ქალაქი (ქც 1: 9,3; ქც 4: 310,სქ.2).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 9,3), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 310,სქ.2).
ვახუშტი ბაგრატიონი სანადიროს შესახებ აღნიშნავს: „არქევანი პირველ იყო გაჩიანი და სანადირო ქალაქი, მერმე ქაოზიანი“ (ქც 4: 310,სქ.2). არქევანისა და გაჩიანის ზუსტი ადგილმდებაროებაც ცნობილია მისთვის. გაჩიანის ადრეული სახელი X ს-ის სომეხი ისტორიკოსის უხტანესის გადმოცემით ცურტავი იყო, რომელიც მდებარეობდა ქართველთა ველზე (უხტანესი 1975: 67). ი. ლორთქიფანიძის დაკვირვებით, სანადირო ქალაქი, იგივე არქევანი-გაჩიანი-ქაოზიანი, მდებარეობდა მდ. ქციის მარჯვენა ნაპირზე, დურღაის აღმოსავლეთით. ის იყო დაბა დიდი შენობებით (ლორთქიფანიძე 1935: 284).
წყაროებში სანადირო ქალაქი პირველად იხსენიება ლეონტი მროველთან. ქართლოსის ერთ-ერთ ვაჟს გაჩიოსსა დედამ „მისცა ორბის ციხე და სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი“ (ქც 1: 9,1-3). ის მეფე ფარნავაზის (ძვ. წ. III-II სს) საზამთრო სადგომია (ქც 1: 25,18).
ქალაქი სანადირო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.