ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტოლ ტონ

ტონთიო


(ქც 4: 367,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 367,5), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 233,4), მატიანე ქართლისა (ქც 1: 290,20), მელქისედეკ კათოლიკოსის 1020 და 1031-1033 წწ. სიგელები (ქრონიკები 1897: 33; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26), 1040 წ. ბაგრატ კურაპალატის გუჯარი (ქრონიკები 1892: 185).

მდებარეობს ნინოწმინდის მუნიც-ში, მდ. ფარავნის ორივე ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ყაურმის ტერიტორიაზე (თაყაიშვილი 1909: 33, 34; ბერძენიშვილი 1985: 79, 80, 94; ვაჩეიშვილი 1996: 26).

წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ში (ქრონიკები 1897: 33). შუა საუკუნეებში აქ გადიოდა თრიალეთში, აღმოსავლეთ საქართველოსა და ირანში მიმავალი გზები (ბერძენიშვილი 1985: 98). აქვეა ტონთიოს ხიდი XVI ს-ის ბოლოს გაუკაცრიელებულა. XIX ს-ის 30-იანი წლებიდან კი სომხები ჩამოსახლებულან (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 330, 331). წყაროებში მოხსენიებულია ტონთოს სახელითაც.

ტონთიო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ყაურმის შემოგარენში, კერძოდ სოფ. ჯიგრაშენსა და ყაურმას შორის, 1970-1971 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ჯაფარიძე) ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვა, რომლის დროსაც ამ ტერიტორიაზე აიკრიფა ადრებრინჯაოს პერიოდის კერამიკის ფრაგმენტები (ჯაფარიძე ... 1974: 41).

1987 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ორჯონიკიძე) შეისწავლა ნამოსახლარი და სამაროვანი: დიგაშენი I და II. დიგაშენი II-დან 1,5 კმ-ის მანძილზე გამოავლინა გორანამოსახლარი დიგაშენი III. 1989 წ. იმავე ექსპედიციამ შეისწავლა სამაროვანი დიგაშენი IV, ხოლო დაზვერვებისას აღმოაჩინა გორანამოსახლარი.

ნამოსახლარი დიგაშენი I მდებარეობს სოფლების ყაურმასა და ჯიგრაშენს შორის, მდ. ფარავნის მარჯვენა ნაპირზე. ორფენიანი ნამოსახლარის საერთო ფართობია 100 კვმ. გამოვლინდა ადრებრინჯაოსა და გვიანბრინჯაოს პერიოდის ფენები. ორივე ფენის შენობები ოთხკუთხა გეგმისაა. ნაგებია ბაზალტის ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია. აღმოჩნდა 18 კვმ ფართობის სათავსი თიხატკეპნილი იატაკით, რომლის ცენტრში არის ოვალური ფორმის ნაცრით, კერამიკის ფრაგმენტებითა და ობსიდიანის ანატკეცებით ამოვსებული ორმო. მასალა წარმოდგენილია ბრინჯაოს საკინძით, ძვლის ნემსით, კერის სადგრის ძირის ფრაგმენტებით, რელიეფური და სხვა ორნამენტით შემკული კერამიკის ფრაგმენტებით. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით. გვიანბრინჯაოს პერიოდის ფენის მასალა შედარებით მცირერიცხოვანია და მხოლოდ კერამიკითაა წარმოდგენილი. თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით.

დიგაშენი I-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით 600 მ მანძილზე მდებარეობს დიგაშენი II, სადაც გაითხარა ერთი ყორღანი 0,5 მ სიმაღლისა და 10 მ დიამეტრის ყრილით. სამარხი კამერა ოთხკუთხაა (ფართობი 5 კვმ). მიცვალებულის ძვლები გაბნეული იყო სხვადასხვა დონეზე, რის გამოც დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა. აღმოჩნდა ხელით ნაძერწი მოშავო-მონაცრისფრო გეომეტრიული ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი; ბრინჯაოს იარაღი; სხვადასხვა ფორმის (მრგვალი, ოვალური, ბიკონოსური) მარმარილოს, სარდიონის, პასტის, ბრინჯაოს მძივები. ყორღანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ჩაშვებული სამარხი. თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით (ორჯონიკიძე 1995: 80-82). მასალა ინახება ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

სამაროვანი დიგაშენი IV მდებარეობს სოფ. ყაურმადან დასავლეთით 5-6 კმ მანძილზე, მდ. ფარავნის მარცხენა ნაპირზე. შესწავლილ იქნა 4 ორმოსამარხი და 1 ყორღანი. ორმოსამარხები ინდივიდუალურია, ოთხკუთხა ან მრგვალი ფორმის ქვამიწაყრილით, რომელსაც დაახლოებით 5 მ დიამეტრის ქვის წრე შემოუყვება. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხი ორმოები მოზრდილი ქვის ფილებითაა გადახურული. თითოეულ სამარხში აღმოჩნდა ორი-სამი მოშავო, მონაცრისფრო და შავი ფერის ვარდისფერსარჩულიანი, ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი. თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით. ყორღანს აქვს ოთხკუთხა ფორმის დაბალი ქვაყრილი (9X10 მ). ყრილის ცენტრში დასაკრძალავი კამერაა (31X0,9 მ), რომელიც დიდი ზომის ქვებითაა გადახურული. ყორღანში დაკრძალულია რამდენიმე მიცვალებული, რომელთა ძვლები ერთმანეთშია არეული. აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ისრისპირები, საკინძები, სასაფეთქლე რგოლი, ღილი, ქვის საკიდი, სარდიონისა და პასტის მძივები. თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით. მასალა ინახება ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მუმლაძე, ორჯონიკიძე 1997: 1-6).

ყაურმაში შემორჩენილია ეკლესია და ციკლოპური ციხის ნანგრევები. ეკლესია დარბაზულია (ზომა დაახ. 9X6 მ). ნაგებია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზე გაკეთებულია ოთხი ასომთავრული წარწერა: რომელთაგან ორი საამშენებლო ხასიათისაა: „ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი,“ „ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლის კათალიკოზი და შეეწიე დღესა ამას ამინ“. წარწერებში მოხსენიებულია მეფე გიორგი I (1014-1027) და მელქისედეკ კათოლიკოსი (1010-1033). თარიღდება XI ს-ით (თაყაიშვილი 1909: 33; ცისკარიშვილი 1959: 29-31; ვაჩეიშვილი 1996: 27).

ყაურმის ციხე მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით მთაზე. ციკლოპური ნაგებობაა. ციხის ფართობია დაახ. 50X20 მ. შემორჩენილია ნანგრევები (მელიქსეთ-ბეგი 1938: 61, 62; ბერძენიშვილი 1985: 94).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1985: 79, 80, 94, 95, 99; ბოჭორიძე 1992: 257; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 330, 331; ვაჩეიშვილი 1996: 26-30; 1997: 14-24; თაყაიშვილი 1909: 33, 34; მელიქსეთ-ბეგი 1938: 61, 62; მუმლაძე, ორჯონიკიძე 1997; ორჯონიკიძე 1995: 80-83; 1997: 6; როსტომაშვილი 1898: 8, 9, 69-72; საქ. არქ. 1992: 70-146; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; ქრონიკები 1892: 185; 1897: 33; ქც 1: 233,4, 290,20; ქც 4: 367,5; ცისკარიშვილი 1959: 29-31; ჯაფარიძე ... 1974: 41.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9