხები: ორმოსამარხები, ქვის სამარხები, თხრილებით გარშემორტყმული მოედნები. მიცვალებულები დაკრძალულია კიდურებმოხრილი. გვხვდება წყვილადი დაკრძალვა. კრემაციულ მოედნებზე 100-მდე ინდივიდი აღინიშნა. ყველაზე ადრეულია ძვ. წ. XVIII-XIV სს-ის სამარხები, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, საკინძები, სასაფეთქლეები, დუგმისებრი კავები, ჭვირული მძივსაკიდები, რქებდახვეული ცხვრის თავის გამოსახულება, ცხვრის თავებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. ძვ. წ. XIII-VIII სს-ის სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნაკეთობანი: კოლხური ცულები, ფართოქუდიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, თოხი, ნამგალი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძისა და ძაღლის ქანდაკებები და სხვ. ძვ. წ. VII-VI სს-ის სამარხებში გამოვლენილი ნივთები ძირითადად რკინის იარაღია: ცულები, დანები. გამოირჩევა წარჩინებული პირის სამარხი, სადაც აღმოჩნდა: 7 ცული, 14 შუბისპირი, 8 სატევრისპირი, 26 საკინძი, 12 სამაჯური და სხვ. (სინ 1970: 230, 231). ძვ. წ. VI-IV სს-ის სამარხებში გამოვლენილია ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, ბრინჯაოს ე. წ. სკვითური ისრისპირები, ოქროსა და ვერცხლის საკისრე რგოლები, სხივანა საყურეები. აღსანიშნავია მინის ამფორისკის, მინის არიბალოსის, ბერძნული შავლაკიანი სკიფოსის ნატეხების, ალექსანდრე მაკედონელის მონეტების ოქროს მინაბაძისა და სხვ. აღმოჩენა (სინ 1970: 230-233, 235, 266, 268, 288-290, 293, 686-687). 1960 წ. გაითხარა აკლდამა, რომელიც ამოშენებული იყო ცალპირად ნაწყობი ქვებით. იატაკი დედაქანია. სახურავი ძელებზე დაყრდნობილი ქვის ფილებია. გეგმაში სწორკუთხაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია. სამხრეთი კედლის გასწვრივ გამართული იყო ქვის მერხი. სამარხის ცენტრში შუაში ჩაჭრილი მცირე ორმო (სამსხვერპლო) მოფილაქნებულია. აკლდამაში რამდენიმე ათეული ჩონჩხი იყო უწესრიგოდ ჩასვენებული. ნივთები მიმოფანტული იყო. ესენია: ბრინჯაოს სამკაულები, მძივები, ხვიები, სასაფეთქლეები, ძვლის ნივთები, მინიატურული ყუამილიანი ცულის იმიტაცია, სხვადასხვა ქანდაკება, კერამიკის ნატეხები. აკლდამა თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით (ბარამიძე 1961: 23, 24). იქვე, სამაროვნის ჩრდილოეთით, გაითხარა ძველი სამოსახლოს ნაშთი, რომელიც წარმოდგენილია ნაგებობათა საძირკვლების სახით – ქვის ორპირი წყობა შუაში შევსებული ხურდა ქვით. ხის კედლები შელესილი ყოფილა ბათქაშით. გამოვლინდა დანახშირებული ხის მასალა; გამომწვარი ბათქაშის ნატეხები, თიხის ჭურჭლის ნატეხები; ქვისა და რკინის იარაღები, კვირისტავები, მინის მძივები, ცხოველთა ძვლები. ნანგრევებში აღმოჩნდა მადნის დასამუშავებელი ქვები, მადნის ნატეხები. ნამოსახლარი განეკუთვნება ძვ. წ. VI-IV სს-ს (ღამბაშიძე 1960: 22, 23). ღების და ურავის მიდამოებში წლების მანძილზე რაჭის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.გობეჯიშვილი) გამოავლინა 100-ზე მეტი გამონამუშევრები, საიდანაც რამდენიმე ათასი ტონა მადანია გამოტანილი (გობეჯიშვილი 1952ა: 75-78). ჩვეშოში მიკვლეულია 18 მღვიმე-მაღარო. მოიპოვებდნენ ანთიმონის, ქალკოპირიტის, პიროტინის, კობალტის შემცველ სპილენძის მადანს. დამოწმებულია სუფთა სპილენძის მადან-იც. გამონამუშევრების სიგრძე 2 მ-დან 100 მ-დეა. ზოგიერთი მაღაროს კედლებზე ეტყობა ლითონის იარაღის კვალი. მაღაროებში გამოვლენილია მადნის სამტვრევი გრანიტის ქვის უროები, სასრესები, როდინები. გამდინარე წყალში შემონახული იყო ნახშირი, ძვლები, ნაპობები, ყავრები, ღარები, გობები, კვარის ნატეხები, რაც მადნის ადგილზე, პირველდამუშავებაზე მიუთითებს. ჩვეშურის ხეობაში უამრავი გამონამუშევარი, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ნადირის ხვრელს“ უწოდებს (გობეჯიშვილი 1961: 20, 21). ჩვეშოს ფუჭ ქანებში აღმოჩნდა II ათასწლეულის დასასრულის ბრინჯაოს სატევარი, რომელიც დადასტურებაა იმისა, რომ რიონის სათავეებში სამთამადნო საქმესა და მეტალურგიას მისდევდნენ. 1961 წ. ექსპედიციამ მიაკვლია ანთიმონის გამოხურვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფენას, სადაც გამოვლინდა კვარცის გამომწვარი ნატეხები, ქვის სამუშაო იარაღი, ხის ნაშთი, ტიგელებად ნახმარი ლითონით გაჟღენთილი თიხის ჭურჭლის ნატეხები. გადანაყარში აღმოჩნდა სპილენძის მადნისა და თვითნაბადი სპილენძის ნატეხები, დამტვრეული ქვის იარაღები. ჩვეშურის ხეობაში დადასტურდა ორი ტიპის გამონამუშევრები – ღია და დახურული (გობეჯიშვილი 1962: 21-23). XIX ს-ში რაჭაში იმოგზაურა პ.უვაროვამ, რომელმაც აღწერა ღები. ის მიუთითებდა ღებისათვის დამახასიათებელ ქვიტკირის სახლების თავისებურ ტიპზე (დუროიანი სახლი). ღების ეკლესიაში ინახებოდა ვერცხლისა და ოქროს ჯვრები, წიგნები და სხვა საეკლესიო ნივთები. ხატების უმეტესობა ეკუთვნოდა XII-XIII სს-ს. 1911-1912 წწ. ეკლესია გაიძარცვა და საუკეთესო ნივთები გაიტაცეს (თაყაიშვილი 1963: 8-19). ეკლესიაში დაცული ხატ-ჯვრების უმეტესობაზე ასომთავრული წარწერებია (ბოჭორიძე 1994: 258-260).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 60; ბარამიძე 1961: 21, 22; ბერაძე 1983: 33, 34, 49-58; ბოჭორიძე 1994: 258-268; ბურჯანაძე 1959: 177-197; გაბლიანი 1927: 12-18; გამყრელიძე 2002: 39-49; გიულდენშტედტი 1962: 105, 107, 125, 289, 291; 1964: 29, 31, 153, 189, 217, 259; გობეჯიშვილი 1952: 53-60; 1952ა: 183; 1960: 19-22; 1961: 19-22; 1962: 21-24; 1966: 16-20; დადიანი 1962: 143; თაყაიშვილი 1963: 8-19; კაკაბაძე 1914: 126-131; მაკალათია 1987: 16-22; უვაროვა 1894: 109-120; 1900: 349-355; საქ. არქ. 1959: 109-112; სინ 1970: 73, 230, 231, 253, 266, 278, 279, 731; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 243; ქც 4: 370,5; 649,5; 650,11,15; 651,2; 747,2; 769,1,სქ.1; 770,4; ღამბაშიძე 1961: 22, 23.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9